მთიანი აჭარა

შემოტანილი თევზი – საკალმახე მეურნეობების პრობლემა

21.05.2014 • 3769
შემოტანილი თევზი – საკალმახე მეურნეობების პრობლემა

 

„ერთი კილოგრამი კალმახის წარმოება მეთევზეს ექვსი ლარი უჯდება, არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა შრომას ითხოვს ეს ყველაფერი. იშვიათად შვიდ ან რვა ლარად თუ ჩააბარებ თევზს. ფასი იკლებს, როცა თურქეთიდან გამოშიგნული, გასუფთავებული თევზი შემოდის და უფრო დაბალ ფასად იყიდება“, – ამბობს ასლან დუმბაძე. ის ხუთწელზე მეტია, რაც კალმახის წარმოებას ეწევა.

 

მეთევზეების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ადგილზე თევზის საკვები პროდუქტი ე.წ. კორმა არ იწარმოება. „რაღაც პერიოდში მარნეულში აწარმოებდნენ, მაგრამ უხარისხო იყო“.

 

კორმა, ძირითადად, თურქეთიდან შემოაქვთ, კილოგრამის ფასი სამი ლარია. ევროპიდან შემოტანილი კორმა კი 3,50 ლარი ღირს და უფრო ხარისხიანია. თუმცა როგორც მეთევზეები ამბობენ, ძირითადად, თურქულ კორმას იყენებენ.

 

ასლან დუმბაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა შემოაქვთ ხარისხიანი კორმა, რომელშიც მეთევზეები სამ ლარს იხდიან, შემდეგ ჯერზე კი იმავე ფასად უხარისხო კორმა შემოაქვთ, ანუ ხარისხი არ კონტროლდება.

 

„ჩვენ ხარისხის ვიზუალურად განსხვავება არ შეგვიძლია და ამიტომაც ვზარალდებით“, – ამბობს მეწარმე.

 

გაცილებით მაღალი, 17-18 ლარია კორმის იმ სახეობის ფასი, რომელსაც ე.წ. ლიფსიტების გამოსაკვებად იყენებენ.

 

იმისთვის, რომ მეთევზეს მოგება დარჩეს და მას საქმიანობის გაგრძელების სტიმული ჰქონდეს, თევზი თვითღირებულებაზე ერთი ლარით მეტად მაინც უნდა ჩააბაროს.

 

გასულ წელს 800 ტონამდე თევზის წარმოება შეძლო სოფელ მარადიდის მკვიდრმა თამაზ ღომიძემ. ის ამბობს, რომ მისი თევზი გემრიელია, რადგან თევზს მდინარის წყალში ზრდის და ხარისხიანი პროდუქტით კვებავს. შესაბამისად, გაყიდვაც არ გასჭირვებია და კილოგრამი თევზი ბაზარზე რვა ლარად ჩააბარა. წელს იმის გამო, რომ პროდუქტის ჩასაბარებელი ფასი არასტაბილურია, მეწარმემ გადაწყვიტა, პროდუქტის ნაწილი ბაზარში არ ჩააბაროს. `ვაპირებ, სოფელში მოვაწყო ინფრასტრუქტურა, რაც თევზის ადგილზე გაყიდვის საშუალებას მომცემს. ეს იქნება რესტორანი ღია ცის ქვეშ, საბანაო აუზით, სადაც სტუმრებს დასვენებისა და გართობის საშუალება ექნებათ“, – ამბობს თამაზ ღომიძე.

 

გასულ წელს მეთევზეებმა პრობლემების ერთად დაძლევის მიზნით აჭარის მეთევზეთა ასოციაცია ჩამოაყალიბეს. ასოციაციას მეთევზეების პრობლემების შესწავლაზე, გაანალიზებასა და დაფინანსებაზე უნდა ემუშავა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით ბერიძის ინფორმაციით, მეთევზეები ასოციაციის საქმიანობით დიდად არ დაინტერესებულან.

 

„ჩვენთან არ დაუსვამთ საკითხი იმაზე, რომ შემოტანილი თევზი იაფია და ეს მათ პრობლემებს უქმნის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავარი პრობლემა თევზის საკვებია, რაც ადგილობრივ ბაზარზე არ იწარმოება“.

 

მეწარმე იოსებ ანანიძის თქმით, ასოციაციაში მხოლოდ კონსულტაციით შემოიფარგლებიან, მათ კი სხვა რამეც სჭირდებათ: „კარგი იქნებოდა, თუ დააწესებენ შეღავათიან კრედიტს, მეწარმესთვის მისაღები გრაფიკით. ეს გამოიწვევს საკალმახე მეურნეობის განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას. ადგილზეც შესაძლებელია ხარისხიანი კორმის წარმოება, მაგრამ საქმის დასაწყებად პირობები არ არის. მეც მივმართე ბანკს იაფი აგროსესხის მისაღებად, მაგრამ… საქმის დაწყებაში სახელმწიფო ფულს არ დებს“.

 

მეწარმეები ამბობენ, რომ საქართველოში ექსპორტიორები უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე თვითონ, ანუ სახელმწიფო არ იცავს ადგილობრივი ბზნესის ინტერესებს. მეწარმეებს არ ეთანხმება გელა სამხარაული, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. „იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, რაც ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს, საქართველო რეგულაციების დაწესებით ქართველ მეწარმეს განსაკუთრებულ პირობებში ვერ ჩააყენებს. მეთევზეებთან დაკავშირებით კი ჩემი მოსაზრებაა – შეიძლება სახელმწიფო ადგილზე ე.წ. კორმის დამზადებისთვის საჭირო საწარმოების შექმნით დაეხმაროს“, – ამბობს გელა სამხარაული.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მეორე კომპონენტის ფარგლებში მეთევზეობის დარგის დაფინანსების მიზნით 133 კრედიტი, სულ 3 973 250 ლარია გაცემულია, აქედან აჭარის რეგიონში გაიცა ექვსი კრედიტი.

 

მესამე კომპონენტის ფარგლებში გაცემულია მილიონ 296 000 აშშ დოლარის ოდენობის 18 შეღავათიანი აგროკრედიტი. აქედან აჭარის რეგიონში გაიცა ერთი სესხი და გაიხსნა ახალი საწარმო.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საკალმახე მეურნეობის დარგის ხელშეწყობის პროგრამა არ აქვთ. ამ უწყების ინფორმაციით, აჭარაში 91 საკალმახე მეურნეობა მუშაობს.

 

„ბათუმელები“ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას დაუკავშირდა. ამბობენ, რომ ინფორმაციას მეთევზეების პრობლემებზე არც იქ ფლობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: