მთიანი აჭარა

პატარა სპორტსმენების პრობლემები

31.07.2014 • 1722
პატარა სპორტსმენების პრობლემები

 

ფოტოს გადაღებისას ბავშვები თამაშს აჩერებენ და ვინაობას მეკითხებიან. „აქ კარები არ არის, ქვებს ვაწყობთ და ჩვენი კარები ესაა. შორიდან არ ჩანს, აი იქეთაა“, – მაჩვენებს ვიტალი მელაძე და თან მეუბნება: „ადრე უფრო ბევრი ვიყავით, სკოლა რომ მოიხსნა, ზოგი სოფელში წავიდა, ზოგი ქალაქში“.

 

ბავშვები საუბარს ერთმანეთს არ აცლიან. ზოგი ჩემპიონატსა და მის საყვარელ გუნდზე საუბრობს, ზოგი ამბობს, რომ ოცნებობს ფეხბურთელობაზე. სხვა ამბობს, რომ უნდა სტადიონი მოუწყონ.

 

„გვინდა ფეხბურთის და კალათბურთის ფარები იყოს. მე კალათბურთი უფრო მიყვარს, ვიდრე ფეხბურთი, მაგრამ რომ არ არის ფარები, ფეხბურთს ვთამაშობ. ქვებით ვაკეთებთ კარს, კალათბურთის ფარს ასე ვერ გააკეთებ. ადრე სკოლის ეზოში ვთამაშობდით, იქ არის მოედანი. ეროვნული გამოცდები რომ დაიწყო, ფარები ჩამოხსნეს“,  – ამბობს საბა ზოიძე.

 

მოედნის ბოლოში ერთსართულიანი შენობა დგას, რომელიც 2011 წელს გასახდელისა და საშხაპის დანიშნულებით აიგო. თუმცა, ამ დრომდე უფუნქციოა, 2011 წელს აშენებულ საშხაპემდე წყალი დღემდე არ მიუყვანიათ.

 

სასპორტო სკოლას აქ ათი სპორტული სექცია აქვს, მათ შორის ფეხბურთის და კალათბურთის, სპორტსკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბავშვებს მეცადინეობა ფეხბურთში საჯარო სკოლის ეზოში მოედანზე უტარდებათ, კალათბურთში კი სკოლის დარბაზში და დასძენს, მინი ფეხბურთში პრობლემები არ ექმნებათ.

 

„ფეხბურთში სამი ჯგუფი გვაქვს, ორი დაბაში და ერთიც სოფელ ქვემო ვაშლოვანში. დაბაში სკოლის მიმდებარე მოედანზე ვარჯიშობენ ჩვენი მოსწავლეები, მოედანი პატარაა, მაგრამ შეიძლება დაწყებითი ეტაპის მომზადება გაიაროს სპორტსმენმა. მართალია, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა, მაგრამ მუნიციპალიტეტისაა, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ითამაშოს, ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი მოსწავლეების განკარგულებაშია. რაც შეეხება სპორტკომპლექსის სტადიონის დიდი ფეხბურთისთვის, ესეც არ აკმაყოფილებს სტანდარტს, ფართი არასაკმარისია. სტანდარტებში რომ მოექცეს ფართი უნდა გაიზარდოს, ამისთვის კი საშხაპეების აღება მოგვიწევს. დაგეგმილია თანამედროვე ტიპის მოედნის მოწყობა, არ იყო გასახდელი და საშხაპეები, აშენდა, ყველაფერი მზადყოფნაშია, მხოლოდ წყალი არ არის. მოედანზე ხელოვნური საფარია მოსაწყობი, სტადიონს არც მომვლელი ჰყავს“, – აცხადებს ჯუმბერ ბოლქვაძე.

 

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ სტადინის სადრენაჟე არხების, საყრდენი კედლების, საშხაპისა და გასახდელის მოწყობა მუნიციპალიტეტს 10 000 ლარამდე დაუჯდა.

 

ფეხბურთის მწვრთნელი მერაბ ბოლქვაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და დასძენს, რომ მოსწავლეებს ადრე სპორტკომპლექსის მოედანზე ამეცადინებდა, მას შემდეგ, რაც საშხაპე აშენდა მოედნის ზედაპირი მწყობრიდან გამოვიდა.

 

მერაბ ბოლქვაძე: „ჩვენი მოსწავლეები ორი ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, ერთიც ქედის „ბეთლემში“ პირველ ლიგაში. აქ შეიძლება გაიზარდოს კარგი სპორტსმენი. პირობები არ გვაქვს, დიდი სტადიონი არაფრად ვარგა, მინდორი გაფუჭდა, მაგრამ თავი პატარა სტადიონზე გაგვაქვს. ადრე ამ სტადიონს ვიყენებდით, თუმცა, რაც სკამები დააწყეს, გასახდელი და საშხაპე შენობა ააშენეს მწყობრიდან გამოვიდა სტადიონის ზედაპირი, აქ ბავშვს როგორ ვათამაშებ, ფეხი რომ მოიტეხოს მერე რა ვუთხრა მშობელს?“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: