მთიანი აჭარა

გაბიონი, რომელიც ვერ შენდება

23.02.2015 • 2594
გაბიონი, რომელიც ვერ შენდება

 

ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე 65 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიმაღლის გაბიონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით, კომპანია „იბერია-ჯ“-ს უნდა გაეკეთებინა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან გაბიონის მოწყობაზე ხელშეკრულება გასული წლის თებერვალში 480 000 ლარზე გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ დამცავი კედლის მშენებლობა ხელშეკრულებით წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, აქ სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში შეჩერდა და მას შემდეგ აღარ განახლებულა.

 

რა გახდა დამცავი კედლის მშენებლობის შეჩერების რეალური მიზეზი ხულოში და როდის დასრულდება სამუშაოები? – ამ კითხვით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსს, ზურაბ სიხარულიძეს მივმართეთ. სატელეფონო საუბარში ზურაბ სიხარულიძემ გვითხრა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაბიონის მშენებელი კომპანიის დირექტორისგან მივიღებდით.

 

კომპანიის დირექტორის ჯუმბერ პაქსაძის განცხადებით, გაბიონის მშენებლობის შეჩერება მიწის მესაკუთრის მხრიდან შექმნილმა წინააღმდეგობამ განაპირობა. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულ 65 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიმაღლის დამცავი კედლიდან ამ დროისთვის მხოლოდ 30 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის კედელია გაკეთებული. მშენებელი დასძენს, რომ სახელმწიფო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს მომავალში გამოიტანს.

 

„მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაბიონი უნდა გაგვეკეთებინა, კერძო საკუთრებაა. მესაკუთრემ კი მშენებლობის გაგრძელების უფლება არ მოგვცა. მშენებლობის გაგრძელებისთვის 950 კვადრატული მეტრი მიწის გამოსყიდვაა საჭირო. საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ვიცი, სამართლოშია საქმე განსახილველად და გადაწყვეტილების გამოტანას ველოდებით. როგორც კი გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, იმ დღიდან განვაახლებთ სამუშაოებს.

გაბიონს თანამედროვე ტექნოლოგიების მასალებით ვაკეთებთ, ყველა მასალა მზად გვაქვს, დასაწყობებულია. როგორც კი დავიწყებთ მუშაობას, თვენახევარში დასრულდება გაბიონის მშენებლობა“, – განაცხადა ჯუმბერ პაქსაძემ.

 

კითხვაზე, რატომ დაიწყო კომპანიამ გაბიონის მშენებლობა კერძო მესაკუთრის მიწაზე, ვიდრე მშენებლობის დამკვეთსა და მესაკუთრეს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა, ჯუმბერ პაქსაძე პასუხობს:

 

„ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე მიწის მესაკუთრესთან სიტყვიერად შევთანხმდით, რომ მიწაში დეპარტამენტი 15 000 ლარს გადაუხდიდა. თანხა რომ ჩარიცხვოდა, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. ჩვენ მუშაობა ხელშეკრულების გაფორმებამდე დავიწყეთ, მიწის მფლობელმა კი შემდეგ სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და  950 კვადრტულ მიწაში სამმაგი თანხა მოითხოვა. მის მოთხოვნაზე ვერ შევთანხმდით, სწორედ ეს გახდა მუშაობის შეწყვეტის მიზეზი“.

 

თავის მხრივ, კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს მიწის მესაკუთრე ნელი დიასამიძე, ის ამბობს, რომ გაბიონის მშენებლობა მას არ შეუჩერებია, კომპანიამ კი შეთანხმება დაარღვია, კუთვნილი 15 000 ლარი არ ჩაურიცხა, მრავალწლოვანი ხეები გაჩეხა და საკარმიდამო ადგილი გაუნადგურა, რის სანაცვლოდაც ის კომპენსაციას ითხოვს.

 

„არანაირი თანხა არ მიმიღია, მიწა ჩემი კუთვნილებაა და ახლა აღარ ვაძლევ. თავდაპირველად მოლაპარაკება 15 000 ლარზე იყო, თუმცა არ მომცეს, მერე 13 000 ლარზე ჩამოვიდნენ. ახლა 45 000 ლარს ვითხოვ. ერთ წელზე მეტია რა დღეში ვარ, გადათხარეს საკარმიდამო ნაკვეთი და ეზო-კარი, გაჩეხეს ხეხილი, კომპენსაცია მხოლოდ ამისთვის მეკუთვნის, არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ რაც შეეხება სამუშაოებს, მე არ შემიჩერებია, არ ვიცი რატომ შეაჩერეს“, – ამბობს ნანული დიასამიძე.

 

„სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, თუ რამდენი ძირი ხე იყო იმ ადგილზე, ამასთან დაკავშირებით აქტია შედგენილი.  მესაკუთრეს, როგორც მიწის, ასევე ხეხილის ნარგავების კომპენსაცია აუნაზღაურდება“, – აცხადებს ჯამბულ პაქსაძე.

 

კომპანიის დირექტორი იმედოვნებს, რომ გაბიონზე სამუშაოებს მარტში განაახლებენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი