მთავარი,მთიანი აჭარა

სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში

17.04.2016 • 1996
სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობა შეჩერებულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სოციალური სახლის მშენებელ შპს „ხიდთან“ გაუქმებული ხელშეკრულება გახდა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წლის 27 ნოემბერს შეუწყვიტა, შესაბამისად, პროცესი მას შემდეგ არ განახლებულა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სწავლობენ, თუ რა სახის სამუშაოები შეასრულა კომპანიამ და რა დარჩა გასაკეთებელი, ხოლო მოკვლევის დასრულების შემდეგ სამინისტრო დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს.

შპს „ხიდს“ შესრულებული სამუშაოებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ სულ 2 მილიონ 425 000 ლარი ჩაურიცხა. რაც შეეხება ხარისხის უზრუნველყოფის თანხას, რაც შესრულებული სამუშაოების 3%-ს შეადგენს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში 75 929 ლარს აღემატება, კომპანიისთვის სამინისტროს ჯერ არ ჩაურიცხია. ჩაურიცხავს თუ არა ამ თანხას სამინისტრო კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის შეუწყვიტა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა სამინისტრო შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესწავლას დაასრულებს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საბინაო პირობების უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარედ, 72-ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარი აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და ტენდერი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. 72-ბინიანი კორპუსის ასაშენებლად ხელშეკრულება სამინისტრომ „ხიდთან“ 3 მილიონ 253 993 ლარზე გააფორმა.

აღნიშნულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით ხულოს გამგეობას 83-მა ოჯახმა მიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: