მთიანი აჭარა

ერთის ნაცვლად ორი ბავშვი ბაღში

09.12.2014 • 2887
ერთის ნაცვლად ორი ბავშვი ბაღში

შუახევის დაბის საბავშვო ბაღში, ერთ ჯგუფში, ნაცვლად 37-სა 56 ბავშვი ჰყავთ
შუახევის დაბის საბავშვო ბაღში, ერთ ჯგუფში, ნაცვლად 37-სა 56 ბავშვი ჰყავთ

დაბის საბავშვო ბაღი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. ოთახში სკამებსა და მაგიდებს შორის ბავშვები თამაშობენ, ბაღის აღმზრდელი იქვე, ღუმელთან დგას და ბავშვებს ყარაულობს, რომ შეშის ღუმელს არ მიუახლოვდნენ – ღუმელი შემოსაზღვრული არ არის და ბავშვის დაზიანების რისკიც შესაბამისად მაღალია.

საბავშვო ბაღის ამ ჯგუფში 2-დან 4 წლამდე ასაკის 56 ბავშვი ჰყავთ, თუმცა დღეს (24 ნოემბერი), როგორც აღმზრდელი მიხსნის, დილით ცუდი ამინდი იყო და ამიტომ ბავშვებიც ნაკლები არიან.

ააიპ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ნათელა გოგიტიძის თქმით, მოქმედი წესდებით, ბაღის ჯგუფში ბავშვთა ოდენობა 37-ს არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად, ბავშვთა ოდენობა ამ ბაღში დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს.

„მოქმედი წესდებით, ბაღის ჯგუფში 37 ბავშვის მიღების უფლება გვაქვს, ბაგის ჯგუფში კი – 17 ბავშვის. მომავალი წლიდან წესდება იცვლება, ცვლილება შეეხება მხოლოდ ბაგის ჯგუფს. დღემდე ბაგის ჯგუფში ბავშვებს ერთი წლიდან ვიღებთ, ახალი წესდებით წლინახევრიდან მივიღებთ – 25 ბავშვის მიღების უფლება გვაქვს“, – ამბობს ნათელა გოგიტიძე.

ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, ბაღზე განსაკუთრებული მოთხოვნა მხოლოდ დაბაშია. ის დასძენს, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედ ხუთივე ბაღში დამაკმაყოფილებელი ვითარებაა.

„ხუთი საბავშვო ბაღი გვაქვს – დაბა შუახევის, ჭვანის, უჩამბის, მახალაკიძეებისა და  ნიგაზეულის, ბაგის ჯგუფი მხოლოდ დაბაში გავხსენით, რადგან მოთხოვნა მხოლოდ აქ იყო. განსაკუთრებული მოთხოვნა დაბის ბაღზე მოდის, დანარჩენ ბაღებში ბავშვთა რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე ნაკლებია: მაგალითად, 48 ბავშვზე გახსნილ ნიგაზეულის ბაღში 30 ბავშვი გვყავს, ანალოგიური მდგომარეობაა მახალაკიძეებში,  38 ბავშვზე გახსნილ ბაღში 23 ბავშვია, უჩამბაში 22 ბავშვი გვყავს, მაშინ როცა ბაღი 25 ბავშვზეა გახსნილი. ყველა ბაღში კარგი ვითარებაა, საჭირო ოდენობის ინვენტარი და საშტატო ერთეულია“, – ამბობს ნათელა გოგიტიძე.

დაბა შუახევის ბაღის ფილიალის ხელმძღვანელი საბავშვო ბაღში კონტიგენტის ზრდას სახელმწიფო დაფინანსებით ხსნის და დასძენს, რომ დეკემბერიდან ბაღში სკოლამდელი ჯგუფი გაიხსნება და ვითარება დასტაბილურდება.

საბავშო ბაღი ამ შენობაშია განთავსებული
საბავშო ბაღი ამ შენობაშია განთავსებული

„2007 წლიდან ვმუშაობ ბაგა-ბაღში, ასეთი მოთხოვნა არასოდეს ყოფილა. ბაგა-ბაღში სამი ჯგუფი გვაქვს – ბაგის, სადაც ორ წლამდე ასაკის 16 ბავშვი ირიცხება, ბაღის უმცროს ჯგუფში – 35 ბავშვი და შერეულ ჯგუფში – 56 ბავშვი. მართალია, ამ დროისთვის 107 ბავშვი გვყავს, თუმცა 12 ბავშვი სამი თვე არ გამოცხადებულა და უნდა ამოვიღოთ სიიდან. სკოლამდელ ჯგუფში ბავშვები გადანაწილდებიან შერეული ჯგუფიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, სასკოლოდ ბავშვები უკეთესად მოვამზადოთ“,  – ამბობს ფილიალის მენეჯერი ციური აბაშიძე.

დაბის ბაღში დასაქმებული აღმზრდელები და აღმზრდელის თანაშემწეები სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ საუბრობენ იმაზე, რომ უჭირთ ამდენ ბავშვთან გამკლავება და ეს ძალიან დამღლელია. პირად საუბარში ამბობენ, რომ კანონით მინიჭებული შესვენების უფლებითაც კი ვერ სარგებლობენ.

აღმზრდელები დაბის ბაღში დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე, შესვენების გარეშე მუშაობენ. მათი ანაზღაურება 300 ლარია.

ციური აბაშიძის თქმით, აიპის ჩამოყალიბებამდე ამ ბაღში დილისა და შუადღის ცვლა ჰქონდათ. „მას შემდეგ, რაც აიპი დაფუძნდა, ორივე აღმზრდელი დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობს. იყო პრეტენზიები ამის თაობაზე. მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე დაგვპირდა დახმარებას და ჩვენც მისი იმედი გვაქვს“, – ამბობს ციური აბაშიძე.

ბაღების გაერთიანების დირექტორი ცვლის არარსებობაში პრობლემას ვერ ხედავს. ამბობს, რომ ასეა ქედისა და ხულოს ბაღებშიც. ნათელა გოგიტიძე: „ბაღებში აღმზრდელებს რვასაათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ და ერთი საათი შესვენება. ისარგებლებენ თუ არა კუთვნილი შესვენებით, ეს მათი გადასაწყვეტია, ორი აღმზრდელი და ძიძა გვყავს ჯგუფში, შეუძლია ერთი გავიდეს და მეორე დარჩეს. ბაღებში არსებული საშტატო ერთეული აკმაყოფილებს მოთხოვნას. ბაღები გაიხსნა 2009 წელს, არ იყო დამლაგებლის შტატი. ერთი თვის წინ მახალაკიძეებსა და უჩამბის ბაღებში დავამატეთ ძიძის შტატი, დამატებით სამი შტატი დაგვიმტკიცეს დაბის ბაღშიც – ძიძის, აღმზრდელისა და ფსიქოლოგის, თანამშრომლები კონკურსის წესით დაინიშნებიან“.

კითხვაზე, ირღვევა თუ არა ბავშვებისა და ბაღში დასაქმებულთა უფლებები, როცა ჯგუფში 54 ბავშვი ირიცხება? – ყველა ამბობს, რომ უფლებები დაცულია.

„არავის უფლებები არ ირღვევა, ბაგა-ბაღების საქმიანობა განსაკუთრებულ კონტროლზე გვყავს აყვანილი. ჩვენ როცა მოვედით, პრობლემები დაგხვდა, ყველაფერს დაფინანსება უნდა“, – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე.

„ბავშვის უფლებები იმიტომ არ ირღვევა, რომ მშობელი გვთხოვს, ბავშვი ბაღში მივიღოთ, უარი როგორ ვუთხრათ? მაშინ, როცა ბავშვების უმეტესობა სწავლას გიმნაზიაში იწყებს და იქ ბაღში გავლილ ბავშვებზე კეთდება აქცენტი. მასწავლებლები დატვირთული არიან, მაგრამ ბავშვის მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დეკემბრიდან ჯგუფის გახსნით კარგი ვითარება გვექნება“, – აცხადებს ციური აბაშიძე.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ პრობლემები მემკვიდრეობით ერგო. ის დასძენს, რომ საშტატო ნუსხას საჭიროებისამებრ დაამატებს: „შემთხვევითი არ არის, რომ რეორგანიზაცია დავიწყე. ბაღების გაერთიანების უფროსს ვთხოვე წარმოედგინა თავისი ხედვა და კონცეფცია ბაღებთან დაკავშირებით. ვეთანხმები იმას, რომ ბაღებში აუცილებლად უნდა იყოს ცვლები, საშტატო ნუსხა გადაიხედება და საჭიროებისამებრ დაემატება შტატები. გარდა ამისა, სამომავლოდ ოთხი ბაგა-ბაღის გახსნა მაქვს დაგეგმილი, ეს იქნება სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: