კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა

ძროხები, რომელთა შესაძენად ნახევარი მილიონი დაიხარჯა, კეტოზით დაავადდნენ?

21.05.2016 • 5005
ძროხები, რომელთა შესაძენად ნახევარი მილიონი დაიხარჯა, კეტოზით დაავადდნენ?

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯიშთა გაუმჯობესების მიზნით მაღალპროდუქტიული ძროხების შესასყიდად გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 913 ლარი დახარჯა და ძროხები ფერმერებსა თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანადაფინანსებით გადასცა. ასოციაცია „მომავლის ფერმერი“ ამბობს, რომ ჯერსის ჯიშის ძროხებს წინასწარი დიაგნოზით კეტოზი სჭირთ და იმ შემთხვევაში, თუ ძროხებს დროულად არ უმკურნალეს, მათ შესაძლოა გამრავლების ფუნქცია დაკარგონ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლევის შედეგებს არ ეთნხმება, თუმცა ალტერნატიული კვლევა სამინისტროს აქამდე არ ჩაუტარებია.

ჯერსის ჯიშის ძროხები, რომლებიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯიშთა განახლების მიზნით, გასული წლის ბოლოს შეისყიდა და თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, კეტოზით დაავადდნენ. დაავადების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ვეტერინარებმა ხულოში ამ ჯისის ძროხების მდგომარეობა შეისწავლეს და დასკვნა მოამზადეს.

ასოციაციის მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ მათ ძირითადად რამდენიმე ძროხის მდგომარეობა ხულოში კეტოზსა და მასტიტზე, რძის სპეციალური ტესტ-ჩხირებით გამოიკვლიეს. გამოკვლევამ კი ძროხებში, წინასწარი დიაგნოზით, კეტოზის რთული ფორმა გამოავლინა.

„ფერმერთა მიერ წარმოდგენილი რძის ტესტირების შედეგმა ძროხების ორგანიზმში კეტონური სხეულების დაგროვება, ანუ კეტოზ-ავადმყოფობა აჩვენა, რომლის შემდგომი გართულებაა ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, გულის, თირკმლების დაზიანება,“ – ამბობს ვეტერინარი.

სპეციალისტის განმარტებით, კეტოზი ძალიან რთული დაავადება.

ასოციაციის მთავარი ვეტერინარი ჯერსის ჯიშის ძროხების დაავადების ერთ-ერთ მიზეზად ფერმერების არასაკმარის ცოდნას ასახელებს.

„სამინისტროს მხრიდან ამ პროგრამის განხორციელება მისასალმებელი ფაქტია, თუმცა ფერმერებმა თავიანთი მეურნეობა მომგებიანად რომ წარმართონ, მათ უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ძროხის არსებული ჯიშების სამეურნეო-ბიოლოგიურ თავისებურებებზე. აგრეთვე უნდა იცოდნენ, თუ რა კრიტერიუმებს დაეყრდნონ ამ საკითხის გადაწყვეტისას, ეს პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ცოდნას და არა საეჭვო მოსაზრებებს,“ – ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.

ვეტერინარის თქმით, კეტოზი დღეს მსოფლიოში მაღალპროდუქტიული ძროხების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მას კონცენტრირებული საკვებით ხშირი კვება, მზის სხივების ნაკლებობა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა განაპირობებს. გამრავლების ფუნქციის მოშლასთან ერთად, ეს დაავადება ძროხებში რძის შემცირებასა და სიკვდილიანობას იწვევს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვნადაა დარღვეული ნივთიერებათა ცვლა და სისხლში კეტონური სხეულების დონე. დაავადება ძროხებში მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. ქვემწვავე კეტოზის დროს ძროხა წველადობას 50%-ით და უფრო მეტით ამცირებს, მძიმე შემთხვევებში კი, ზოგიერთ ძროხას შეიძლება სარძევე ჯირკვალში რძის წარმოქმნა საერთოდ შეუწყდეს.

„მომავლის ფერმერის“ ვეტერინარების რეკომენდაციით, თუ ძროხების გადაყვანა დროულად მოხერხდება კარგ საძოვარზე ან მათ მიეცემა მაღალი ხარისხის იონჯა [შეიძლება თივაც] დაბალანსებულ საკვებთან, შესაძლებელია მდგომარეობა 7-8 კვირაში გამოსწორდეს.

ჯერსის ჯიშის ძროხებისა და მათი რძის ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც სამინისტროს ბაზაზე არსებულ აგროსერვისცენტრის ვეტერინარებს. მეტიც, ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ძროხების კეტოზით დაავადებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ ძროხები დაავადებული არ არიან, ამის დასტურად კი ძროხების მაკეობა მოჰყავს. მინისტრის მოადგილის თქმით, 57 ძროხიდან შვიდი მაკეა, დაავადებულ ძროხას კი ეს არ შეუძლია.

„ასოციაცია „მომავლის ფერმერმა“ რა დასკვნაც დადო, არ ვეთანხმები. შეიძლება დავეთანხმო, მაგალითად, იმ საკითხში, რომ მზის სხივი დროულად ვერ მიიღო ზამთარში, გარეთ ვერ გამოჰყავდათ ძროხები, რადგანაც მაღალმთიანეთში თოვლი იყო, მაგრამ ახლა გარეთაც უშვებენ,“ – ამბობს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ იალაღებზე გადაყვანამდე ძროხების მდგომარეობას სამინისტრო შეისწავლის.

„მაისში, ვიდრე ფერმერები მთაში გადარეკავენ საქონელს, მონიტორინგს ჩავატარებთ, შეიძლება თუ არა ამ ძროხების მთაში გადაყვანა. რძეს ლაბორატორიულად შევამოწმებთ და თუ რაიმე პრობლემა გამოიკვეთება, შესაბამის ღონისძიებას გავატარებთ.“

სულიკო ბერიძე ამბობს, რომ ვიზუალურად კეტოზის დაავადების გამოვლენა შეუძლებელია, თუმცა კითხვებზე: თუ სამინისტროს ვეტერინარებს რძის ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებიათ, რატომ არიან დარწმუნებული, რომ ძროხები დაავადებული არ არიან? რატომ არ ჩაუტარდა კვლევა ძროხებს ასოციაციის კვლევის გასაჯაროების შემდეგ? მინისტრის მოადგილემ უპასუხა:

„ლაბორატორიული კვლევაა საჭირო, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს ძროხები დაავადებული არ არიან, ნახევარი მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ჩათვალეთ, რომ ეს საქონელი ამ წლის ბოლომდე მაგ თანხაზე მეტს ამოიღებს, 22-27 ლიტრას იწველის დღის განმავლობაში“.

ჯერსის ჯიშის 75 ძროხა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით გასულ წელს „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. ძროხები აჭარის რეგიონში არსებულ 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და 8 ფერმერს სახელმწიფოს 80%-იანი თანადაფინანსებით გადასცეს.

პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში – 45,  ქედასა და შუახევში – 10, ხოლო ხელვაჩაურსა და ქობულეთში 5 ძროხა გაიცა. ერთი ძროხის შესასყიდად სამინისტრომ ღირებულების 80% ანუ 5332, ხოლო ფერმერმა 20 % – 1333 ლარი გადაიხადა.

ჯერსის ჯიშის ძროხები

ჯერსის ჯიშის ძროხა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: