მთიანი აჭარა

დიდთოვლობა და დახმარების მოლოდინი

01.02.2014 • 1451
დიდთოვლობა და დახმარების მოლოდინი

 

თენგო სურმანიძე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში მცხოვრები დიასამიძეების შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი 2013 წლის 9 დეკემბერს ჩამოინგრა. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დროებით მეზობელთან გადავიდა საცხოვრებლად. როგორც როინ დიასამიძე ამბობს, დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვა, დაპირებაც მიიღო, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს. „სახლი 9 დეკემბერს ჩამოინგრა.

სახლის დაქირავებისთვის საჭირო თანხა არ გვქონდა და ოჯახთან ერ თად, დროებით, მეზობელთან გადავედი საცხოვრებლად. ხელისუფლებას ვთხოვე დახმარება, დამპირდნენ, რომ ბინას ეკომიგრანტთა სახლში ახალწლამდე გადმომცემდნენ, მაგრამ დღემდე მეზობელთან ვართ შეხიზნული, ოჯახში ორი ავადმყოფი მყავს, ორივე მეორე ჯგუფის ინვალიდია, გარდა ავადმყოფებისა, სამი მცირეწლოვანიც გვყავს”, _ ამბობს როინ დიასამიძე.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის ზაზა ზოიძის თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა შუახევში დათვლილი არ არის. იგი გვიხსნის, რომ უსახლკაროდ დარჩენილ დიასამიძეების ოჯახისთვის სოციალურ სახლში ბინის მიღების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა გაუგზავნა.

„ზარალის ოდენობა ჯერ არ დაგვითვლია, მიმდინარეობს დაზიანებული კერების შესწავლა და ხარჯთა აღრიცხვის შედგენა, შემოტანილი განცხადების მიხედვით სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა _ ორი დროებითი და ერთი მუდმივი.  

როინ დიასამიძის სახლი ისე ჩამოიშალა, რომ აღდგენას არ ექვემდებარება. სოციალურ სახლში გვაქვს თავისუფალი ბინა, უსახლკაროდ დარ ჩენილი ოჯახისთვის ბინის გადაცემის თაობაზე სამინისტროს მიმართვაგადავუგზავნე, დიასამიძეებმა დახმარებისათვის გვიან მოგვმართეს, საჭირო დოკუმენტაცია დროულად ვერ მოაწესრიგეს, რამაც შეაფერხა დახმარების გაწევა”.

ზაზა ზოიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული კერების შესწავლა და ზარალის დათვლა, ხოლოთუ რა სახის დახმარებას გაუწევს სახელმწიფო დაზარალებულებს, ამაზე შესაბამისი კომისია იმსჯელებს.

ქედაში დიდთოვლობამ ექვსი სახლი დააზიანა _ სოფელ წონიარისში, კორომხეთსა და აბუქეთაში სახლის სახურავები, დაბა ქედაში კი ორ სახლის აივანი ჩამოანგრია. საცხოვრებლების გარდა სტიქიამ 60-მდე დამხმარე ნაგებობას შეუქმნა პრობლემა. „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ” ქედაში ჯერჯერობით მხოლოდ მუდმივი საცხოვრებელი სახლები შეისწავლა და ფულადი კომპენსაციაც მხოლოდ მათთვის გაითვალისწინა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე ქედაში კომპენსაციის სახით 8 100 ლარი გაიცა.

რაც შეეხება დროებით საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე ნაგებობებს, მათი მდგომარეობა ამ დრომდე შესწავლილი არ არის და არც ზარალის ოდენობაა დათვლილი.

“მოგლეჯილი ხე სახლის სახურავს დაეცა და აივანი ჩამოანგრია, დახმარებისთვის გამგეობას მივმართე, მოვიდნენ, შეამოწმეს და დროულად დაგვეხმარნენ”, _ გვითხრა დაბა ქედაში მცხოვრებმა თენგო სურმანიძემ, რომელმაც კომპენსაციის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 500 ლარი მიიღო.

გადაბეჭდვის წესი