მთიანი აჭარა

რას ელიან ღორჯომში არჩევნებისგან

21.05.2014 • 1387
რას ელიან ღორჯომში არჩევნებისგან

თქვეს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით საარჩევნოდ ზეწოლას არ განიცდიან. „დღეს არჩევნებზე ყველა თავისუფალი იქნება“, – თქვა ადგილობრივმა იმედა ირემაძემ. მათთვის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს არ წარადგენენ.

„შანსები ისეთია, რომ არ გაიფუჭებს ადამიანი თავს. შენზე მეტი შესაძლებლობები როცა აქვთ, არ უნდა ებრძოლო. ეძებენ ისეთ კანდიდატს, რომელიც სარგებლობს მხარდაჭერით. ვისაც მფარველობს ამხელა ძალა, ის იმარჯვებს“, – ამბობს იმედა ირემაძე.

კითხვაზე, როგორ კანდიდატს ისურვებდით? – ღორჯომში პასუხობენ:  განათლებულს, სოფელს კარგად უნდა იცნობდეს. აქ ამბობენ, რომ გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა ახალგაზრდული ენერგიაა საჭიროა მთის პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ღორჯომელები იმასაც ამბობენ, რომ არ ექნებათ პრობლემა კანდიდატი ქალი იყოს, ეს იმ ფონზე, როცა შეხვედრაზე ერთი ქალიც კი არ მოსულა.

სად არიან ქალები? – ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ ქალებმა არ იცოდნენ შეხვედრის შესახებ. „აქ ზამთარი რვა თვეს გრძელდება, დედაკაცს გაუჭირდება გადაადგილება, პრობლემის ეპიცენტრში მისვლა, სოფელში ტექნიკური საშუალებებიც კი არ გვაქვს ზამთარში გზის გასახსნელად“, – ამბობს თენგიზ ირემაძე, სოფლის გამგებელი.

„ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ეს პრობლემები წლებია გვაწუხებს, თუმცა არავინ ზრუნავს მის მოგვარებაზე. ხომ იმგზავრეთ ჩვენს ოღრო-ჩოღრო გზაზე – ოცი წუთის სავალს ორ საათს ვანდომებთ. ისეთ გამგებელს ვისურვებდით, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემებს“, – ამბობს ოთარ პაიჭაძე.

შეხვედრის დასასრულისკენ დისკუსიის მოდერატორმა სოფლის მოსახლეობას პრობლემების დასახელება სთხოვა. ამან მსმენელების გააქტიურება გამოიწვია.

„თავს ვინახავთ სოფლის მეურნეობით, კარტოფილის მოსაყვანად დიდი შრომაა საჭირო, სასუქი ძვირია და გვიჭირს შეძენა, სახელმწიფო რასაც გვაძლევს, არასაკმარისია და ხშირ შემთხვევაში უხარისხოც. წვალებით მოყვანილ კარტოფილს ვერ ყიდი – ფასით კონკურენციას თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი გიწევს. ჩვენ კილო კარტოფილის მოყვანა ორმოცი თეთრი გვიჯდება – ამაზე ნაკლებად ვერ ჩავაბარებთ. გვიფუჭდება მოსავალი, არც კი გვიღირს მოყვანა. მესაქონლეობასაც მივსდევთ, თუმცა შესაძლებლობა არ გვეძლევა ექსპორტზე გავიტანოთ ხორცი, ეს უსამართლობა არ არის?“ – ასე აყალიბებს სოფლის სათქმელს ერთ-ერთი გამომსვლელი.

აქ ამბობენ, რომ სპეციალისტების არ არსებობის გამო მათ შვილებს განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ: „ჩემი შვილი შარშან ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებზე, ერთი ქულა დააკლდა ინგლისურში. სოფელში არ ასწავლიან უცხო ენას ისე, როგორც ქალაქად. ხომ შეიძლება შეღავათი გაუწიონ ამ ბავშვებს, მისცენ საშუალება ჩაბარების, იქ რომ არ ისწავლიან, მერე გამომიგზავნონ ვერ სწავლობსო. ახლა ამ ბიჭებს ხომ უყურებთ? – მაისის დადგომას ელოდებიან, რომ წავიდნენ თურქეთში სამუშაოდ. განათლებას ვერ იღებენ და ოჯახები ხომ უნდა არჩინონ. ამის გამო მონურ პირობებს უძლებენ, ჯანმრთელობას იფუჭებენ, ჩაის პლანტაციებში მუშაობენ დღეში 12 საათს“, – ამბობს ადგილობრივი ექიმი ალიკა პაიჭაძე.

სოფელში ცოტაა სამუშაო ადგილი, მოსახლეობა დაბალი ანაზღაურების გამოც ჩივის: „ორასი ლარი რაში გეყოფა? როცა მუშაობ, ნორმალური ანაზღაურება უნდა გქონდეს. მწვრთნელი გვჭირდება, მაგრამ შტატი არ არსებობს, რომ ვინმე მოვიყვანოთ სამუშაოდ. ჩვენს ბაღნებს ფეხები სულ გადატყავებული აქვთ, ბეტონის სტადიონზე თამაშობენ ფეხბურთს. რა მოხდება, სტადიონზე ხალიჩა რომ დააგონ“, – ამბობს ოთარ პაიჭაძე.

სოფელში სახანძრო ბრიგადის საჭიროებაც გაამახვილეს ყურადღება. სოფლიდან, სადაც ჯერ კიდევ ხის სახლებში ცხოვრობს უმრავლესობა, სახანძრო სამსახური 15 კილომეტრითაა დაშორებული – ხულოს ცენტრში მდებარეობს. ცუდი გზის გამო ამ მანძილის დაფარვას თითქმის ორი საათი სჭირდება. როგორც სოფელში თქვეს, რამდენიმე თვის წინ ერთი სახლი სახანძროს მოსვლამდე მთლიანად დაიწვა.

იმედა ირემაძე კი ინტერნეტს ითხოვს: „21-ე საუკუნეში ინტერნეტი არ გვაქვს, ხომ ლაპარაკობენ სოფლის განვითარებაზე, რეალურადაც უნდა ზრუნავდნენ ამაზე, არჩევნების შემდეგაც ახსოვდეთ პირობები, რომელსაც გვთავაზობენ“

დისკუსია ღორჯომში არასამთავრობო ორგანიზაცია „შენ დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით გაიმართა და მას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვერა გოგოხია უძღვებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: