მთიანი აჭარა

სიცოცხლისათვის საშიში ევკალიპტები ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე

08.10.2013 • 2597
სიცოცხლისათვის საშიში ევკალიპტები ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე

ავტომაგისტრალზე ხის წაქცევის გამო მგზავრები არ დაზიანებულან. თუმცა თვითმხილველების თქმით, ამის ალბათობა ყოველთვის იყო. შპს „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა მწვავეა და ის სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს: „ის ხე, რომელიც წინა შაბათს ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე მოიგლიჯა, გარე დათვალიერებით სრულიად ჯანსაღი იყო, მაგრამ შემდეგ, როცა  ფესვები დავათვალიერეთ, აღმოჩნდა, რომ ხე საერთოდ არაფერზე იდგა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ხეებიც იყოს ამ მდგომარეობაში. მითუმეტეს, რომ მათი უმეტესობა დაახლოებით სამოცდაათი წლის ან საუკუნოვანია.“

GE DIGITAL CAMERA

მაგისტრალზე წაქცეული ხე დამუშავების შემდეგ

პრობლემის შესწავლის, ეკოლოგიური დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელმა ქალაქის მერს ჯემალ ანანიძეს მიმართა: „მოვითხოვე სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, რომელშიც გარემოს დამცველებიც ჩაერთვებიან. დაყოვნება ძალიან საშიშია. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“ –  ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

ევკალიპტის ხეები ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე (ხელვაჩაურის ავტომაგისტრალი) ათი კილომეტრის მანძილზეა გაშენებული, იგივე სიტუაციაა გონიოს ავტომაგისტრალზეც. პრობლემის შესწავლისა და მისი გადაწყვეტის მიზნით მუშაობას მერიაში ამ კვირიდან ოფიციალურად დაიწყებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ხეები გარეგნულად ჯანსაღად გამოიყურება, მისი ფესვთა სისტემა ცუდადაა განვითარებული. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ძირფესვიანად ამოიგლიჯა ხე. სპეციალისტების მოსაზრებაა, ხეები გადაიჭრას 15 მეტრ სიმაღლეზე, ეს აუცილებელია, მაგრამ რადგანაც სამუშაო მოცულობითია, მას სჭირდება დაგეგმვა, თავისი ბიუჯეტი, ეს კი ერთ დღეზე ან ერთ თვეზე ვერ დასრულდება.“ –  ამბობს ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე.

მერის ინფორმაციით, იმის გამო, რომ არჩევნების დასრულებამდე საარჩევნო კოდექსი საბიუჯეტო ცვლილებებს კრძალავს, ხეების გადაჭრის სამუშაოებისთვის თანხა ვერ გამოიყოფა. თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლოა მერიამ დაინტერესებულ კომპანიებს ევკალიპტის ფოთლების უსასყიდლოდ გადაცემის სანაცვლოდ სამუშაოების საკუთარი ხარჯებით შესრულება შესთავაზოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: