მთიანი აჭარა

22 მუშა ხელფასის მოლოდინში

19.09.2014 • 1691
22 მუშა ხელფასის მოლოდინში

 

 

„ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2011 წლის 24 თებერვალს 337 500 ლარზე გამოაცხადა, სამშენებლო კომპანია „ავტობანთან“ ხელშეკრულება 220 000 ლარზე გაფორმდა, მე ვიყავი საქმისმწარმოებელი, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრზე 54 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიმაღლის გაბიონი წლის ბოლომდე უნდა გაგვეკეთებინა. დამკვეთმა ობიექტი მანამდე ჩაიბარა, ვიდრე სამუშაოები დასრულდებოდა. ობიექტი ჩაბარდა და კომპანიას თანხაც ჩაერიცხა, მაგრამ ხელფასები არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებული გვქონდა კომპანიასთან და ხელშეკრულებით ანაზღაურება 2011 წლის დეკემბრამდე უნდა ჩაგვრიცხოდა. მესამე წელია ჩვენს კუთვნილ თანხას –  53 500 ლარს ვითხოვთ. ანაზღაურება რომ არ მისცეს მუშებს, სამუშაოები გავაჩერეთ, სხვას ვერ მოიყვანდა, არავინ მიუშვებდა და ისეც დარჩა, 300 კუბამეტრი ქვა დასაწყობია გაბიონზე, ვის არ მივმართეთ ჩვენი საკითხით დაინტერესებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. კომპანია გვეუბნებოდა, თანხა არ მაქვს, ხელფასი რომ გადაგიხადოთო, დეპარტამენტმა წაგვართვაო,“ – ამბობს ედნარ რიჟვაძე.

 

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის 83-ე მონაკვეთზე გაბიონის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა

 

საავტომობილო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხელფასების გაცემის საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

 

„კონტრაქტორ ორგანიზაციასა და მშენებლებს შორის იყო შეთანხმება, შემდეგ მათ შორის გაუგებრობა მოხდა, კომპანიამ არ გადაუხადა თანხა. ეს საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკება კომპანიასთან მიმდინარეობს,“ – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსი ზურაბ სიხარულიძე.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „სამშენებლო კომპანია ავტობანის“ გაკოტრების საქმისწარმოება 2012 წელს დაიწყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დავაში სახელმწიფო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს სასამართლოს განსახილველი საკითხია, მაგრამ თუ მუშები სასამართლოს თანხის აღების მიზნით მიმართავენ, კუთვნილ ხელფასს მაინც ვერ მიიღებენ, თუ კომპანიას თანხა არ გააჩნია და გაკოტრების საქმისწარმოება დაწყებულია.

 

„მსგავსი ტიპის დავებმა ბოლო დროს იმატა, ეს არის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, რაშიც სახელმწიფო მონაწილეობას არ იღებს და ვერც მიღებს, იმიტომ, რომ ესაა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა, რომელიც სამართლებრივად უნდა იყოს რეგულირებული იმ კუთხით, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ წინდახედულება. სახელმწიფოს შეუძლია დამცავი მექანიზმი შეიმუშავოს,  მაგრამ რთული იქნება იმიტომ, რომ როდესაც ცხადდება ტენდერი, სახელმწიფომ  წინასწარ არ იცის როგორი იქნება სახელფასო ბადე, რამდენი ადამიანი დასაქმდება. ამ კონკრეტულ შემთხვევში საკითხი ვერ მოგვარდება, მხარეებმა სასამართლოს თუ არ მიმართეს, მაგრამ თანხის მიღების მიზნით რომც მიმართონ სასამართლოს, შედეგი ნული იქნება,“ – ამბობს  გიორგი ხიმშიაშვილი.

 

მუშებს ახლა მთავრობის იმედი აქვთ. „საკითხში ყველა ჩაერთო, მთავრობის თავმჯდომარეც კი, რამდენიმე დღის წინ შევხდით არჩილ ხაბაძეს და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს ზურაბ სიხარულიძეს, დახმარებას დაგვპირდნენ, იმედი გვაქვს, მალე მოაგვარებენ საკითხს,“ –  ამბობს ედნარ რიჟვაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: