მთიანი აჭარა

მინერალური წყალი, სასტუმრო და აბანოები კოკოტაურში

03.05.2014 • 4119
მინერალური წყალი, სასტუმრო და აბანოები კოკოტაურში

 

მინერალური და მტკნარი წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს, აბაზანებისა და სასტუმროს ერთობლივი კომპლექსის მშენებლობა სოფელ კოკოტაურში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასულ წელს დაიწყო. მშენებლები სამუშაოების დასრულებას ერთ თვეში ვარაუდობენ, რის შემდეგაც საწარმოში ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებულ მინერალურ წყალ „კოკოტაურს“ ახალი ეტიკეტით ჩამოასხამენ, მინერალურ წყალთან ერთად აქ მტკნარი წყალიც უნდა ჩამოასხან.

 

შპს „კოკატაურის“ მენეჯერი  ბადრი ნაკაშიძე ამბობს, რომ მინერალური და მტკნარი წყალი პირველ ეტაპზე არსებულ პლასტმასის ბოთლში ჩამოისხმება, რომელსაც მოგვიანებით შუშის ბოთლი ჩაანაცვლებს.

 

„მინერალური წყალი „კოკოტაური“ ამ ეტაპზე ყოფილ საწარმოში ისხმება, ერთ თვეში ახალ შენობაში გადმოვინაცვლებთ, სამუშაოები დასრულების ფაზაშია. საწარმო თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა, იტალიიდან და რუსეთიდან შემოტანილი დანადგარები დაყენდა. აქ დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 10 000 ლიტრი მინერალური წყალი ჩამოვასხათ, არსებული მარაგი საშუალებას იძლევა გაცილებით მეტი რაოდენობა ჩამოვასხათ, 18 და 22-ტონიანი რეზერვუარები გვაქვს, მაგრამ ამას შეფუთვა სჭირდება, რეალიზაცია და 10 000 ლიტრი ამ ეტაპისთვის სრულიად საკმარისია.

 

შენობის მეორე სართულზე სასტუმრო განთავსდება, 22 ნომერი გვაქვს, ყველა ორადგილიანია, სასტუმროს გვერდით მინერალური წყლის აბანო მოეწყობა,  დამსვენებელსა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისარგებლოს აბანოებით და მიიღოს მინერალური წყლის აბაზანა“- ამბობს ბადრი ნაკაშიძე.

 

ბადრი ნაკაშიძის თქმით, მინერალური წყლის ტარიფი არ შეიცვლება, რაც შეეხება მტკნარ წყალს, ამ ეტაპზე წყლის შესაძლო ღირებულება განსაზღვრული არ არის. „კოკოტაურის“ მფლობელი, ბელორუსიაში მოღვაწე ქედელი ბიზნესმენი დავით ბედინაძე მინერალური წყლის გატანას საზღვარგარეთაც გეგმავს.

 

„პირველ ეტაპზე საჭიროა დასრულდეს შენობა და შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულებები ვერ გაფორმდება და მინერალური წყალი საზღვრებს გარეთ ვერ გავა“,- ამბობს ბადრი ნაკაშიძე.

 

მისივე თქმით, კომპლექსის გახსნის შემდეგ „კოკოტაურში“  ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება: „მინიმუმ 45 მუშახელი იქნება საჭირო, სავარაუდოდ, ყველა ადგილობრივი კადრი დასაქმდება“. 

 

1 ლიტრი მინერალური წყალი „კოკოტაური“  70 თეთრი, 0,5 ლიტრი კი, 55 თეთრი ღირს.

          

კომპლექსი, სადაც სასტუმრო და მინერალური წყლის აბანო უნდა მოეწყოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: