მთიანი აჭარა

მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფი გადაადგილებას შეძლებს

17.09.2014 • 1585
მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფი გადაადგილებას შეძლებს

 

შუშანა გორგაძე სახლის წინ
შუშანა გორგაძე სახლის წინ

ხის ორსართულიანი სახლი, სადაც შუშანა გორგაძე ქმართან და შვილთან ერთად სოფელ რიყეთში ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია. ბოძები, რომელზეც სახლი დგას, მწყობრიდანაა გამოსული.

 

 

საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი, მისაღები და საძინებელია. საწოლი, ხის ძველი მაგიდა, რამდენიმე სკამი და პატარა ტელევიზორი ოთახის შუა ნაწილშია განლაგებული, ოთახის ბოლოს საბჭოთა წარმოების მაცივარი დევს, აქ მაცივარს სხვა დატვირთვა აქვს, დიასახლისი მაცივარს წლებია კარადად იყენებს.

 

 

საცხოვრებელი სახლის კედლებზე, ალაგ-ალაგ, ხისა თუ სხვა საშენი მასალის ნაცვლად დატეხილი შიფერია მიკრული, ოჯახის დიასახლისი შუშანა გორგაძე გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს.

 

 

„მეორე სართულზე არ იცხოვრება, სახურავი ძველია, წვიმის წყალი ჩამოდის და პირველ სართულზეც აღწევს. კედლებიდანაც შემოდის წვიმა, თოვლის დროს სახლშიც თოვს, ღრიჭოებიდან შემოდის თოვლი და წვიმის წყალი, ასეთ პირობებში, ქმართან და შვილთან ერთად ვცხოვრობ.

 

ჩემი ქმარი, მურმან გორგაძე, მწოლიარე ავადმყოფია, გადაადგილება არ შეუძლია და საუბარი, ხუთი წლის წინ პარალიჩი მიიღო, ხელ-ფეხი გაუჩერდა და მეტყველების უნარი დაკარგა. ვინმეს თუ დაინახავს ტირილს იწყებს, თუ ოთახში არავინაა, წამოიყვირებს. მარტო ვერ ვტოვებ, როცა სძინავს, მაშინ გავდივარ სამუშაოდ. 

 

აქ თუ მიწაზე არ იშრომე,  მშიერი მოკვდები კაცი. არც მე ვარ კარგად, ოსტეოქონდროზი მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ვიჭირვებ და ბოსტნეული მომყავს, ერთი ძროხაც მყავს და თავი სიმწრით გაგვაქვს, ამ ყველაფერთან ერთად ჩემი შვილი, ჯაბაც ავადაა.

 

შუშანა გორგაძე მეუღლესთან ერთად
შუშანა გორგაძე მეუღლესთან ერთად

ჩემს ქმარს მკურნალობა და მედიკამენტები სჭირდება, რადგან შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, სამკურნალოდ საავადმყოფოში ვერ გადაგვყავს, ავტომობილით უნდა წაიყვანო, ავტომობილს საწვავი უნდა ჩაუსხა, ვარჯიშებს სახელმწიფო არ აფინანსებს და ამდენი სად მაქვს, ყველა წამალსაც კი ვერ  ვყიდულობ, რომელსაც ჩვენი ამბულატორიის ექიმი უწერს. იქნებ დამეხმაროს ვინმე, ჩვენი  შემოსავალი სოციალური შემწეობა 120 ლარი და ქმრის პენსია 150 ლარია, ავადმყოფს თვეში 200-ზე მეტი ლარის წამალი სჭირდება, რაც აუცილებელია, მხოლოდ იმას ვყიდულობ, აბა რა ვქნა?!“ –  გვიამბობს აცრემლებული ქალბატონი.

 

 

რიყეთის თემის ამბულატორიის ექიმი ინგა აბულაძე, რომელიც ავადმყოფ მურმან გორგაძეს ხშირად სინჯავს, ამბობს, რომ თუ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა გაეწევა, დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს.

 

 

„ამ პაციენტს რეაბილიტაცია ესაჭიროება, გადაყვანა უნდა საავადმყოფოში, სადაც მასაჟებს გაუკეთებენ, რაც სახლის პირობებში შეუძლებელია, შესაბამისი მკურნალობა რომ ჩაუტარდეს, გადაადგილებას შეძლებს“ –  ამბობს ექიმი. 

 

 

სახლის გამაგრების მიზნით ოჯახმა დახმარებით სამერქანე ხე მოჭრა. უნებართვოდ მოჭრილი ხისთვის გარემოს დაცვის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახი დააჯარიმა. „სახურავის გამაგრების მიზნით ხე მოვჭარით, უკანონოაო და 2000 ლარით დამაჯარიმეს, სოფელი დაგვეხმარა, ზოგი მათ, ზოგიც ნათესავებმა გადამიხადეს ჯარიმა“ –  ამბობს შუშანა.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: