მთიანი აჭარა

43 დაჯარიმებული კომპანია ხულოში

13.03.2016 • 2966
43 დაჯარიმებული კომპანია ხულოში

2015 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 43 კომპანია დააჯარიმეს. საჯარიმო სანქცია გამგეობამ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის გაატარა. გარდა ჯარიმისა, ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წელს ხულოს გამგეობამ ორ კომპანიასთან შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი ორივე კომპანია შავ სიაში გადაიყვანა. კომპანიების ჯარიმის საერთო რაოდენობამ გასულ წელს ხულოში 85 866 ლარი შეადგინა.

ინდმეწარმე „ბაჩი ბოლქვაძე“ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის შავ სიაში 5 იანვრიდან ირიცხება. ინდმეწარმის შავ სიაში მოხვედრის მიზეზი ის შეუსრულებელი სამუშაო გახდა, რაც გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით აიღო და არ განახორციელა.

ხულოს გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე ამბობს, რომ ინდმეწარმე „ბაჩი ბოლქვაძეს“ 2015 წელს ხულოში ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ჰქონდა აღებული, მათ შორის ერთ-ერთი ძვირადღირებული, 299 731-ლარიანი ინფრასტრუქტურული პროექტი – სანიაღვრე არხების მოწყობა იყო.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს სანიაღვრე არხები 15 ნოემბრამდე უნდა გაეკეთებინა, თუმცა სამუშაოები საერთოდ არ დაიწყო – ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ხულოში გასულ წელს ჩავარდა. ზაზა აბულაძის თქმით, სანიაღვრე არხების გარდა მას სოფელ განახლების მიმართულებით კიბეები უნდა მოეწყო, რაც ნაწილობრივად შეასრულა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 ნოემბერს აცნობა, რომ „ბაჩი ბოლქვაძემ“ 2015 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და მეწარმესთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამის საფუძველზე შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ინდმეწარმე შავ სიაში შეიყვანა.
ხულოს გამგეობამ ხელშეკრულება 2015 წელს შპს „Aრცჰიტეცტურალ Hოუსე“-საც შეუწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ამ კომპანიასთანაც ტენდერით აღებული სამუშაოების შეუსრულებლობა გახდა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 18 ნოემბერს 7 779 ლარზე გამოაცხადა. პროექტების მოსამზადებლად ხელშეკრულება ხულოს გამგეობასა და შპს „Aრცჰიტეცტურალ Hოუსე“-ს შორის 4 718 ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულებით კომპანიას სოფლებში: საციხურში, უჩხოში, ქედლებში, ბეღლეთსა და ხიხაძირში სპორტულ მინიმოედნებზე ხელოვნური საფარის მოსაწყობად, სოფელ ვერნებში წყალსადენის რეაბილიტაციისა და სოფელ დანისპარაულის ადმინისტრაციული შენობის ბაგა-ბაღად გადაკეთების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 25 დეკემბრამდე უნდა მოემზადებინა. კომპანიამ პირობა არ შეასრულა. ამიტომ სააგენტომ ის შავ სიაში გადაიყვანა.

2015 წელს ხულოში 21 შპს და 22 ინდმეწარმე დააჯარიმეს. დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა: შპს „დიოკნისი“, რომელმაც გასულ წელს სოფელ ღურტაში საბავშვო ბაღი ააშენა; შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“, რომელმაც სოფელ ქედლებში საბავშვო ბაღის მშენებლობა და დაბის წყალსადენების რეაბილიტაცია დააგვიანა; 2015 წელს 1360 ლარით დაჯარიმდა შპს „თამუნა“, რომელმაც სოფელ ვერნებში მოსაცდელი გააკეთა. დაჯარიმდნენ ინდმეწარმეები: ბექა აბაშიძე, ვაჟა ქამადაძე, ვახტანგ სურმანიძე, თემურ ჯაიანი, მურმან ჯორბენაძე, ნოდარ ზოიძე… სულ 22 ინდმეწარმე.

გასულ წელს ყველაზე მეტი თანხით – 12081.63 ლარით შპს „ლაპოტი 2012“ დაჯარიმდა, რომელსაც მოსდევს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ – 10244.88 ლარით. ყველაზე ნაკლები – 13 ლარითა და 11 თეთრით ინდმეწარმე ვახტანგ სურმანიძე დაუჯარიმებიათ; 17 ლარით და 30 თეთრით კი ინდმეწარმე იგორ ხალვაში დაჯარიმდა.

რატომ ვერ ასრულებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კომპანიები ხულოში დროულად? – დაჯარიმებულ კომპანიათა დირექტორების უმრავლესობამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. დაჯარიმებულ შპს „ტერა“-ს დირექტორი თემურ ცეცხლაძე კი ამბობს, რომ ერთადერთი ხელშემშლელი ფაქტორი კლიმატური პირობებია. კომპანიის დირექტორის თქმით, სხვა ბარიერი არ არსებობს.

„გასულ წელს რამდენიმე ობიექტი მქონდა ხულოში ტენდერით აღებული, მათ შორის სოფელ დიდაჭარაში სტადიონის მოწყობა. ამ ობიექტზე დავჯარიმდი, ჯარიმის მიზეზი ვადაგადაცილება იყო. მშენებელმა, ვინც დაქირავებული მყავდა, დროულად არ ვერ შეასრულა სამუშაო, ჯარიმა 1000 ლარამდე იყო“, – ამბობს თემურ ცეცხლაძე.

ზაზა აბულაძე გასულ წელს შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით შესრულების ხარისხი გაზრდილია: „მართალია, წინა წლებთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შესრულების ხარისხი მაღალია, მაგრამ არ არის კარგი, როცა 82 შემსრულებლიდან 43 ჯარიმდება. 2015 წელს ზოგიერთმა კომპანიამ სამი დღით, ზოგიერთმა ერთი კვირით, ზოგიერთმაც ერთი თვის დაგვიანებით დაასრულა ობიექტი. კომპანიები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ დააჩქარებენ სამუშაოებს და უხარისხოდ შეასრულებენ. ყოველ შემთხვევაში, ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შესრულების ხარისხზე დაწერილ დასკვნას ვითხოვთ, რის საფუძველზეც მიმღები კომისია ობიექტს იბარებს“.

ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო 2010 წელს კომპანიების დაჯარიმებით მიღებული თანხა ხულოს მუნიციპალიტეტში 419 ლარი იყო, 2011 წელს – 416.22, 2012 წელს – 10 729.34, 2013 წელს – 6450.26, ხოლო 2014 წელს – 72 105.87 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: