მთიანი აჭარა

სოფელი სასმელი წყლის მოლოდინში

09.08.2014 • 1454
სოფელი სასმელი წყლის მოლოდინში

 

შპს „ტერმინალის“ ტექნიკური განყოფილების უფროსი გიორგი ბენდელიანი ამბობს, რომ კომპანიამ ბუთურაულსა და ფურტიოში სამუშაოები დაასრულა. იგი აქვე დასძენს, რომ სამუშაოები რთული შესასრულებელია.

 

„ჭაბურღილებს სოფლებში, დამკვეთის, ამ შემთხვევაში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მითითებულ ადგილზე ვაკეთებთ. ჩვენმა კომპანიამ ოთხ სოფელში თითო ჭაბურღილი უნდა გააკეთოს, ოთხიდან ორის მშენებლობა სოფლებში _ ფურტიოსა და ბუთურაულში დასულდა, ორ სოფელში კი, სამუშაოები მიმდინარეობს. რთული და შრომატევადია ჭაბურღილის მოწყობა, ბუღღვით პროცესს, მილის ჩასმასა და ფილტრის დაყენებას მოიცავს“, – ამბობს გიორგი ბენდელიანი.

 

2013 წელს წყლის საძიებო ჭაბურღილები გაკეთდა ამავე მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ნიგაზეულში, ნენიასა და წყაროთაში. ჭაბურღილების მოწყობისთვის გასულ წელს 72 950 ლარი დაიხარჯა, თუმცა ამ დრომდე სოფლის მოსახლეობა ჭის წყლით ვერ სარგებლობს, რადგან ჭაბურღილებზე წყლის საქაჩი და გამანაწილებელი არ არის დაყენებული.

 

„წყლის პრობლემა გვაქვს, გასულ წელს დაიწყო ჭაბურღილის კეთება, გაკეთდა, მაგრამ არ ფუნქციონირებს, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა“, – ამბობს სოფელ წყაროთას მკვიდრი ვახო ნაკაშიძე.

 

ჭაბურღილი არ ფუნქციონირებს სოფელ ნენიაშიც. სოფლის მკვიდრი მერაბ ქამადაძე ამბობს, რომ სოფელში 220 კომლი ცხოვრობს და სასმელი წყლის პრობლემა მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ჭაბურღილის ამოქმედება კი, მისი გათვლით, მინიმუმ 40 კომლს სასმელი წყლის პრობლემას გადაუჭრის.

 

„ჭების მოწყობა კარგი პროექტია, დამატებით სამუშაოებია ჩასატარებელი, მალე გაკეთდება. მართალია, მთლიანი სოფლის პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ გამგებელი დაგვპირდა, რომ დამატებით ორ ჭაბურღილს გაგვიკეთებს“, –  ამბობს მერაბ ქამადაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ გასულ წელს გაწერილი იყო მხოლოდ წყლის საძიებო სამუშაოების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ წყალი ავიდოდა მეორე ეტაპზე, ჭაბურღილებზე წყლის გამანაწილებელს და საქაჩს დააყენებდნენ. შარაშიძე აქვე დასძენს, რომ გასულ წელს სამ სოფელში გაკეთებული ჭაბურღილიდან წყალი მხოლოდ ორ სოფელში ავიდა.

 

ედნარ შარაშიძე: „სოფელ ნენიასა და წყაროთაში წყალი ამოვიდა, ნიგაზეულში – არა. შესაბამისად მხოლოდ იმ ორ ჭაბურღილზე დავაყენებთ წყლის საქაჩს და გამანაწილებელს. შესაბამისი პროექტები მომზადებულია, თანხაც მოძიებული, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. წყაროთასა და ნენიაში ჭაბურღილის ამოქმედებისთვის 57 000 ლარია საჭირო. ეს მთლიან სოფელს სასმელი წყლის პრობლემას ვერ გადაუწყვეტს, 40-60 ოჯახამდე შესაძლოა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ნიგაზეულს, სადაც წყალი არ ამოვიდა, მოძიებულ იქნა ალტერნატიული წყაროს წყალი სოფლის ბოლოში. აქ დავგეგმეთ აუზის მოწყობა, გეგმის განხორციელების შემთხვევაში წყაროს წყლით 40 ოჯახის პრობლემა მოგვარდება. წყაროს წყლის გარდა ამ სოფელში სხვა წყალი არ არის“.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი