მთიანი აჭარა

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

01.07.2015 • 2991
აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოსახლეობა ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფლის დასახლებულ პუნქტთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და სოფლის საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოვიდა. ინერტულ მასალას აქ ოთხი კომპანია მოიპოვებს. მოსახლეობამ ინერტული მასალისთვის აფეთქებითი სამუშაოებს აპროტესტებს სოფელ ჭინკაძეებშიც.

მთას სოფელ კვირიკეს დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში აფეთქებენ. აჭარის გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია აქ სამ კომპანიას – „ქობულეთი მ-ს“, „ჯორჯიან ტრანსის“ და „ლიბერთის“ აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ინერტული მასალის მოპოვება სამი თვის ვადით, მთავრობის განკარგულებით, შპს „ფერისაც“ მიეცა.

ინერტული მასალის გატანა სოფლიდან 2012 წელს შპს „ლიბერთიმ“ დაიწყო. მას შემდეგ მასალის გატანის უფლება სხვა კომპანიებმაც მოიპოვეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების დაწყების შემდეგ საცხოვრებელ სახლებს თანდათან ბზარები გაუჩნდა. სამუშაოების შეწყვეტის მიზნით სოფლის მოსახლეობამ ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიას გზა არერთხელ გადაუკეტა – კომპანიას სამუშაოების შეჩერებას სთხოვდ. თამარის დასახლება

„მას შემდეგ, რაც სოფელთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს, სახლებთან ერთად მწყობრიდან გამოვიდა შიდა სასოფლო გზა, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ვის არ მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ბოლოს გზა გადავკეტეთ, გვინდოდა, როგორმე ხმა თბილისში მიგვეწვდინა და სამუშაოები ამ გზით შეგვეჩერებინა, მაგრამ ვერც გზის გადაკეტვამ გვიშველა, პირიქით, დაგვემუქრნენ კიდეც. გვითხრეს, თუ არ გავჩერდებოდით, დაგვიჭერდნენ. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რომ სოფელს პრობლემა არ შექმნოდა და დროულად შეჩერებულიყო აფეთქებითი სამუშაოები, ან იმ სიმძლავრით გაეგრძელებინათ, რომ ჩვენთვის ზიანი არ მოეყენებინა. არც ერთი ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ გვიგვრძნია, ვიღაც რომ გამდიდრდეს, ამისთვის მთელს სოფელს და ხალხს აზარალებენ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ჯამბულ ჯინჭარაძე.

ამავე სოფლის მცხოვრები მაყვალა ჯინჭარაძე ამბობს, რომ აფეთქების სიმძლავრემ განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმატა.
„სამი-ოთხი წელი იქნება, რაც აფეთქებები მიმდინარეობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფეთქების სიმძლავრემ მოიმატა და სახლზე ბზარების ოდენობაც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი 26 წლისაა, კედლები დაბზარულია, ეს იმ აფეთქების შედეგია, რომელიც აქვე ახლოს მიმდინარეობს. აფეთქება ისეთი ძლიერია, რომ მიწისძვრა გეგონება“.

მაყვალას მეზობლად მცხოვრები ვენერა ჯინჭარაძე ამბობს, რომ არ იცის მის სახლზე გაჩენილი ბზარები რისი შედეგია და დასძენს, რომ შეასრულა გეოლოგების რჩევა, მრავალწლოვანი ხეები გაეშენებინათ.

„ამბობენ, სადაც აფეთქებენ, გვირაბი გაჰყავთ და ქვის საჭრელს აკეთებენო, სხვა არაფერი ვიცი, ვერც იმას ვიტყვი, სახლზე ბზარი რის გამო გაჩნდა, რის ბრალია, თითქმის ყველას სახლი დაიბზარა, ზევით მეზობლად მცხოვრები კახიძეების საცხოვრებელი სახლი თითქმის სულ დაიშალა. დაახლოებით ერთი წლის წინ გეოლოგებმა გვირჩიეს ხეები დაგვერგო და ჩვენც გავითვალისწინეთ მათი რჩევა, დავრგეთ ხეები“, – ამბობს ვენერა.

მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელი სახლების გარდა ზიანდება სასოფლო გზაც და წვიმისას გადაადგილება ჭირს.

„ობიექტზე დღის განმავლობაში თითქმის 50-მდე მაღალი გამავლობის ავტომობილი მუშაობს, სოფლის გზაზე ყოველდღიურად მოძრაობენ. როგორც ვიცი, კვირიკედან ქვა-ღორღი ბენზეში მიაქვთ. გზა ისე ზიანდება, გადაადგილება ჭირს, საშინელი წყლის გუბეები იყო, ბოლოს კი შეაკეთეს, მაგრამ ისევ გამოვიდა მწყობრიდან გზა“, – ამბობს იმედა ჯინჭარაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ ხარაზი ამბობს, რომ კვირიკეში ინერტული მასალის მოპოვება მაშინ დაიწყო, როდესაც ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში კომპანიის მხრიდან ინერტული მასალის მოპოვებისას დარღვევები გამოიკვეთა და იმდროინდელი მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, კომპანიას ინერტული მასალის მოპოვების უფლება შეუჩერდა.

„2012 წელს, როდესაც ინერტული მასალის მოპოვება დაიწყო კვირიკეში, ქობულეთის გამგებლის მოადგილე ვიყავი. იქედან გამომდინარე, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა დარღვევებს, 2012 წლის აგვისტოში ეს სამუშაოები შეწყდა, სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობა აქციას მართავდა. კვირიკე ჩემი სოფელია და მოსახლეობასთან ერთად ჩემი პოზიცია იმ დროისთვის ის იყო, რომ კომპანიას სამუშაოები მხოლოდ მაშინ გაეგრძელებინა, თუ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცეოდა ინერტული მასალის მოპოვება. ეს ასეც მოხდა, სამუშაოები შეწყდა, თუმცა 2013 წელს სამუშაოები განახლდა და გზაც მწყობრიდან გამოვიდა“, – ამბობს ხარაზი.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ ღოღობერიძე ამბობს, რომ 18 ივნისის მდგომარეობით სოფელ კვირიკეში ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს მუშაობა შეჩერებული აქვთ. სამუშაოები რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ჯორჯიან ტრანსმა“ დაიწყო და ისიც გაჩერებულია. ის აღნიშნავს, რომ ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ, რადგან შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აფეთქების სიმძლავრე დასაშვებ ნორმას აჭარბებდა.

„ჯორჯიან ტრანსის“ გარდა ყველა კომპანია რამდენჯერმე არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით. ჩვენ ახლახან შევამოწმეთ „ლიბერთი“, სავარაუდოდ, დარღვევები აქვს. საბოლოო პასუხს ველოდებით სპეციალისტებისგან და მომავალ კვირას გვეცოდინება კონკრეტულად რა დარღვევები აქვს ამ კომპანიას.

„ჯორჯიან ტრანსმა“ სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო კარიერზე, ამ კომპანიისა და „ქობულეთი მ“-ს გეგმიურად შევამოწმებთ. ჩვენ კომპანიებს ვამოწმებთ როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად. ხშირ შემთხვევაში კომპანიას დარღვევები აქვს“, – ამბობს ვახტანგ ღოღობერიძე.

კითხვაზე, არის თუ არა კვირიკეში ინერტული მასალის მოპოვება მოსახლეობისთვის სახიფათო და შესაძლოა თუ არა გამოიწვიოს ნგრევა? ვახტანგ ღოღობერიძე პასუხობს, რომ მათი უფლებამოსილება არის კონტროლი გაუწიოს რამდენად შეესაბამება ინერტული მასალის მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიას, დარღვევის შემთხვევაში კი კომპანია დააჯარიმოს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ლიცენზიის შეწყვეტის უფლება არ აქვს. ვახტანგ ღოღობერიძის თქმით, გადაცდომის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოსახლეობას ზარალი აუნაზღაუროს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი ამბობს, რომ ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გააკონტროლოს, აზიანებს თუ არა ობიექტზე მომუშავე ავტომობილები სასოფლო გზას, დარღვევის შემთხვევაში კი ავტომობილის მესაკუთრე დააჯარიმოს. აფეთქების სიმძლავრის დასაშვებ ნორმას რაც შეეხება, ეს საკითხი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.

„ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ მაშინ, როდესაც ობიექტზე მომუშავე მანქანები საავტომობილო გზის სავალ ნაწილს აზიანებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ობიექტზე მომუშავე ავტომობილის მესაკუთრე, კომპანია ან კერძო პირი დაგვიჯარიმებია“, – ამბობს ზურაბ ამაღლობელი.

კვირიკეს გარდა ინერტულ მასალას დღემდე მოიპოვებენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებშიც. მოსახლეობამ ინერტული მასალისთვის აფეთქებითი სამუშაოების წარმოება ჯერ კიდევ გასულ წელს გააპროტესტა და შპს „ბათმმშენი ჯგუფს“ გზა გადაუკეტა. აქაურებიც ამბობენ, რომ აფეთქების სიმძლავრე დასაშვებ ნორმას აჭარბებდა და კომპანიისგან სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა ინერტული მასალის მოსაპოვებლად აფეთქებითი სამუშაოები ისევ გრძელდება. ქედის მუნიციპალიტეტიდან ინერტული მასალა კომპანიას სარფში, ნაპირგამაგრებით სამუშაოებისთვის გააქვს.

„ინერტულ მასალას მოიპოვებენ მახოსა და ჭინკაძეებშიც, თითქმის ყველა ობიექტი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის“, – ამბობს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აფეთქებული ინერტული მასალით ბათუმის პორტის მიმდებარედ, ზღვაში წარმოებული სამუშაოებისთვის იყენებენ. მშენებლობას აქ შს სამინისტრო ახორციელებს.

თამარის დასახლება
თამარის დასახლება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: