მთიანი აჭარა

გაზიფიცირების პრობლემები ქედასა და ქობულეთში

09.08.2015 • 2654
გაზიფიცირების პრობლემები ქედასა და ქობულეთში

 

ქედა
ქედა

ზამთრისთვის გამზადებული შეშა ქედის ქუჩებში პოლიეთილენის პარკებშია მოთავსებული, მოსახლეობა ამ გზით თითქმის ოთხი წელია ცდილობს შეშა მშრალად შეინახოს. 


2010 წელს, როდესაც სახელმწიფომ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დაასახელა, ქედის ქუჩებში არსებული სათავსოები, დამხმარე ნაგებობები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსახურ შენობებად მიიჩნია და მოსარგებლეებს მათი დემონტაჟი აიძულა. ქედის მაშინდელი გამგებელი, ირაკლი ბარამიძე აცხადებდა, რომ საშეშეების არსებობა მაღალმთიანეთში საჭირო არ იყო, რადგან რამდენიმე თვეში დაბის გაზიფიცირება დაიწყებოდა. მას შედეგ წლები გავიდა, მაგრამ არც მუნიციპალიტეტის გაზიფიკაციას უჩანს პირი და ვერც სათავსოების ხელახალი მოწყობის ნებართვა მიიღო მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ ქედის გაზიფიცირების პროექტი აქტიურად განიხილება. გამგებელი იმედოვნებს, რომ გაზიფიკაციის პროექტი 2015 წლის ბოლომდე მომზადდება, მომავალი წლიდან კი დაბა და მიმდებარე სოფლები ბუნებრივი აირის მაგისტრალებით დაიქსელება.

„ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება ქედის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხი, რომელიც ქედასთან ერთად შუახევის გაზიფიცირებასაც მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიონი ლარია. ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა ბათუმის გვერდის ავლით დაიწყება – ცალკე ხაზი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ამოვა. საპროექტო სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სახელმწიფო მხოლოდ დაბების გაზიფიცირებას დააფინანსებს. რაც შეეხება სოფლებს, სამომავლოდ სოფლებში გზები მოწესრიგებული იქნება და მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სავარაუდოდ პრიორიტეტად გაზიფიცირებას დაასახელებს. შესაბამისად, ამ პროგრამის მეშვეობით დაიწყება მაგისტრალთან ახლოს მდებარე სოფლების გაზიფიცირება. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება რამდენიმე წელს მოიცავს. რაც შეეხება საშეშეებს, ამის საჭიროება არ იქნება – დაბა ქალაქის ტიპის დასახლებაა და არ არის სასიამოვნო დამხმარე ნაგებობები მოეწყოს“, – განაცხადა ქედის გამგებელმა.

 

დავით დუმბაძის თქმით, ის სათავსოების მოსაწყობად ნებართვას მხოლოდ მაშინ გასცემს, როდესაც გაზიფიცირების შემდეგ სათავსოების მოწყობის აუცილებლობა მაინც დადგება. გამგებელი იმასაც დასძენს, რომ მანამდე აუცილებელია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს იურიდიული სტატუსი მიენიჭოს და მათ სარგებლობაში არსებული მიწები გაიმიჯნოს.
დავით დუმბაძე: „ბევრი ბინა დაურეგისტრირებელია, არ აქვს პრივატიზაცია, არ არის ჩამოყალიბებული ამხანაგობები, ეს კი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პრობლემას ქმნის. ვის მივცე მშენებლობის ნებართვა? თუ ეს ყველაფერი კანონიერ ჩარჩოებში არ მოექცა, ნებართვას ვერ გავცემ. მინდა ბუნებრივი აირის საკითხი მოგვარდეს. რაც შეეხება ეკომიგრანტების საცხოვრებელ სახლს – აქ მცხოვრებლებმაც სთხოვეს მინისტრს სათავსოების მოწყობა. ეს სახლი როგორც დაკანონებულია, ისე ამხანაგობაც აქვთ შექმნილი, მაგრამ თუ ამ საცხოვრებელ სახლს მივცემ სათავსოების მოსაწყობად ნებართვას, ეს სხვებში გაუგებრობას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ სათავსოების მოწყობის საკთხი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც ყველა კორპუსის პრობლემა მოგვარდება“.

 

ქობულეთის სოფლები მაგისტრალურ გაზსადენთან გაზის გარეშე


გაზი
გაზი

„აჭარაში ბუნებრივ გაზზე მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით და შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა საკუთარი სახსრებით განახორციელოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებები.

 

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ გაზსადენთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი მუშაობა, თუმცა დეტალებზე ჯერ საუბარი ნაადრევია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალები არც ქობულეთის გამგეობისთვისაა ცნობილი. გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც აჭარის მთავრობასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აქვთ.

 

„რას გადაწყვეტენ ახალი პროექტით და სად გაივლის გაზსადენი, კონკრეტულად არ ვიცით. ჩვენ მოკვლევა დაგვავალეს და გადავეცით იმ სოფლების სია, რომლებთანაც ძველი მაგისტრალი ახლოს გაივლის,“ – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, ე.წ. ცენტრალური მაგისტრალების აღდგენას სახელმწიფო დააფინანსებს და შემდეგ შესთავაზებენ ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს, მათ მოახდინონ სოფლების დაქსელვა და აბონენტების გამრიცხველიანება/ქსელზე დაერთება: „გარკვეულ ადგილებამდე მივიყვანთ მილებს და შემდეგ კომპანიები დაქსელავენ სოფლებს. ამით მათ, ასე ვთქვათ, გავუადვილებთ საქმეს, სოფლებში – ხალაში, ცეცხლაძეებში, ჯიხანჯურში კი დაჩქარდება გაზიფიცირება. ცენტრალური მილი უკვე შეყვანილია ხუცუბანშიც”.

 

სულხან ევგენიძის თქმით, 2016 წლამდე უნდა დასრულდეს სოფლების: ხუცუბნის, ქვედა სამების, ზედა სამების, ბობოყვათის, ქვედა დაგვასა და ზედა დაგვას გამრიცხველიანება.

 

რაც შეეხება ბუკნარს, საჩინოსა და დაბა ჩაქვს [ასევე ციხისძირში 70 ოჯახს], სადაც დაქსელვა/გამრიცხველიანება დასრულებულია, მილებს შეამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დააერთებენ აბონენტებს.

 

„დაბა ოჩხამური უკვე დაქსელილია, თუმცა მიმდინარეობს წყალგაყვანილობის სამუშაოები და როცა ეს დასრულდება, შემდეგ გაზგაყვანილობის მილებს კვლავ გადაამოწმებს „სოკარი“ და ჩართავს გაზს. ზედა ოჩხამურშიც გაკეთებულია მილები სოფლის პროგრამის ფარგლებში. უკვე გადავცემთ ბალანსზე „სოკარს“ და ის დაქსელავს,“ – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის სხვა სოფლებში [განსაკუთრებით, იმ სოფლებში, რომლებიც დაშორებულია ცენტრალურ გაზსადენს] მიმდინარე და მომავალ 2016 წელშიც ამ კუთხით რაიმე პროექტის განხორციელება დაგეგმილი არ არის. არსებობს გეგმა, რომლითაც აჭარის გაზიფიცირება 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: