მთავარი,მთიანი აჭარა

ტურიზმი მახუნცეთში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფონზე

25.04.2016 • 2481
ტურიზმი მახუნცეთში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფონზე

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი ტურისტი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს ჰყავდა. ვიზიტორთა სიმრავლის მიუხედავად, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო.

თამარის ხიდთან და მახუნცეთის ჩანჩქერთან მისულ ტურისტებს ძველი, უსახური შენობები, გაუმართავი საპირფარეშოები თანმდევი ანტისანიტარიით და საცხოვრებელი კორპუსების შელახული ფასადები ამ გაზაფხულზეც დახვდება. პრობლემას აქ არასრულყოფილი გარეგანათებაც ქმნის – თამარ მეფის ხიდზე საერთოდ არ არის გარეგანათება.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების ეზოში განთავსებული სათავსოებისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟი ქედის გამგეობამ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, საკრებულოს გადაწყვეტილებით განახორციელა. მაშინ გამგეობა იქ მცხოვრებ ოჯახებს შეშის შესანახი თანამედროვე სათავსოების გაკეთებას აიძულებდა, თუმცა დემონტაჟის შემდეგ მოსახლეობამ იმავე ტერიტორიაზე, დანგრეული სათავსოების ადგილზე, ალაგ-ალაგ ისევ ნახევრად გადახურული საშეშეები მოაწყო.

მახუნცეთის ჩანჩქერთან, დაახლოებით 20-30 მეტრში, სასტუმროს მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ივნისში 847,80 კვ.მ არსებული შენობა-ნაგებობა 1 045 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად 20 450 დოლარად აუქციონზე პირობითად გაყიდა. უკრაინელ ინვესტორს აუქციონზე ნაყიდ ტერიტორიაზე 80 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, მინიმუმ 10-ნომრიანი სასტუმრო 12 თვის განმავლობაში უნდა აეშენებინა და 24 თვის განმავლობაში გაეხსნა კიდეც. ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 10 თვე გავიდა, თუმცა ტერიტორიის ახალმა მფლობელმა მშენებლობა აქ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ადგილი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს

ადგილი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს

როდის დაიწყება კეთილმოწყობითი სამუშაოები მახუნცეთში? ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ დაბა მახუნცეთის ტერიტორიის გენგეგმაზე მუშაობენ. მისი თქმით, პროექტის მოსამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო და ტენდერს მალე გამოაცხადებენ. ქედის გამგებლის გათვლებით, გენგეგმის განხორციელებას მახუნცეთში 2 მილიონამდე ლარი დასჭირდება. დავით დუმბაძე ვარაუდობს, რომ პროექტის განხორციელებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებენ.

„წინა წლებში ჩვენ ჩანჩქერთან მისასვლელი გზა მოვაწესრიგეთ, გაკეთდა ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი, დაიდგა ურნები, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ წყლის სისტემის მოწესრიგებასა და პროექტის შემუშავებაზე, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ. გენგეგმის დაპროექტების სატენდერო პირობებში ჩავდებთ მოთხოვნას: იმ შემთხვევაში, თუ პროექტში ცდომილება აღმოჩნდება, დამპროექტებელი ვალდებული იქნება პროექტი გაასწოროს, პროექტის მოსამზადებლად 70 000 ლარი გავითვალისწინეთ. მე მინდა მახუნცეთი სიღნაღის დონეზე გაკეთდეს, ეს შესაძლებელია“, – ამბობს გამგებელი.

დავით დუმბაძის თქმით, გენგეგმაში კორპუსების ფასადების მოწესრიგება, პარკისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, გარემოვაჭრეებისთვის ჯიხურების გაკეთება, კაფე-ბარებისა და თონის მოწყობა გაიწერება.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია

„ამ ტერიტორიაზე კორპუსებში მცხოვრებთა მცირე ნაწილს ფართობი მიშენებული აქვს, დიდ ნაწილს – არა, მოსახლეობა მოითხოვს შავი სამუშაოები თანადაფინანსებით გავუკეთოთ. ვფიქრობ, ამოშენებულ ფასადს ჩვენ მოვაწესრიგებთ, შიდა ნაწილს კი, როგორც მათ სურთ, ისე გააკეთებენ. გარევაჭრობა ცივილიზებულ სახეს მიიღებს, კაფეები მოეწყობა, იქნება სოფლის პროდუქტებისთვის განკუთვნილი მაღაზია, მოეწყობა ტურისტული ცენტრი, ასევე იქნება ღვინისა და სუვენირების მაღაზია. რაც შეეხება სველ წერტილებს, არსებულს შევცვლით და ერთს დავამატებთ, ჩანჩქერთან მისასვლელ გზაზე დაემატება გარეგანათება,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, თამარის ხიდთან მისვლამდე ადგილობრივები ქილებით თაფლს, მურაბას, ჩურჩხელასა და ტყლაპს ყიდიან. მახუნცეთის ჩანჩქერისა და თამარ მეფის ხიდის სანახავად ამოსული ტურისტი მახუნცეთის დათვალიერებას სწორედ ამ ადგილიდან იწყებს და შემდეგ ჩანჩქერზე ინაცვლებს. ცენტრალური გზიდან თამარის ხიდთან ჩასასვლელი გზის მხოლოდ ის ნაწილია მოპირკეთებული, სადაც ადგილობრივები ტკბილეულს ყიდიან. ერთ-ერთი მოვაჭრის, მზევინარის თქმით, „დღის განმავლობაში ბევრი ავტომობილი ჩერდება, ეს კი მტვერს იწვევს. ჩვენ, ვინც აქ ვვაჭრობთ, გზის ნაწილი დავასხით, კარგი იქნება, თუ მთლიანად დაასხმება“.

maxunceTi (5)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: