მთიანი აჭარა

შემწვარი კალმახი, მოსწავლეების აქცია და ნუგბარი აჭარიდან – როგორ ჩაიარა ქედელობამ

06.11.2013 • 2251
შემწვარი კალმახი, მოსწავლეების აქცია და ნუგბარი აჭარიდან – როგორ ჩაიარა ქედელობამ

ორიგინალობითა და ეთნოგრაფიული ნამუშევრებით მახუნცეთის თემი გამოირჩეოდა,  მათ კუთხეში წარმოდგენილ ტრადიციულ საჩეჩელზე გადაპენტილი მატყლი კუთხეს განსხვავებულ იერს მატებდა,  იქვე ერთმანეთის გვერდიგვერდ ხის წუღები და თემის სხვადასხვა სოფლებში მოძიებული უძველესი ექსპონატები, თიხის ჯამ-ჭურჭელიც იყო განთავსებული.

ოქტომბრის თემს აკვარიუმში ცოცხალი კალმახიც ჰყავდა, დამთვალიერებელს აქვე შეეძლო შემწვარი კალმახის დაგემოვნება. ყველა თემის მიერ წარმოდგენილ კუთხეში მაგიდაზე  ადგილობრივი კერძები, სხვადასხვა სახის ხორცეული და ტკბილეული ელაგა.

პირველი მაისის თემმა ფოტო გამოფენა მოეწყო, სერგო სამნიძის ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ისტორიული ხიდები და თემში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ძეგლის ფოტო, ეთნოგრაფიული ფოტოები გამოეფინეს მერისის თემის კუთხეშიც.

ქედის რესურსცენტრმა საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა გამართა.  ამ კუთხეში განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები აქტიურობდნენ, მაგიდაზე სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვებული და დაფასოებული ხილ-ბოსტნეული ელაგა.

„ჩვენი გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შაქრიანი  დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეთა დახმარებას, ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  თანატოლების დახმარების მიზნით შეაგროვეს ნობათი და გასაყიდად გამოიტანეს“ – განაცხადა  ქედის რესურსცენტრის თანამშრომელმა რიზალ ბარამიძემ.

ხელნაკეთი სუვენირები ჰქონდა წარმოდგენილი კულტურის ცენტრთან არსებულ ,,მოსწავლე ახალგაზრდობის“ სკოლას.

კუთხეების დათვალიერებისა და აჭარული სამზარეულოს დაგემოვნების პარალელურად  კონცერტიც გაიმართა, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. თავიანთი ხელოვნება უჩვენეს  ანსამბლებლემა: „იაგუნდი“, „ბეთლემი“, „ელესა“ და ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა.

დღესვე დაასახელეს სამი საპატიო ქედელი: ნადია სურმანიძე, ფრიდონ დიასამიძე და ზურა თეთვაძე, მათ საპატიო სიგელები და საჩუქრები ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ გადასცა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგლე ილია ედოშვილი, უმაღლესი საბჭოს, აჭარის სამინისტროების, ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ქედელობას ესწრებოდა სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონი, მწერალი შოთა ანანიძე და მსახიობი გივი სიხარულიძე.

„მეორედ ვიმყოფები ქედელობაზე,  მინდა მივულოცო ყველა ქედელს ეს ღირშესანიშნავი დღე, ერთგვარად საზეიმო განწყობილება შეინიშნება და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქედის მოსახლეობას ასეთი ღონისძიების ჩატარებისთვის“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ქედელობას გერმანელი მეცნიერი, ჰანს ულრიხ ტროსიეც ესწრებოდა.  მისი თქმით  ტრადიციული ღონისძიებები ქვეყნის რეკლამის საუკეთესო საშუალებაა:

„საქართველოში ერთი წელია ვმუშაობ, თქვენ, ქართველ ხალხს, კარგი ტრადიციები გაქვთ. რაც შეეხება სახალხო ზეიმს, მე ვფიქრობ, რომ ეს რეკლამის საუკეთესო საშალებაა, ტურისტებს თქვენი კულტურა და ყოფა ძალიან აინტერესებთ, ღონისძიებები ამის გაცნობის კარგი საშუალებაა, ადგილობტივი ტურისტული კომპანიები მაქსიმალურად  უნდა ჩაერთონ ასეთი ღონისძიებების  პოპულარიზაციაში“ –  განაცხადა მან.

სახალხო ზეიმს – „შემოდგომა ქედაში“,  საფუძველი XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ზეიმს თავდაპირველად „სასოფლო-სამეურნეო გამოფენები“ ერქვა, მეორე მსოფლიო ომის და შემდეგ პერიოდში ზეიმი აღარ ჩატარებულა, 1975 წლიდან ზეიმი აღდგა და „შრომის ზეიმი“ უწოდეს, მოგვიანებით კი ,,ქედელობა“.

2003 წლიდან ამ დღესასწაულს ,,შემოდგომა ქედაში“ უწოდეს. სახალხო ზეიმს ქედელები ჭირნახულის აღებისა და დაბინავების შემდეგ, ტრადიციულად ნოემბერში აღნიშნავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: