მთიანი აჭარა

ერთი დღე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

17.09.2014 • 4401
ერთი დღე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

 

ისტორიული ცნობების მიხედვით, ამ ადგილებში 5-6 ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი. მაშინ აქ ჭაობი არ იყო, ახლა კი ნამოსახლარებს ტორფნარები ფარავს, რომელსაც სფაგნუმის, მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსის ბალიშები ფარავს, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს წყალს და ქობულეთს იცავს წყალდიდობებისაგან. სწორედ ხავსის ამ თეთრ ხალიჩაზე შეგიძლიათ გავლა, თუ კი ფეხზე მარტივ თხლამურებს მოირგებთ. ასეთი თხილამურების დაქირავება ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.

 

 

ქობულეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი, რეზო მოისწრაფიშვილი ამბობს,  რომ ამ თხილამურების მოსარგებად განსაკუთრებული უნარები არ გჭირდებათ, საჭიროა მხოლოდ მოხერხებული, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თხილამურებით გადაადგილებას გაგიადვილებთ:

 

 

„მთავარია ჩუსტებით ნუ წამოვა ვიზიტორი, რომ თხილამურების დამაგრება თავისუფლად შევძლოთ, სხვა მხრივ, განსაკუთრებული ფეხსაცმელი არ სჭირდება.  როცა წყალია, ჩვენ თვითონ არ შეგვყავს ტორფნარში. ფეხსაცმელზე მაგრდება სპეციალური, ნეკერჩლისგან დაწნული თხილამურები, შუაში თოკით, რომ ფეხს მიეკრას. თხილამურების დაქირავება ორ ლარად შეიძლება, თუ მოსწავლე ან სტუდენტია, ფასი ერთი ლარია, ერთ ლარადვეა შესაძლებელი ჭოგრიტის ქირაობა“ – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

ჭოგრიტი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ფრინველებზე დასაკვირვებლად გამოგადგებათ.  შემოდგომასა და გაზაფხულზე ტორფნარის ტერიტორიაზე უამრავი გადამფრენი ან მოზამთრე ფრინველი იყრის თავს. მათ შორის: კოხტა ჭოვილო, კაკაჩა, ბექობის არწივი, ტურუხტანა, ზღვის კაჭკაჭი, სისინა გედი და სხვა. თუ კარგად დააკვირდებით, აქ  ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს და იშვიათი სახეობის ჭაობის კუსაც შენიშნავთ.

 

 

„მხოლოდ 1998 წლის შემდეგ გავიგეთ, რა საუნჯე გვქონია, რასაც ისპანი და დაცული ტერიტორები ჰქვია, რომელიც რამსარმა შეიტანა ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში და ამჟამად რამსარი იცავს ჩვენს ტერიტორიებს. პირველ რიგში საკუთარი ღირშესანიშნობა უნდა ვნახოთ და მერე გავემგზავროთ შორს, სხვა ღირშესანიშნაობების სანახავად“ – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სამი ტურისტული ბილიკია: 1. ისპანი ორი 2. თეთრი ხავსი და დროზერა (მწერიჭამია მცენარე). სამივე ბილიკის დათვალიერება ერთ დღეშია შესაძლებელი. ქობულეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი ამბობს, რომ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული მაინც „ისპანი ორია“< რადგან აქ უფრო გამართულია ინფრასტრუქტურა, განთავსებულია კოშკი და ბილბორდები, რომლებიც დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ღირშესანიშნაობების შესახებ. „ყველაფერი არის ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, ის ბილიკია ყველაზე პოპულარული, სადაც კოშკია, გზაზე ბილბორდებია განთავსებული… დანარჩენზე ჯერ ვერ მიგვიწვდა ხელი. უცხოეთში ეს პრობლემა მოგვარებულია, არის საფეხმავლო ბილიკები, სადაც არ უსველდება ფეხი ვიზიტორს. ჩვენც გვაქვს გეგმა, საფეხმავლო ბილიკები გავაკეთოთ, რომ ადამიანს ფეხი არ დაუსველდეს, გვინდა საბავშვო ბილიკიც გავაკეთოთ, ბორჯომში, დაცულ ტერიტორიებზე გაკეთდა მსგავსი და ჩვენც გვინდა გაკეთება. გეგმა გვაქვს, რომ იყოს წრიული ბილიკი, ორი გადასახედი კოშკი იქნება. იმედია, 2015 წლის ბოლოსთვის ეს ყველაფერი გაკეთდება.“  – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

რეზო მოისწრაფიშვილის თქმით, ქობულეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიმდინარე ტურისტული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ახლაც გრძელდება, რადგან ქობულეთის დაცული ტერიტორიების სანახავად მშრალი, მზიანი ამინდი იდეალურია.   

გადაბეჭდვის წესი


ასევე: