მთიანი აჭარა

2014 წელს აჭარაში სახლის გეოლოგიური შესწავლა 1611-მა ოჯახმა მოითხოვა

30.01.2015 • 2311
2014 წელს აჭარაში სახლის გეოლოგიური შესწავლა 1611-მა ოჯახმა მოითხოვა

 

ალექსანდრე ჯაყელი
ალექსანდრე ჯაყელი

„ეროზიის შედეგად სახლის საძირკველი ჩამოიშალა და ნგრევა დაიწყო. წვიმის დროს სახლში ყველა მხრიდან გვაწვიმს, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ოჯახი ვართ, ყველაფერთან ერთად ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ქმრის ძმა მეორე ჯგუფის ავადმყოფია, ავადაა ჩემი ქმარიც“, – ამბობს 68 წლის ნათელა ჯაყელი.

 

ჯაყელების ოჯახი ვაშლოვანში ერთადერთი არ არის, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს. აქ თითქმის ყველას ერთი პრობლემა, ეროზიის შედეგად დაზიანებული, სიცოცხლისთვის სახიფათო საცხოვრებელი პირობები აერთიანებს.

 

ჯაყელების სახლის გვერდით მცხოვრებ თამარ ჯაყელის საფიქრალიც სახლია, რომელიც ეროზიის შედეგად ჯერ კიდევ 2002 წელს დაიშალა. 2007 წელს ხელისუფლებამ სახლის გადატანის მიზნით ოჯახს 5 000 ლარი გამოუყო, თუმცა, როგორც ნათელა ამბობს, თანხა ავადმყოფი ქმრის მკურნალობას მოახმარა და 2012 წელს მეზობლების დახმარებით და აღებული სესხით იმავე ადგილზე სახლი ააშენა, რომელმაც ისევ ნგრევა დაიწყო.

 

„ამ სახლმაც დაიწყო დეფორმაცია, რა ბედი გვეწევა არ ვიცით, ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვ“, – ამბობს თამარი.

 

გასული წლის ბოლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაბამისი სტატუსის მქონე ეკომიგრანტ ოჯახებს სახელმწიფო 20 ათასი ლარის ფარგლებში ქვეყნის სხვა რეგიონებში სახლის შეძენაში დაეხმარებოდა, ოღონდ სახლები თავად ეკომიგრანტებს უნდა შეერჩიათ. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ პროგრამით ჯერ არც ერთ ოჯახს არ უსარგებლია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, კოტე რაზმაძის თქმით, ჯერჯერობით ეკომიგრანტების ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს: „დაახლოებით 2300 ოჯახია ეკომიგრანტი, აქედან წელს საცხოვრებელი სახლით 100 ოჯახს დავაკმაყოფილებთ – სახლს 20 000 ლარით იქ შევიძენთ, სადაც თვითონ ოჯახი მოითხოვს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარზე მეტი ლარია გამოყოფილი“.

 

კოტე რაზმაძის თქმით, სახლის შესყიდვამდე შემდეგი პროცედურა იქნება ჩასატარებელი: „სახლებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეაფასებს, ოჯახების მდგომარეობა კი სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდება, მაგალითად, პირველი კატეგორია 10 ქულით ფასდება, მეორე კატეგორია – 7 ქულით, 1 ქულა ენიჭება ოჯახს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, ან მის შემადგენლობაში მეტი პენსიონერია, მარტოხელაა და ა.შ. ასევე სოციალურად დაუცველებს. წელს აი, ამ კატეგორიის 100 ოჯახი მიიღებს სახლს. შარშან 69 ოჯახი დავაკმაყოფილეთ“.

 

ნათელა ჯაყელი
ნათელა ჯაყელი

2014 წლის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტში 1-2 კატეგორიაში 82 ოჯახი ირიცხება, აქედან პირველ კატეგორიაში შვიდი, მეორე კატეგორიაში კი, 75 ოჯახია.

 

აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსის, ტარიელ ტუსკიას განცხადებით, 2014 წელს საცხოვრებელი სახლის გეოლოგიური შესწავლა აჭარაში მცხოვრებმა 1611-მა ოჯახმა მოითხოვა. გეოლოგის თქმით, აქტიური ზონა გასულ წელს შუახევის მუნიციპალიტეტი იყო.

 

„ჩვენ შევისწავლეთ 1611 ოჯახი, აქედან 182 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ექვემდებარებოდა: 39 ოჯახი – ქობულეთში, 29 – ხელვაჩაურში, 20 – ხულოში, 79 – შუახევში, სამი – ბათუმში და 12 ოჯახი ქედაში. აჭარა გეოლოგიურად აქტიური რეგიონია, თუმცა მთლიანად რომ განსახლებას საჭიროებდეს, ასეთი სოფლები დღეს არ გვაქვს“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ეკომიგრანტების პრობლემაზე. გამგებელი პრობლემის დროულად შესწავლისა და გადაჭრის მიზნით დამატებით ერთი თანამშრომლის ხელშეკრულებით აყვანას აპირებს.

 

„დახმარება გაეწევა იმ ოჯახებსაც, რომელთა საცხოვრებელ სახლებს გამაგრება სჭირდება, თუმცა მანამდე საჭიროა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მომზადდეს, სამუშაოების დროულად შესწავლის მიზნით ვაპირებ დამატებით ერთი თანამშრომელი ავიყვანო“, –  ამბობს ტარიელ ებრალიძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ზოიძის განცხადებით, შუახევში პირველ კატეგორიაში მყოფი ოჯახი არ ჰყავთ: „მეორე კატეგორიაში კი 16 ოჯახია, 33 ოჯახი მიწისძვრით დაზარალებულია, რომლებსაც კატეგორია არ ენიჭებათ. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, 33 ეკომიგრანტი გვყავს“, –  აცხადებს ზაზა ზოიძე.

 

ეკომიგრანტთა ოდენობა დაუზუსტებელია ქედის მუნიციპალიტეტში, აქ 15 ოჯახის სახცოვრებელ სახლს გეოლოგებმა პირველი, ხოლო 40 სახლს – მეორე კატეგორია მიანიჭეს.

 

სოციალური სახლი ვაშლოვანში
სოციალური სახლი ვაშლოვანში

„სოციალური სახლების~ პროგრამის ფარგლებში 2013-2014 წელს აჭარაში სულ 128  ბინა მოეწყო.

 

2012 წელს შუახევსა და ქედაში საავადმყოფოს ყოფილ შენობებს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, სადაც 108 ოჯახი ბინით დააკმაყოფილეს.

 

სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია ქედაში პოლიკლინიკის ყოფილ შენობაზე, სადაც მიმდინარე წელს 12 ოჯახი, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილდება. სოციალური სახლი შენდება ხულოს მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ სოფელ ვაშლოვანში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: