მთიანი აჭარა

“მოყვარე” დაფინანსების გარეშე

12.04.2014 • 2057
“მოყვარე” დაფინანსების გარეშე

 

 

„მოყვარეს” გასულ წლებში „ვარაზა” ერქვა. ანსამბლი ახალ სახელს 2009 წლიდან ატარებს, სახეცვლილება ანსამბლის მეცნიერულ მუშაობას უკავშირდება.

 

„აღვადგინეთ ძირძველი მერისული სიმღერა „მოყვარე”. გუნდის წევრების სურვილი იყო, აღდგენილი სიმღერის სახელი დაგვერქვა ანსამბლისთვის”, _ განმარტა ანსამბლ „მოყვარესა” და მერისის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ თურმანიძემ.

 

სიმღერა „მოყვარე” მერისის გუნდის შესრულებით 1947 წლის ჩანაწერებში ოქროს ფონდში ინახება. ძველი, ადგილობრივი სიმღერების მოძიება და გადამუშავება  ანსამბლმა 2009 წლიდან დაიწყო.

 

`15 სიმღერა აღვადგინეთ, მათ შორისაა „ორთამელური”, „სუფრული”, „თირილი”, „ჩარირამა”, „მოყვარე”… ეს სიმღერები 1953-1972 წლების ჩანაწერებშია შემონახული, დაგეგმილი გვაქვს ხუთი სიმღერის აღდგენა, „ნადური”, „ჩათხრობილი“,  „მასპინძლურის” და „ვოსას” მერისული ვარიანტი, მათგან მხოლოდ ერთი სიმღერის ჩანაწერი არსებობს და ისიც მხოლოდ ნაწილობრივი, ჩანაწერების არარსებობა სიმღერის დამუშავებისას სირთულეს ქმნის”, _ ამბობს ჯემალ თურმანიძე.

 

„მოყვარეს” რეპერტუარის გასაცნობად მერისში გასულ წელს ამერიკელი ფოლკლორისტი კარლ ლილიქი, ფრანგული ჯგუფი „ზოე დეღეპ” და „მადრი ქარი”,  სოფი ბილონგის ხელმძღვანელობით ეწვია.

 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მერისის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ “მოყვარეს” მიერ შესრულებული ძველი სიმღერები გასულ წელს ჩაწერა, სახელმწიფო სერტიფიკატი კი ანსამბლმა 2012 წელს მიიღო. წარმატების მიუხედავად, 10-წევრიანი ანსამბლის დაფინანსება ადგილობრივმა თვითმმართველობამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო.

 

მერისის კულტურის სახლი „ქედის კულტურის ცენტრის~ ფილიალია, რომელიც მთლიანობაში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვემდებარება, შესაბამისად სახელფასო ფონდსა და საშტატო ერთეულზე გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს.

 

„მოყვარეს” გარდა დაფინანსება არ აქვს მახუნცეთისა და ცხმორისის კულტურის სახლებთან არსებულ ანსამბლებს _ „თეთრობსა” და „ცხმორისს”.

 

კულტურის სახლის დირექტორი შორენა კარანაძე ამბობს, რომ ანსამბლის დაფინანსების თხოვნით ზემდგომ ორგანოებს არაერთხელ მიმართა.

 

„დაფინანსებასთან დაკავშირებით წერილობით მოთხოვნას გამგეობას ვუგზავნიდი, გამგეობა კი, ზემდგომს მიმართავდა. არ მინდა ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ, რატომღაც ფინანსთა სამინისტრომ თავი შეიკავა. მეც მაქვს ამ ანსამბლის დაფინანსების პრეტენზია, კარგი ანსამბლი იყო ყოველთვის, სწორად და გამართულად მუშაობდა. კარგი ანსამბლებია `თეთრობი~ და „ცხმორისიც”, _ ამბობს შორენა კარანაძე.

 

ანსამბლ „მოყვარეს” და მერისის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ თურმანიძის თქმით, მან ანსამბლის დაფინანსების დაპირება სახელმწიფო მოხელეებისგან არაერთხელ მიიღო.

 

„ანსამბლს დაფინანსება არასოდეს ჰქონია, მაგრამ არაერთხელ ყოფილა დაპირება; წელს გამგებელი დაგვპირდა ხელფასს, ჩვენც მისი იმედი გვაქვს”, _ ამბობს ჯემალ თურმანიძე.

 

მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ დანაპირებს შეასრულებს.

 

„ანსამბლების დაფინანსების საკითხი საკრებულოს კომპეტენციაა, მათ დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება დაფინანსების დაპირებას, მხოლოდ „მოყვარეს” დავპირდი და ავასრულებ კიდეც, ხელფასს წლის ბოლომდე მიიღებენ, ველოდები ბიუჯეტის კორექტირებას”, _ განაცხადა დავით დუმბაძემ.

 

კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა საკრებულომ მასზე დაქვემდებარებული აიპის _ ანსამბლის წევრების დაფინანსება წლების განმავლობაში, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე პასუხობს:

 

„ადგილობრივი ბიუჯეტი დოტაციაზეა, ჩვენ არ გვაქვს ჭარბი შემოსავალი. ფინანსთა სამინისტრომ ამისთვის თანხა თუ არ მომცა, მე როგორ დავაფინანსებ? ადგილობრივი შემოსავალი იმდენად მწირია, რომ მინიმუმსაც არ აკმაყოფილებს და  ხელფასებში არ მყოფნის. საკრებულომ ამის თაობაზე მოთხოვნა სამინისტროში არაერთხელ გააკეთა”. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: