მთიანი აჭარა

„ქართული ოცნების“ ქედის ორგანიზაცის თავმჯდომარე აირჩიეს

09.03.2014 • 1673
„ქართული ოცნების“ ქედის ორგანიზაცის თავმჯდომარე აირჩიეს

 

არაერთხელ გამოთქმული პროტესტის მიუხედავად დღეს ქედაში გამართულ პარტიულ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს მიერ წარდგენილმა ამირან ცინცაძის კანდიდატურამ დელეგატებისგან მხარდაჭერა მიიღო.

 

დამსწრე დელეგატებიდან თავი მხოლოდ პარტიის სამმა წევრმა შეიკავა.

 

პარტიულ ყრილობაზე, რომელსაც 70 დელეგატიდან 63 ესწრებოდა, პარტიის ქედის ბიუროც აიჩიეს.

 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი მზია საფარიძე ამბობს, რომ დელეგატებზე ზეწოლა განხორციელდა და პარტიის შემადგენლობა მართვადი პიროვნებებით ყალიბდება:

 

„აქტივის ნაწილს, რომელიც ასლან ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს, მურმან დუმბაძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი, ავთანდილ ბერიძე, ნუგზარ ფუტკარაძე შეხვდა და უთხრა, პოლიტსაბჭოს მიერ მოწონებულ ამირან ცინცაძის კანდიდატურას მხარდაჭერა უნდა მიეღო.  ეს კადრი  [ამირან ცინცაძე] არამარტო ჩემთვის, პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელია, მაგრამ რადგან აქტივისტების დიდი ნაწილი თემისა და სოფლის რწმუნებულები არიან, მათზე ზეწოლა განხორციელდა.“

 

“ამირან ცინცაძე, რომელიც ქედის გამგებლის თანაშემწის სიმამრია, ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის კანდიდატურაა.  ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავაპროტესტეთ მურმან დუმბაძის გადაწყვეტილება, როცა გამგებლად ნოდარ ძნელაძის დანიშვნა უნდოდა. მართალია ნოდარ ძნელაძე გამგებლად ვეღარ დაინიშნა, მაგრამ დღეს ბიუროს შემადგენლობაში დასახელდა, პარტიის წევრებს არავინ არაფერს ეკითხება, მართვადი პირებით აკომპლექტებენ პარტიას“ – აცხადებს მზია საფარიძე.

 

პარტიის რაიონული ორგანიზაციის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ასლან ლორთქიფანიძემ ყრილობაზე პარტიის წევრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სამართლიანობისთვის დაწყებულ ბრძოლას ქედაში ბოლომდე მიიყვანს.

 

„სამართლიანობის აღდგენაში ვიგულისხმე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სრულად მოვა [დღეს ასე არ არის და უსამართლობაც ამიტომ გრძელდებადა] რის შემდეგაც დაპირებები, რაც გავეცით, რეალიზებული იქნება“ – ამბობს ასლან ლორთქიფანიძე.

 

„ქართული ოცნების“ ქედის რაიონული ორგანიზაციის ახალარჩეული თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ პარტიაში ამ ეტაპზე დაპირისპირება არ არის და დასძენს „ის პიროვნული შეუთავსებლობებიც, რაც აქამდე იყო, აღმოიფხვრება“.

შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძემ გუშინ შუახევში განაცხადა, რომ თუ პარტიის წარმომადგენელი პოლიტსაბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდა, პარტიიდან გაირიცხებოდა. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი