მთიანი აჭარა

როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის კიბოს

27.02.2015 • 2882
როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის კიბოს

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კარტოფილის კიბოს კონტროლთან დაკავშირებით რეგულაციაზე მუშაობს. რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს ლოკალური ადგილების გამოვლენასა და პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს, მთავრობამ 2015 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი, რომელიც ფიტოპათოლოგიის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორია და ამავე დროს დიდ ბრიტანეთში აქვს ტრენინგები გავლილი, ამბობს, რომ ის და ამ ინსტიტუტის სხვა თანამშრომლები 2009 წლის შემდეგ სწავლობენ კარტოფილის კიბოთი დაინფიცირებულ მიწას ხულოს მუნიციპალიტეტში. უცხოურ სპეციალიზებულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ის და მისი კოლეგები წერენ, რომ კარტოფილის კიბო გამოავლინეს ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ღორჯომში, თხილვანაში, დანისპარაულში, დიაკონიძეებში, ტაბახმელასა და დიდაჭარაში.

 

„ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ჩვენ შევიძინეთ ლაბორატორია და რეაქტივები, რომლებიც ანალიზისთვის არის საჭირო. ეს იყო ერთმილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში გადამზადებაც გავიარეთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დავიწყეთ დაკვირვება იმ არეალზე, სადაც გავრცელებულია კარტოფილის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადების სახეობა. კიბო დაავადებული მცენარიდან ნიადაგში გადადის და მის დასნებოვნებას იწვევს. დაავადებული ნიადაგიდან კი სოკოვანი ფორები ჯანსაღ კარტოფილში აღწევს, რაც თავის მხრივ, დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს“, – ამბობს მეცნიერი.

 

გალინა მეფარიშვილის თქმით, კიბოთი დასნებოვნებული მიწის განკურნება პრეპარატებით ვერ ხერხდება, კიბოს ფორების განადგურებას კი 30 წელი სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი წლის განმავლობაში კარტოფილი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები დასნებოვნებულ მიწაზე აღარ მოვა. კარტოფილის კიბო ვერაფერს აკლებს მარცვლოვან კულტურებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხულოს აგროსერვისცენტრის უფროსი რესან ჩოგაძე ამბობს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 1000 ფერმერის ნიადაგი გამოიკვლიეს, თუმცა კვლევის შედეგად ნიადაგში დაავადება არ გამოვლენილა. შესაბამისად, გალინა მეფარიშვილისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები განსხვავებულია.

 

„დანისპარაულში, ბოძაულსა და დიდაჭარაში გამოვლინდა კარტოფილის კიბოს შემთხვევები, თუმცა დაავადებას მასშტაბური სახე არ ჰქონდა, მხოლოდ ლოკალურად გამოვლინდა. დაავადების გამოვლენისთანავე პროფილაქტიკური სამუშაოები გავატარეთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, იმ ნაკვეთში, სადაც დაავადება გამოვლინდა, მივდიოდით და ფერმერებს ვუხსნიდით თესლმონაცვლეობა ეწარმოებინათ. ჩვენი რეკომენდაციით კარტოფილის კულტურა სიმინდით ჩაანაცვლეს. კარტოფილის კიბოს შემთხვევები იმდენად მცირე იყო, რომ გლობალური კვლევა არ ჩაგვიტარებია, უარყოფით მხარეებზე არ გვიფიქრია“, – ამბობს რესან ჩოგაძე.
იგი ამბობს, რომ კარტოფილის კიბოს გამოვლენა ვიზუალურადაც შესაძლებელია: „ადვილი მისახვედრია, აქვს თუ არა კარტოფილს კიბო. ზრდის დასრულების შემდეგ ტუბერი (ზრდასრული კარტოფილის ნაყოფი) ფორმას იცვლის და მახინჯდება, ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში ეს დაავადება თესლით იყო შეტანილი. მიწა კი მხოლოდ მაშინ არის გადაგვარებული, თუ მთლიანი მოსავალი გაფუჭებულია.“

 

გალინა მეფარიშვილისგან განსხვავებით, რესან ჩოგაძე ამბობს, რომ იმ ნიადაგზე, სადაც კარტოფილის კიბო გაჩნდა, კარტოფილის დარგვა მხოლოდ 4-5 წლის მანძილზე არ შეიძლება.

 

„მე ყველა სოფელში შევხვდი მოსახლეობას და კონსულტაცია მივეცი, მოცემულ ფართობზე რა კულტურის ჩანაცვლება იქნებოდა უკეთესი. ხულოში აპრობირებული მაინც სიმინდია“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, წლის ბოლომდე ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც კარტოფილის კიბოს კონტროლს გაუწევს. რეგულაცია, რომელიც ხელისუფლებამ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, კარტოფილის კიბოს გავრცელების არეალის დადგენასა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას ითვალისწინებს.
„კარტოფილის კიბოს კონტროლის რეგულაცია განხილვის სტადიაშია. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, იქნება რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს წინააღმდეგ საკონტროლო ზომებს გაატარებს. თავიდანვე, რატომღაც არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს რეგულაციას, გაჟღერდა, რომ კარტოფილის კიბოს გამოვლენის ადგილზე 20 წლის განმავლობაში არ უნდა დაირგოს კარტოფილი, რაც არასწორია. დაავადების ადგილზე კარტოფილი სხვა კულტურით უნდა ჩაანაცვლონ, ან შეიცვალოს სათესლე მასალა იმ თესლით, რომელსაც ჩვენ გამოვიკვლევთ და ვეტყვით, რომ დაავადების გამძლეა“, – ამბობს ზურაბ ლიპარტია.

 

ასე გამოიყურება დაავადებული კარტოფილი
ასე გამოიყურება დაავადებული კარტოფილი

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კარტოფილის კიბოსთან საბრძოლველად საჭირო ფიტოლაბორატორია გაკეთდება, სადაც კარტოფილის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ჩატარდება. როგორც ჩანს, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია ქობულეთში არსებული ლაბორატორიის შესახებ, სადაც გალინა მეფარიშვილიც მუშაობს:

 

„ფიტოლაბორატორია იყო საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, განადგურდა. სამინისტროს ლაბორატორიის ბაზაზე, თბილისში კეთდება ფიტოსანიტარული ლაბორატორია, 15 კვალიფიციური თანამშრომელია აყვანილი, გადამზადდებიან. ეს დაავადება დიდი ხანია არსებობს, ამის გამოსწორება ერთ დღეში არ მოხდება. გატარებულ ღონისძიებებს მეცნიერული კვლევის საფუძველი უნდა ჰქონდეს. კლასიკური მეთოდი 21-ე საუკუნეში აღარ კმარა და რომც დადასტურდეს ეს საკარანტინო დაავადება, 2-3 მეთოდით უნდა დადასტურდეს მისი არსებობა“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის თქმით, კარტოფილის კიბოს გავრცელებას ხელს სათესლე მასალის უკონტროლოდ გავრცელება უწყობს. ის ფერმერებს დაავადებული კარტოფილის განადგურებისკენ მოუწოდებს.
„სათესლე მასალის უკონტროლოდ შემოტანა ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას, დაავადებული ტუბერი უნდა შეგროვდეს და დაახლოებით ერთ მეტრ სიღრმეზე დაიმარხოს ნიადაგში, შემდეგ კირი მოეყაროს და დაიფაროს მიწით, რომ არ გავრცელდეს. სწორედ ეს არის ზომები, რაც მოსახლეობის დონეზე შეიძლება გაკეთდეს.

 

ერთ ტუბერს ერთი წლის განმავლობაში არ შეუძლია მოიცვას მთელი ფერმერული მეურნეობა, მაგრამ ის წლების განმავლობაში დაასნებოვნებს ნიადაგს. როცა კარტოფილის მოსავლიანობის პოტენციალი იკლებს, ფერმერებს ვურჩევ გამოცვალონ თესლი, ხოლო სათესლე მასალა შეიძინონ სერტიფიცირებულ ობიექტებში, რადგან სწორედ სათესლე მასალას მოყვება ეს დაავადება. არ შეიძლება ფერმერმა ბაზარში იყიდოს სათესლე მასალა“, – ამბობს ზურაბ ლიპარტია.

 

ლიპარტიას თქმით, კარტოფილის კიბოს გამოსავლენად მიწის შესწავლა აუცილებელი არ არის: „თუ მცენარეში დაავადება აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი, სადაც ეს ბოსტნეული მოვიდა, დაავადებულია. მას შემდეგ, რაც ფიტოლაბორატორია მოეწყობა, მონიტორინგს გავუწევთ დაავადებას, ვიზუალურად დავაზუსტებთ, სად არის გავრცელებული, იმ ადგილების კოორდინატებს მოვნიშნავთ და ინფორმაცია რუკაზე იქნება დატანილი, ანუ გვეცოდინება, სად არის დაავადება გავრცელებული“.

 

ხულოში სულ 25 000 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, საიდანაც 9 100 ჰექტარზე კარტოფილს რგავენ. აქ მცხოვრები ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო სწორედ კარტოფილის წარმოებაა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: