მთიანი აჭარა

მემთეური ქალები ვერხვნალიდან

20.08.2014 • 2732
მემთეური ქალები ვერხვნალიდან

 

მემთეურებს შორის ვერხვნალის დასახლებაში უჩხოელი ემინე ბოლქვაძეცაა. ის ამ საქმეს თითქმის 20 წელია ეწევა, როგორც ემინე ამბობს, მემთეურობა მემკვიდრეობით ერგო, ადრე ამ საქმეს მისი დედამთილი ეწეოდა.

 

 

დღის პირველი საათისთვის ემინეს ძირითადი საქმეები დასრულებული აქვს. ამბობს, რომ ახლა შეუძლია თურქულ სერიალს უყურო, ან ახალ ინფორმაციას მოუსმინოს. ამბობს, რომ აქ დასვენების დრო თითქმის არ აქვს, მაგრამ ცოტა ხანს ჩამოჯდება და „წაისვენებს“ მაინც.

 

 

მისი ყოველი დღე სისხამ დილით იწყება. ადგომას ყოველდღე ჩქარობს, რომ საქმეები დროულად მოაგვაროს, ძროხები მოწველოს, საბალახოდ გაუშვას და სანოვაგეს კარაქი თუ ყველი შემატოს.

 

„20 მაისს ამოვიბარგე, დავბინავდი და პირუტყვიც დავაბინავე, მას შემდეგ აქ ვარ, ჩემთან ერთად ქმარიც იყო. ბარში სათიბები რომ დაიწყო, იქ წავიდა მოსათიბად, ახლა ჩემთან ერთად გათხოვილი გოგოს შვილია. სულ ორნი ვართ სახლში, ის მეხმარება, პირუტყვს ვუვლი, ყველს, კარაქს, ყურუთს ვაკეთებ და ზამთრისთვის ვემზადებით, დაგროვილ პროდუქტს ქვაბებში ვინახავ. რაც მჭირდება ვიტოვებ, რაც არა _ ვყიდი და ხელს ვიბრუნებ.~

ემინე ამბობს, რომ 11 სულ საქონელს უვლის, ოთხ ხბოსა და შვიდ მეწველ ძროხას. `ავდგები თუ არა, ღუმელს ვანთებ და ძროხების მოსაწველად ბოსელში გავრბივარ. ვწველი და ვუშვებ საბალახოდ. მერე რძის დამუშავებას ვიწყებ, წინა საღამოს და დილით მოწველილ ცეცხლზე წამოვათბობ და სეფერატორში ვხდი, საიდანაც კაიმაღი გამოდის“, – მიხსნის ემინე.

 

 

„ძროხები ასაკოვანი ხალხის საქმეა, ბარში რძლები რჩებიან, მთებში დედამთილები მოდიან, განა იქ ცოტა საქმეა?! სათიბს მოხუცი ვერ გასწვდება. ადრე, როცა დედამთილი ცოცხალი იყო და შეეძლო, ის მოდიოდა მთაში, მე ბარში ვრჩებოდი. როცა მე არ შემეძლება, ჩემი რძალი წამოვა აქ, ასე. მემკვიდრეობითაა, ბარში თუ ავდარი იქნება, მოისვენებ მაინც, აქ ვერა, ძროხამ სად იცის ავდარი, მაინც უნდა მიხვიდე მოსაწველად, 5 საათზე რომ მოვლენ, ისევ მიხედვა და მოწველა უნდა, ასეა ჩვენი ცხოვრება, სულ საქმეა მთაში“, – ამბობს ემინე.

 

 

ემინეს აქ ბოსტნეულიც მოჰყავს: „კარტოფილი, მწვანილი, ფხალი და ცოტა მარწყვიც. ბევრი არ მაქვს კარტოფილი დარგული, თუ კარგი მოსავალი იქნა, ასე 40 ტომარა კარტოფილი მოვა, აქ კარგი კარტოფილი მოდის, გემრიელია და თავსაც კარგად ინახავს, თუ წასვლამდე დამწიფდა, ამოვიღებთ მიწიდან, თუ არ მოესწრო, მერე ამოვდივართ ამოსაღებად“, – ამბობს ის.

 

 

ზოგიერთი მემთეური აქ სექტემბრის ბოლომდე რჩება, ზოგიც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ეს ამინდზეა დამოკიდებული. ქალბატონ ემინეს მთაში დარჩენა სექტემბრამდე აქვს დაგეგმილი.

 

 

„სექტემბერში აქ ისე აცივდება, რომ ვეღარ გაჩერდები. ყველაფერს ვტოვებთ ტელევიზორის გარდა, ჩავალაგებთ ბარგს და სოფლის ყიშლაზე (სხვა იალაღზე) გადავდივართ, იქ გადაგვყავს საქონელი გამოსაკვებად. ერთი თვე ყიშლაზე დავრჩებით და როცა ზამთარი მოახლოვდება, სახლს დავუბრუნდებით. ყიშლა სოფელთან ახლოს არის, მაგრამ იქ არც შუქია და არც ტელევიზორი, სოფლის ყიშლაზე აქ ამოსვლამდეც ვართ ერთი თვე“ –  ამბობს ემინე.

 

 

ემინეს საქმეში შვილიშვილი ნონაც ეხმარება. ნონა ჯერ სკოლაში დადის, მაგრამ გართობისთვის ცოტა დრო აქვს. ნონა ბებიას მარჯვე ხელია, პირუტყვის დაბინავება, სახლის დალაგება მასზეა. ამასთან რძიანი ჭურჭელი გასარეცხად მას ელოდება, ბებიას სახლის საქმისთვის დრო ნაკლებად რჩება. 

 

 

„რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ჩვეულებაა. სამი წელია ასე ვეხმარები ბებიას, ჩემი ოჯახიც დიდი ხანია ეწევა მემთეურობას და მეც ვიცი ეს საქმეები, მაგრამ ძნელი საქმე მე არ მიწევს. სანამ დედაჩემი ავად გახდებოდა და ბარში წავიდოდა, ის ეხმარებოდა ბებიას, ახლა მე ვეხმარები, აქ ჩვენი სამი ძროხაა და იმას ხომ უნდა მიხედვა? ჩვენ არ ვყიდით კარაქსა და ყველს, სახლში ბევრი ვართ და გვჭირდება. სოფელ დეკანაშვილებში ვცხოვრობთ. მეცხრე კლასში გადავედი, ჯერ პროფესია არ ამირჩევია, მაგრამ მინდა უმაღლესი განათლება მივიღო“, – ამბობს ნონა.

 

 

ჩვენი საუბრის დროს ოთახში ნონას ნათესავი და მეგობარი მარიც შემოდის. მარიც ნონას მსგავსად ბებიას მარჯვე ხელია, სკოლა წელს დაამთავრა, სკოლის დამთავრების შემდეგ მთაში ამოვიდა, ახლა კი ბარში წასასვლელად ემზადება.

 

 

„აქ ბევრი საქმეა და ბებიას დასახმარებლად ამოვედი, მაგრამ ბარში სათიბები დაიწყო და იქ ვჭირდები ოჯახს. აქ შუამთობის დროს კარგია უფრო, მხიარულება და გართობაა, ნათესავები ამოდიან და ერთად ვიკრიბებით. ახლა შუამთობის დღესასწაული დასრულდა, ნათესავები წავიდნენ და მოვიწყინეთ,“ – ამბობს მარი.

 

 

შუადღეზე, როცა ყველა საქმეს ასრულებს, მემთეური ქალები ყავაზე იკრიბებიან.

 

 

„ხან ერთთან ვიყრით თავს, ხან მეორესთან, ცოტას ასე წავისვენებთ“, – ამბობს მარის ბებია შუშანა თავართქილაძე.

 

 

ემინეს სახლის გვერდით მისი მაზლის ცოლის ფატი ბოლქვაძის ქოხია. ის აქ ოთხი წლის შვილიშვილთან, ბექასთან ერთადაა.

 

 

„ახლა აქ გაადვილებულია ცხოვრება, ადრე შუქი არ იყო, არც ტელევიზორი, არც ფული იყო, ახლა ჩვენს პროდუქციას ზოგს აქვს ფასი, ზოგს არა, მაგალითად, კარტოფილს – არა, რძის ნაწარმს – კი“, – ამბობს ფატი.

 

 

საუბრისას მარი ბავშვობას იხსენებს, როცა ბებია ძროხას ლამპის შუქზე წველიდა.

 

 

მემთეურებს პრობლემებს ბეშუმამდე მისასვლელი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა, შემოჩვეული მტაცებელი ცხოველი და წვიმის დროს ადიდებული მდინარეები უქმნის. ნადირმა ემინეს ხბო შეუჭამა.

 

 

„ხუთი ხბო მყავდა, ერთი ისეთი ჭრელი და ლამაზი იყო, მაინცადამაინც ის დამეკარგა, ალბათ ნადირმა შემიჭამა“, – ამბობს ემინე.

 

 

როგორც ამბობენ, პირუტყვების მეთვალყურეობისთვის მორიგეობა დააწესეს, მტაცებლისგან თავდაცვის მიზნით მორიგე მწყემსები ფერდობზე შეფენილ ნახირს დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებენ.

 

 

„ნადირი შემოგვეჩვია და ჩვენც მორიგეობა დავაწესეთ. ყველა დღე მთელი უბნის პირუტყვს ოთხი მწყემსი აძოვებს. დილით გავრეკავთ ფერდობებზე და საღამოს 5 საათზე მორეკავენ, ვისაც ბევრი პირუტყვი ჰყავს, იმას უფრო მეტი დღე უწევს მორიგეობა“, – ამბობს ფატი და დასძენს: – „არ ვარგა ჩვენთან მოსასვლელი გზა, მანქანები ვერ დადიან. სადაც კარგად არის გზები და ინფრასტრუქტურა, იქ გარბის ტურისტი“.

 

 

ემინეს აზრით, საქმე, რასაც ის და მისი მეზობელი ქალები აკეთებენ საკმაოდ რთულია „მაგრამ შეჩვეულები ვართ ამ საქმეს, სოფელს ხომ ვერ დატოვებ და ყველა ვერ წავა ბათუმში. სოფელში რომ იქნები, პირუტყვიც უნდა გყავდეს და ბოსტნეულსაც უნდა მიხედო, სხვანაირად ვერ გაიტან თავს. ხუთი შვილი მყავს, ორი ბიჭი და სამი გოგო, ერთი ბიჭი ქალაქში ცხოვრობს, მეორე – სოფელში, ქალაქელი შვილიშვილები რომ ამოდიან სოფელში, მაგრამ მალე გარბიან, ბათუმი უნდათ ბაღნებს“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: