მთიანი აჭარა

მოტობლოკები ფერმერებს – დაგვიანებით

15.04.2014 • 4909
მოტობლოკები ფერმერებს – დაგვიანებით

ფერმერებმა მიწის დამუშავება უკვე დაიწყეს, თუმცა აჭარის სოფლის  მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის – „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში, 70%-იანი თანადაფინანსებით, მრავალფუნქციური მოტობლოკების დარიგება ჯერ არ დაუწყია.

360 ცალ მრავალფუნქციური მოტობლოკის შეძენაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოთხი ტენდერი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე ტენდერი  15 იანვარს გამოცხადდა, ერთ-ერთ მიმწოდებელთან ხელშეკრულება, რომელმაც 250 ცალი ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებით აღჭურვილი მოტობლოკი უნდა შეიძინოს, პირველ აპრილს გაფორმდა.

მოტობლოკი (18-თვიანი გარანტიით) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ფირმებმა D&S CROUP-მა და „აგროინვესტსერვის“-მა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის განმავლობაში უნდა შეიძინონ.

სხვადასხვა აღჭურვილობის მქონე 280 მრავალფუნქციურ მოტობლოკს შპს „აგროინვესტსერვისი“ შეიძენს.

250 მოტობლოკის შეძენაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 780 000 ლარზე 15 იანვარს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ბალა“-მ 635 000 ლარით მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხელშეკრულება შპს „აგროინვესტსერვისთან„ 754 000 ლარზე 1-ელ აპრილს გაფორმდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერში მონაწილე „ბალა“-ს დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო აბულაძე აცხადებს, რომ ფირმამ სატენდერო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„ბალა“ ჩინური წარმოების მოტობლოკს გვთავაზობდა, რომელიც ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და დისკვალიფიკაცია მიენიჭა. გამოვავლინეთ მომდევნო პრედენტენტი – „აგროინვესტსერვისი“ და მასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება“, – აცხადებს სოსო აბულაძე.

სამინისტროს მიერ დისკვალიფიცირებული ფირმა სამინისტროს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს, ფირმის დირექტორი რამაზ ბალაძე ამბობს, რომ სამინისტრო ხელშეკრულებას იმ ფირმებთან აფორმებს, რომლის მფლობელებიც სამინისტროს თანამშრომლების ნათესავები და მეგობრები არიან. მისივე თქმით, სამინისტროს მიერ შეფასებული მოტობლოკის საცალო ღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი.

„დოკუმენტაციაში შეცდომა იყო გაპარული, სამინისტრომ წერილობით მომმართა დამეზუსტებინა, რაც ჩასწორდა, მაგრამ მერე მითხრეს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შეცვალეო. სამინისტროს გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გავასაჩივრე.

ამბობენ სახელმწიფო 70-%-ს გიხდითო, რატომ იხდიან 3000 ლარს, როცა ბაზარზე ასეთი კულტივატორი 1500-1700 ლარი ღირს, მე დიდი სხვაობით მოვიგე ტენდერი, 145 000 ლარით ნაკლები შევთავაზე, ველოდებოდი ვაჭრობა წავიდოდა, მაგრამ ვაჭრობა გაჩერდა, რადგან ფირმამ, რომელსაც ხელშეკრულება გაუფორმეს, იცოდა მიზეზს მინახავდნენ და გაიმარჯვებდა. საზღვარგარეთ მოტობლოკის თვითღირებულება დამხმარე აგრეგატებით 1200 ლარი ღირს,“ – აცხადებს რამაზ ბალაძე.

80 მრავალფუნქციურ სათიბელ და  ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებით არჭურვილ მოტობლოკზე ტენდერი 400 000 ლარზე გამოცხადდა, გამარჯვებულ შპს D&S CROUP-თან ხელშეკრულება 28 თებერვალს 312 000 ლარზე გაფორმდა.

„იტალიაში წარმოებულ მოტობლოკს, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში შემოვიტანთ“ – ამბობს სოსო ლაზარიშვილი.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო აბულაძე ამბობს, რომ მოტობლოკების გაცემა დაგვიანებული არ არის.

„საგაზაფხულო სამუშაოები მაღალმთიანეთსა და დაბლობში აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება, აქედან გამომდინარე მოტობლოკის გაცემა დაგვიანებული არ არის, ჩვენ გვინდოდა 1-ელი აპრილისთვის დაგვეწყო დარიგება, მაგრამ „ბალამ“ გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა, რამაც პროცედურა დროში გაწელა. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაიწყება ტექნიკის გაცემა“.

თანადაფინანსებით ტექნიკის შეძენის მსურველი ბევრია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ეტაპზე ფერმერებიც არ შეურჩევია. სოსო აბულაძის თქმით, ფერმერებს კომისია შეარჩევს.

მინისტრის მოადგილის თქმით, „ფერმერები ჯერ არ შერჩეულა, საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს, რომელიც სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ მუნიციპალიტეტს რამდენი მოტობლოკი მიეწოდოს. პირველ ეტაპზე კოოპერატივების განცხადება დაკმაყოფილდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: