მთავარი,მთიანი აჭარა

ვინ მიიღებს ნერგებს აჭარაში

25.02.2016 • 2367
ვინ მიიღებს ნერგებს აჭარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გასაშენებლად წელს მილიონ 613 085 ლარს დახარჯავს. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან 80% თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს დაურიგებენ, რომლებსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა მოეპოვებათ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მრავალწლოვანი კულტურების ფერმერთა და მეწარმეთა უზრუნველყოფის~ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბაღების გასაშენებლად ფერმერებს წელს თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვისა და ნაადრევი მანდარინის ნერგებს თანადაფინანსებით გადასცემს. სამინისტრო ამ პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები იცვლება, – ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს მისცემენ, რომლებიც კაკლის, მოცვისა და მანდარინის მინიმუმ 1000 მეტრზე, თხილის გაშენებას კი 2000 მეტრზე გეგმავენ. ის ფერმერი კი, ვისაც 1000 მეტრზე ნაკლებ ნაკვეთზე სურს ბაღების გაშენება, პროგრამაში ვერ ჩაერთვება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ სამინისტრო კაკლის, მოცვისა და თხილის ნერგებს გაზაფხულზე, მანდარინის ნერგს კი შემოდგომაზე გასცემს.

იმისთვის, რომ ფერმერი თუ აგრომეწარმე სამინისტროს მიზნობრივ პროგრამაში ჩაერთოს, სახელმწიფოსგან 80%-იანი თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ბაღი გააშენოს, მან განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან შესაბამის მუნიციპალიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებს წერილობით 5 მარტამდე უნდა უნდა მიმართოს. 5 მარტის შემდეგ სამინისტრო განცხადებებს არ განიხილავს.

ნერგებთან ერთად ფერმერები წელს ბიოორგანულ სასუქს, წვეთოვან სარწყავ სისტემას და მულჩიფირსაც მიიღებენ. „ფერმერები, რომლებსაც მოცვისა და კაკლის ნერგები გადაეცემათ, მინერალურ და ორგანულ სასუქთან ერთად წვეთოვან სარწყავ სისტემას მიიღებენ, ხოლო ფერმერს, რომელიც მოცვის ნერგს მიიღებს, სასუქთან, სარწყავ სისტემასთან ერთად მულჩიფირიც გადაეცემა“, – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

თუ ფერმერს მხოლოდ ნერგი და ორგანული სასუქი გადაეცემა, ის ნერგისა და სასუქის მთლიანი ღირებულების 20%-ს გადაიხდის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში ფერმერს მხოლოდ ნერგი არ გადაეცემა.
სამინისტროს გათვლით 1000 მეტრზე 330-350 ძირი კაკალი, 3350 მოცვი და 100 ძირი მანდარინი უნდა გაშენდეს. შესაბამისად, ნერგის გაცემისას სამინისტრო ამ პრინციპით იხელმძღვანელებს – გასაშენებელ კულტურას ამის მიხედვით დაითვლის. რაც შეეხება თხილს, იქედან გამომდინარე, რომ თხილის ნერგი 2000 მეტრ ნაკვეთზე დასარგავად გაიცემა, სამინისტროს გათვლით, ამ ფართობზე 500 ძირი უნდა დაირგოს. სამინისტრო წელს იმდენ ნერგს შეისყიდის, რომ მთლიანობაში 82 ჰექტარზე თხილი, 76,8 ჰექტარზე კაკალი, 6 ჰექტარზე მოცვი, 7 ჰექტარზე მანდარინი გაშენდეს.

პროგრამულად ასევე გათვლილია რამდენი დაუჯდება ფერმერს, მაგალითად, 1000 მეტრზე მანდარინის, ხოლო 2000 მეტრზე თხილის გაშენება: მანდარინის გასაშენებლად ფერმერს არაუმეტეს 1540 ლარი, კაკლის – 1630 ლარი, თხილის – 668 ლარი, მოცვის გასაშენებლად კი 6 989 ლარი დასჭირდება. ამ თანხაში შედის ბიოორგანული სასუქი, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და მულჩიფირიც. სამინისტრო ნერგებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

„იქედან გამომდინარე, რომ ნერგებს ტენდერით შევისყიდით, შესაძლოა მომწოდებელმა ნაკლებ თანხაში მოგვაწოდოს. შესაბამისად, დაიკლებს ფერმერის გადასახადი წილიც.

ნერგის ხარისხი მაქსიმალურად გაკონტროლდება, მხოლოდ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ ნერგს შევისყიდით. მომწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს სატენდერო კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ჩვენი წარმომადგენელი დაათვალიერებს სანერგე მეურნეობას, შემდეგ სპეციალისტები დაწერენ დასკვნას, შეესაბამება თუ არა მოცემული მეურნეობის წარმოება სტანდარტებს, რის შემდეგაც ნერგს შემოიტანა. ამ დროისთვის მოცვის მომწოდებელი გამოკვეთილია, ბელორუსიდან შემოგვაქვს. რაც შეეხება კაკლისა და თხილის ნერგებს, ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ არ დასრულებულა. ფერმერებს აგროსერვისცენტრის სანერგე მურნეობაში გამოყვანილ მანდარინის ნერგებს გადავცემთ“. – ამბობს ჯამბულ აბულაძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით მხოლოდ ის ბენეფიციარები ისარგებლებენ, ვისაც მიწა რეგისტრირებული აქვს. თუ ფერმერს მიწის საკუთრების შესაბამისი ცნობა არ მოეპოვება, შეუძლია წარადგინოს საკომლო ჩანაწერი, ან არქივში დაცული ცნობა იმის შესახებ, რომ ის მიწის მესაკუთრეა.

„ბაღების გაშენებას ისე ვერ დავაფინანსებთ, თუ არ გვეცოდინება ვინ არის კანონიერი მფლობელი. რეგიონში არის მიწის საკუთრების პრობლემა, ამიტომ გავითვალისწინეთ არსებული ვითარება და გვაქვს შეღავათიც: ვისაც მიწა არ აქვს დარეგისტრირებული, შეუძლია წარმოადგინოს საარქივო მასალებში დაცული ცნობა“, – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

ვინ მიიღებს ხეხილის ნერგებს ბიოორგანულ სასუქებთან და სარწყავ სისტემასთან ერთად სახელმწიფოსგან მინიმალურ ფასად, ამაზე სამინისტროში იმსჯელებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი შესაბამისი კომისია გამოიტანს. ჯამბულ აბულაძის თქმით, კომისია, რომელმაც პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები უნდა შეარჩიოს, საჯარო მოხელეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ნერგების გადაცემამდე შერჩეულ ბენეფიციარებს 10-დღიანი ვადა მიეცემათ იმისთვის, რომ ნაკვეთები სათანადოდ მოამზადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო მათ ნერგებს არ მისცემს.

„ბენეფიციარებმა ათი დღის განმავლობაში ნაკვეთი უნდა შემოღობონ და ნერგის ჩასარგავი ორმოები გააკეთონ. თუ კაკალი უნდა გაშენდეს, ნაკვეთის სიახლოვეს წყალი უნდა იყოს, მორწყვის პრობლემა რომ არ შეიქმნას. ანალოგიური მოთხოვნა არის მოცვთან მიმართებაშიც“.

თანადაფინანსებით ნერგებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიც მიიღებს, თუმცა თხილის შემთხვევაში კოოპერატივმა მინიმუმ 6000 მეტრზე უნდა გააშენოს ნერგები. აქვე დადგენილია ზედა ზღვარიც, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მხოლოდ 5 ჰექტარ ფართოზე დაუფინანსდება თხილის ნერგი, კაკლის ნერგი – 3000 მეტრიდან 5 ჰექტრამდე, მოცვის – 2000-5000 მეტრზე და მანდარინი 3000-5000 მეტრზე.

„ერთ ფერმერს შეუძლია მიიღოს როგორც თხილის, ასევე კაკლის, მოცვისა და მანდარინის ნერგი, თუ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა გათვალისწინებული იქნება ტერიტორიული პრინციპიც, ყველა თემი და ხეობა რომ მოვიცვათ. ყველაზე მეტი მოთხოვნა ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებზე მოდის, განსაკუთრებით თხილისა და კაკლის ნერგებს ითხოვენ“, – ამბობს დეპარტამენტის უფროსი.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე თანადაფინანსებით ფერმერებს სულ 116 000 ძირი თხილის, კაკლის, მოცვის, ხურმისა და კივის ნერგები დაურიგდათ და 213 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: