მთიანი აჭარა

საარჩევნო უბნები სკოლებსა და გაუმართავ სოფლის კლუბებში

22.10.2013 • 2043
საარჩევნო უბნები სკოლებსა და გაუმართავ სოფლის კლუბებში

საათი 12-ს უჩვენებს. #4 საარჩევნო უბანზე არც კომისიის თავმჯდომარეა და არც კომისიის სხვა წევრები. სკოლის პედაგოგი მიხსნის, რომ საარჩევნო უბანი  მუშაობას დღის 3 საათის შემდეგ დაიწყებს.

ძენწმანის #4 საარჩევნო უბანი ერთ-ერთია საჯარო სკოლებში გახსნილ საარჩევნო უბნებს შორის. ფართობის არარსებობის გამო საუბნო კომისია მუშაობას საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იწყებს.  

 

ასე გამოიყურება საარჩევნო უბანი სამუშაო საათებში
ასე გამოიყურება საარჩევნო უბანი სამუშაო საათებში

ძენწმანის საარჩევნო უბნის მსგავსად ცალკე სამუშაო ოთახი არ აქვს ორცვის #3 საარჩევნო უბნის კომისიას. საარჩევნო უბანი აქაც სოფლის სკოლაშია გახსნილი, ფართობის არარსებობის გამო კომისია სამუშაოდ სამასწავლებლო ოთახს იყენებს. სკოლის დირექტორი რემზი თურმანიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის სკოლიდან სოფლის კლუბში გადატანის საკითხი დააყენა რესურსცენტრში.

`სკოლას ფართობი არ აქვს, სამუშაოდ რომ გამოვუყო. საუბნო კომისია ძირითადად მასწავლებლებით არის დაკომპლექტებული. სწავლის დამთავრების შემდეგ  სამასწავლებლოს ვუთმობ. გასულ წლებშიც აქ იხსნებოდა უბანი. კაბინეტს, სადაც რეაქტივებია განთავსებული, ვუთმობდი და მოსწავლეებს ქიმია-ფიზიკის გაკვეთილებს კლასებში ვუტარებდით. ახლა, რადგან არის სოფელში კლუბის შენობა, მოვითხოვე იქ გადასულიყო უბანი სამუშაოდ~ _ ამბობს რემზი თურმანიძე.

ორცვის # 3 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე ამბობს, რომ კლუბის შენობაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შენობა გაუმართავია.

`არც ელექტროგაყვანილობაა, არც გათბობა და არც სველი წერტილებია მოწესრიგებული… თუმცა უარს არ ვამბობ გადასვლაზე, თუ მოწესრიგდება _ გადავალთ. რაც შეეხება უბანს, არ არის დიდი უბანი, 307 ამომრჩეველი გვყავს, სასწავლო პროცესში არც მოდიან მოქალაქეები, 1-2 განცხადება დაიწერა გადასატან ყუთთან დაკავშირებით მხოლოდ. უბანი ჩვეულებრივ მუშაობს, კომისიის ექვსი წევრი პედაგოგია~, ამბობს ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე.

სოფელ კოლოტაურში საარჩევნო უბანი თავდაპირველად სოფლის სკოლაში გაიხსნა. აქ საარჩევნო კომისია ან იმ ოთახში მუშაობდა, სადაც გაკვეთილი არ ტარდებოდა, ან  დერეფანსა და სამასწავლებლოში. სკოლის დირექტორის მოთხოვნის შემდეგ უბანი სოფლის კლუბში გადავიდა, სადაც `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ამის მიუხედავად კომისიის თავმჯდომარე რაულ სალაძე ამბობს, რომ უბანზე `პრობლემა არ არის~.

სოფელ სილიბაურში #19 საარჩევნო უბანი ბიბლიოთეკის შენობაში ფუნქციონირებს. `რომ გითხრა ყველაფერი კარგად არის-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ არჩევნები ნორმალურად შეიძლება ჩატარდეს~ _ ამბობს  სილიბაურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რამაზ თურმანიძე. `_ შენობის რამდენიმე ფანჯარას მინა არ აქვს და შუქი მხოლოდ ერთ ოთახშია, არჩევნების დღეს შენობის შემოსასვლელში შუქი რომ იყოს, გაყვანილობა მოვითხოვე, აუცილებლად მოგვარდებაო, მითხრეს~.

  

ელექტროენერგია არ მიეწოდება აქუცის #5 საარჩევნო უბანსაც. კომისიის თავმჯდომარე ლამარა მორთულაძე ამბობს, რომ შენობაში და მათ შორის იმ ოთახშიც, სადაც კომისია მუშაობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

`შენობაში რემონტი მიმდინარეობს და ფანჯრებს მინები არ აქვს, არც ელექტროენერგია მოგვეწოდება და გაყინულ ოთახში გვიწევს მუშაობა. დავწერე განცხადება, ველოდები შუქის აღდგენას~ _ ამბობს #5 უბნის კომისიის თავმჯდომარე.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ქედის #80 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე ამბობს, რომ `საარჩევნო უბნებზე არანაირი პრობლემა არ არის~.

`ყველა უბანი გამართულად მუშაობს, კლუბებში შუქი არ იყო და პრობლემა მოვაგვარეთ, ელექტროენერგია ყველა უბანს მიეწოდება„ _ აცხადებს ოლქის თავმჯდომარე.

„საარჩევნო გარემოს მოწყობის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებს და საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს. რაც შეეხება კომისიის მუშაობას, კომისიის ცამეტივე წევრი ვალდებულია უბანზე დილის 10 საათზე გამოცხადდეს და 18 საათამდე მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში“ _ ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ქედის კოორდინატორი ჯამბულ თებიძე.

ქედაში სულ 31 საარჩევნო უბანია, აქედან 23 უბანი სკოლაშია გახსნილი, ხუთი _ სასოფლო კლუბში, ორი _ კულტურის სახლსა და ერთიც –  ბიბლიოთეკაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: