მთიანი აჭარა

დაჯარიმებულები პრეზიდენტის პასუხს ელიან

01.02.2014 • 1853
დაჯარიმებულები პრეზიდენტის პასუხს ელიან

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დანდალოში, ზესოფელსა და წონიარისში უკანონოდ გაჩეხილ ხე-ტყესთან დაკავშირებით ბუნებრივი რესურსებისა და სატყეო სამმართველოს ქედის განყოფილებამ მოკვლევა დაასრულა.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბუნებაზე მიყენებული ზარალის ოდენობა 14 458 ლარია. 17 ადამიანი 9 686 ლარით დაჯარიმდა, უკანონო ჭრის 13 ფაქტთან დაკავშირებით კი საქმე გამოსაძიებლად რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტის გამოვლენა ტყის მცველს ევალება. ზესოფლის ტყის მცველი, რემზი ქობულაძე ამბობს, რომ მან უკანონო ჭრის ყველა ფაქტი გამოავლინა. მისი აზრით, ტყის ასე მასიურად გაჩეხის შემთხვევა წინა წლებში არ ყოფილა.

„უკანონო ჭრის ყველა ფაქტი მოვიკვლიეთ, დაჯარიმდა ექვსი ადამიანი, მთლიანმა ზარალმა 3900 ლარი შეადგინა,” _ ამბობს რემზი ქობულაძე.

ხე-ტყის უკანონო მჭრელები ვერ გამოავლინეს წონიარისსა და დანდალოში, ქედის სატყეო განყოფილებამ ამ სოფლებში ტყის მცველები საკუ- თარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.

“წონიარისში 26 შემთხვევიდან გამოსავლენია სამი, დანდალოში კი _ ათი შემთხვევა. იქედან გამომდინარე, რომ მეტყევეს მოძიებისთვის ერთი თვის ვადა ჰქონდა და ვერ მოიკვლია, საქმე გამოსაძიებლად ქედის რაიონულ სამმართველოს გადაეცა, დანდალოსა და წონიარისის რეინჯერებმა ვერ შეძლეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ”, _ აცხადებს სატყეო რესურსების მართვის ქედის განყოფილების დირექტორის მოადგილე თეიმურაზ პაპუნიძე.

მოსახლეობის დაჯარიმებას არასამართლიანად მიიჩნევს წონიარისის სოფლის ყოფილი რწმუნებული იმედა გოგიტიძე. მისი თქმით, სოციალური ჭრისთვის ნებართვა იქ გაიცა, სადაც ავტომობილი ვერ მივიდოდა, რამაც ტყის უკანონო გაჩეხვა განაპირობა.

 “ნებართვა იმაზე ნაკლები გაიცა, ვიდრე სოფელს სჭირდებოდა, გაურკვევლად დანომრეს, ისე ვერ მოჭრიდი, დაუნომრავი რომ არ მოგეჭრა, გზის გაყვანა გვიან დაიწყეს. ვინც დავჯარიმდით, არავინ არ ვართ ხე-ტყით მოვაჭრე, უმუშევარი ხალხი ვართ, ჩვენი ოჯახების გასათბობად მოვჭარით, მეზობელს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისაა, შეშა ერთობლივად დავუმზადეთ და ისიც დააჯარიმეს.” _ ამბობს ერთ-ერთი დაჯარიმებული პირი`ბათუმელებთან”.

“ჯარიმა არავის გადაუხდია, ჯარიმის გაუქმების თაობაზე დაჯარიმებულებმა საქართველოს პრეზიდენტს მისწერეს ერთობლივი წერილი, არავის გაუყიდია შეშა, ყველამ პირადი მოხმარების- თვის მოჭრა. სოფელში ტყე-კაფი დროულად უნდა გამოიყოს, გზის გაყვანა და ტყე-კაფის გამოყოფა გვიან დაიწყო; ნებართვა იქ გაიცა, სადაც გზა არ მიდის, გზის გაყვანა დღემდე არ დასრულებულა”,_ ამბობს სოფელ ზესოფლის რწმუნებული თამაზ ჩხეიძე.

სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები არ გაჩეხილა.

“სეზონურად ვატარებთ რევიზიას, სწორედ საკონტროლო რევიზიებით იქნა გამოკვლეული უკანონო ჭრის შემთხვევები დანდალოსა და წონიარისში, ძირითადად წიფელა გაიჩეხა”, _ ამბობს თეიმურაზ პაპუნიძე.

ქედაში ტყეს 20 რეინჯერი იცავს. თეიმურაზ პაპუნიძის თქმით, პრობლემას ისიც ქმნის, რომ არ არის გათვლილი რეინჯერის სამეთვალყურეო სამოქმედო ტერიტორია: “წინა წლებში 800-დან 1000 ჰექტარამდე იყო გათვლილი, ახლა ეს რიცხვი გაორმაგებულია, 2000-3000 ჰექტარის გაკონტროლება უწევს ერთ მეტყევეს”.

ზესოფელში მცხოვრები, დაჯარიმებული პირები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთობლივი წერილი 4 იანვარს გაუგზავნეს და პრეზიდენტს ჯარიმის მოხსნა სთხოვეს. ზესოფლელები პრეზიდენტის პასუხს ელიან.

 

გადაბეჭდვის წესი