მთიანი აჭარა

ხულოს თეატრის გეგმები

30.01.2015 • 2278
ხულოს თეატრის გეგმები

 

როინ სურმანიძე
როინ სურმანიძე

ბატონო როინ, გასულ კვირას განაცხადეთ, რომ თეატრალური დასიდან ხელშეკრულება ორ მსახიობს არ გაუფორმდებოდა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

 

მსახიობები ერთწლიანი ხელშეკრულებით იყვნენ აყვანილნი, ვადა გაუვიდა და მათ შეუჩერდათ ხელშეკრულება. თექვსმეტი მსახიობიდან ექვსს ხელშეკრულება აღარ გაუფორმდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორ მსახიობს მონაწილეობა არ მიუღია სპექტაკლებში, ეპიზოდურ როლებშიც კი. უფრო მეტიც, ისინი არ დადიოდნენ თეატრში. ასეთი მსახიობების გარდა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არანაირი განათლება არ აქვთ, ან სპეციალური სასწავლო კურსი აქვთ გავლილი, რაც შეუსაბამოა თეატრის მოთხოვნებთან. მათ ხელშეკრულებას ვერ გავუფორმებთ. ეს არის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც თავისი მოთხოვნები აქვს და როცა სამინისტრო განვითარებაში ხელს გიწყობს, გაძლევს გრანტს და დაფინანსებას, ცხადია მასაც აქვს მოთხოვნა ხარისხზე. თეატრის განვითარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა და იდეები გვაქვს, რიგი მსახიობები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, რაც გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. 

 

თქვენ ახსენეთ თეატრის სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებთ თეატრის განვითარებას? რა გეგმები გაქვთ?

 

 თეატრს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხედვა და მისია. არის თეატრი, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ შექსპირის შემოქმედებით, ან კლასიკური დრამატურგიით, ან ახალგაზრდული სეგმენტით. ჩვენს თეატრსაც უნდა ჰქონდეს თავისი ნიშა. მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამ თეატრისთვის იქნება ის, თუ გეზს თანამედროვე დრამატურგიისკენ ავიღებთ. ამ კუთხით ტრენინგებს ჩავატარებთ, მოვიწვევთ თეატრმცოდნეებს, კონფერენციებს მოვაწყობთ, ამავდროულად აქცენტი გვექნება საბავშვო დრამატურგიაზეც.  

 

გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელზეც მუშაობა არ დაგვისრულებია. ორი წელია ვთანამშრომლობთ ბრიტანელ ექსპერტებთან საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად აფინანსებს. ვიმუშავეთ სტრატეგიული მარკეტინგისა და აუდიტორიის განვითარებაზეც, შევიმუშავეთ კონცეფცია, თუმცა მუშაობა საბოლოოდ არ დაგვისრულებია, ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი ხერხემალი სწორედ თეატრის სტრატეგიული განვითარების განსაზღვრაა, რა არის თეატრის ძირითადი მიზანი, მისია და ხედვა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის თანამედროვე დრამატურგია: ქართული თუ უცხოური.

 

როგორც აღვნიშნე, ინტენსიურად ვმუშაობთ ბრიტანეთის საბჭოსთან, რომელიც ატარებს ტრენინგ-სემინარებს, ვნერგავთ მოდელებს, ვმუშაობთ საშემსრულებლო დონის ამაღლებაზე. გვაქვს მეტი ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიონალთან. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, დაინტერესებული ადამიანების მოზიდვა მნიშვნელოვანია თეატრის განვითარებისთვის, აუცილებელია პრობლემებს გავუმკლავდეთ და არ ჩაიკეტოს თეატრი, ამასთან აუცილებელია საფესტივალო ურთიერთობები _ ეს ყველაფერი შრომატევადი საქმეა.

 

ჩვენ წელს აუცილებლად გავალთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ეს იქნება სერიოზული და წარმატებული ნაბიჯი თეატრისთვის. გასულ წელს გვქონდა ტურნე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კარგი ტურნე იყო, კმაყოფილი ვიყავით ჩვენც და მაყურებელიც, ამ ტურნემ დაგვანახა დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

 ტურნეს დროს რა გამოიკვეთა?

 

დადებითია, როცა უცხო მაყურებელს ხვდები, მუდმივ მაყურებელთან თამაშის სპეციფიკა სხვაა, უცხო მაყურებლის დანახული სპექტაკლი სხვაა, ეს გამოცდილებას გძენს.

უარყოფითია – ექსტრემალურ სიტუაციაში გიხდება მუშაობა, სხვა გარემოში ხარ, შენზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებ ჩვეულ გარემოდან უცხო გარემოში გადასვლას.

 

 რა არის თეატრისთვის მთავარი გამოწვევა დღეს?

 

რეგიონალურ თეატრებში პრობლემას რა გამოლევს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ანაზღაურება და ტექნიკური მხარეების მოგვარებაა.

 

როგორი იქნება 2015 წლის რეპერტუარი?

 

ძირითად შტატში 10 მსახიობს ავიყვანთ და თუ საჭირო დარჩება, რეჟისორის გადაწყვეტილებით, მსახიობებს მოვიწვევთ. წელს სამი ახალი პრემიერა გვექნება, ამას პლუს მეოთხე პრემიერა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კულტურის სამინისტრო გრანტის სახით მოგვცემს თანხას. სამ სპექტაკლს კი ჩვენი თეატრის ბიუჯეტით დავდგამთ.

 

რაც შეეხება სპექტაკლის რეპერტუარის შერჩევას, თებერვლის შუა რიცხვებში თბილისიდან ჩამოვა მოწვეული რეჟისორი, რომელიც იმუშავებს სპექტაკლზე, რომლის გატანაც საზღვარგარეთ, ფესტივალზე გვინდა. იმისთვის, რომ გავზარდოთ მოსწავლეების ჩართულობა თეატრში, გვინდა საბავშვო სპექტაკლი დავდგათ. რაც შეეხება მესამე სპექტაკლს, მას მე თვითონ დავდგამ.

 

 

ხულოს დრამატული თეატრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წელს თეატრის ბიუჯეტი 209 500 ლარია, საიდანაც 145 000 ლარი სახელფასო ფონდს მოხმარდება, 23 000 ლარი  სადადგმო თანხაა, დანარჩენი თანხა კი კომუნალურ ხარჯებზე გადანაწილდება.    

გადაბეჭდვის წესი