მთიანი აჭარა

ბრძოლა ქედის გამგებლობისთვის

02.09.2013 • 2357
ბრძოლა ქედის გამგებლობისთვის

ქედის საკრებულოში გასული კვირა დაძაბული იყო. 29 აგვისტოს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქედის ახალი გამგებლის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, საკრებულოს 19 დეპუტატიდან მხოლოდ 8 დეპუტატი გამოცხადდა. კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ერთი საათით გადაიდო, თუმცა კვორუმი ვერც ერთი საათის შემდეგ შედგა.

საკრებულოს სხდომის დაწყებას და გადაწყვეტილების მიღებას დილიდანვე ელოდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მოსული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათი ჯგუფი კი პარალელურად  ქედის 9 აპრილის პარკში აქციას მართავდა, ისინი ვაჟა ბოლქვაძის გადადგომას, გამგებლად დავით ანანიძის დანიშვნას მოითხოვდნენ და საკრებულოს მოუწოდებდნენ, გამგებლად დავით დუმბაძის კანდიდატურა არ წარედგინათ.

ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია ქედაში

სანამ ქედის საკრებულოში არსებულ მდგომარეობაში გარკვევასა და საკრებულოს წევრებთან დაკავშირებას ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებს შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე შვებულებაშია) ჯემალ შარაძე. მან „ოცნების აქტივისტებს“ არსებული მდგომარეობა გააცნო და ძალოვანებს მოუწოდა გაერკვიათ სიტუაცია, სად იმყოფებოდნენ დეპუტატები. მანვე აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრებს ვერ უკავშირდებოდა, რადგან მათი ტელეფონები გამორთული იყო.

რამდენიმე წუთში აქცია დაიშალა, თუმცა დაანონსებული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ისევ ჩაიშალა და 30 აგვისტოს, 12 საათისთვის გადაიდო.

რატომ არ შედგა კვორუმი? ქედის საკრებულოს დეპუტატებმა არც „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს უპასუხეს, თავისი პოზიცია მხოლოდ საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატმა გააჟღერა: „საკრებულოს პროტესტს ვუცხადებთ, როგორც დანიშნეს გამგებლად ვაჟა ბოლქვაძე, ისე გაათავისუფლონ“- განაცხადა ასლან შაქარაძემ.

30 აგვისტოს ქედის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეპუტატთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი მივიდა. საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბნენ დეპუტატები: გურამ ქობულაძე, როსტომ ბერიძე, ინგა ბერიძე, ზეინაბ წულუკიძე, ამირან დიასამიძე, შოთა ბერიძე და შორენა შერვაშიძე, თუმცა კომენტარის გაკეთება პრესასთან არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ჯემალ შარაძის თქმით, ეს დეპუტატები გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავით დუმბაძის დანიშვნას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.

„მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი, მოქმედი გამგებლის წასვლის შემდეგ კონკურსს ვაცხადებ, მანამდე მოვალეობის შესრულებას გამგებლის მოადგილეს, ბადრი სურმანიძეს ვაკისრებ. მათი მოთხოვნაა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავით დუმბაძე დაინიშნოს, დავით დუმბაძეს არ ვიცნობ, იმ ადამიანს, რომელსაც მუნიციპალიტეტთან შეხება არ ჰქონია, ვერ ვენდობი“ –  უთხრა ჯემალ შარაძემ „ბათუმელებს“.

ამ დროისათვის ქედის გამგებლობის სამი სავარაუდო კანდიდატი სახელდება: დავით დუმბაძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ნათესავია, დავით ანანიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო საპარლამენტო არჩევნებზე და ბადრი სურმანიძე, რომელიც ქედის გამგებლის მოადგილეა 2009 წლიდან.

შედგება თუ არა კვორუმი დღეს, 2 სექტემბერს? საკრებულოში იმედოვნებენ, რომ შედგება და ქედის ახალი გამგებლის ვინაობაც გაირკვევა.

„ორშაბათს გამოვცხადდები და გამგებლის განცხადებას მხარს დავუჭერ. პარასკევს შეუძლოდ ვიყავი, ამიტომაც ვერ მივედი. ამ ეტაპზე გამგებლობის კანდიდატი არ არის, ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მოქმედი გამგებლის განცხადება წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც საკრებულოს  თავმჯდომარე წარმოადგენს კანდიდატურას, ჩვენთვის თუ მისაღები იქნება კანდიდატი, მხარს დავუჭერთ“ –  ამბობს ქედის საკრებულოს წევრი ამირან დიასამიძე „ბათუმელებთან”.

რაც შეეხება სტატიაზე მუშაობის დროს ჯერ ისევ მოქმედ გამგებელს, ვაჟა ბოლქვაძეს, მან განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნის შესახებ კვირის დასაწყისში დაწერა. იგი პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს და გამგებლის პოსტის დატოვების მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბს უხელმძღვანელებს ქედაში: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე იყო. ზეწოლას ჩემზე ვერ განახორციელებენ, იმიტომ, რომ მე ქედაში სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია. ამ ეტაპზე საარჩევნო შტაბში ვარ საჭირო და შტაბს ვუხელმძღვანელებ. რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკური დატვირთვა არა მგონია იყოს, თითქმის 11 თვე ვიმუშავე“ –  ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

იგი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ელის. „იმედია, ორშაბათს მიიღებს საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, კვორუმი შეიკრიბება“-  უთხრა ვაჟა ბოლქვაძემ „ბათუმელებს”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: