მთიანი აჭარა

განხილული საჩივრები და დაუსჯელი საარჩევნო მოხელეები

30.12.2012 • 2095
განხილული საჩივრები და დაუსჯელი საარჩევნო მოხელეები

ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ოქტობრის სხდომაზე, სადაც კომისიამ  2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო-საარჩვენო კომისიებში დაფიქსირებული საჩივრები განიხილა საქართველოს იურისტთა ასოციაციის (საია) დამკვირვებელი თამარ კალანდაძე #52 საუბნო კომისიის თავმჯდომარის, დავით მწერალიშვილის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა. „კომისიის თავმჯდომარე ერეოდა საიას სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენელთა საქმიანობაში, ბიულეტენების ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობისას არ ითვალისწინებდა კომისიის წევრთა შეხედულებებს, ხმების დათვლის შემდეგ კი ხელოვნურად დააბრკოლა მონაცემთა შეყვანა შემაჯამებელ ოქმში“, – ნათქვამია დამკვირვებლის საჩივარში.

 

 

დავით მწერალიშვილის მიმართ დისციპლინური სასჯელის დაკისრებას ითხოვდა საოლქო კომისიის წევრი მერი ცენტერაძეც. თუმცა თავმჯდომარემ კენჭისყრაზე მხოლოდ შენიშვნის მიცემის საკითხი დააყენა, რასაც კომისიის 12 წევრიდან ცხრა დაეთანხმა.

ამ უბანზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საჩივრები სხვა დამკვირვებლებმაც დაწერეს.

 

 

„ასეთი სერიოზული დარღვევების შემდეგ თამჯდომარე არც კი დაუჯარიმებიათ, მხოლოდ დისციპლინური წესით გააფრთხილეს. რამდენიმე მსგავს შემთხვევაში შენიშვნის მიცემითაც კი შემოიფარგლენ, ჯარიმა არავისთვის  დაუკისრებიათ. ეს აბსოლიტურად მიუღებელია ჩვენთვის, რადგან ასეთი თანამშრომლები კვლავაც შეიძლება საუბნო-საარჩევნო კომისიებში აღმოჩდნენ“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირინა ურუშაძე.

 

 

ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ბათუმში 22 საარჩევნო უბანს აკვირდებოდნენ. დანარჩენ უბნებზე კი ორგანიზციის მობილური ჯგუფი გადაადგილდებოდა.

გაფრთხილების გამო დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში სახელდადებული პირის კომისიაში მეორედ არჩევას კანონი არ ზღუდავს. თუ კომისია პირის დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგი არჩევნებისთვის ოლქი მას ვეღარ შეარჩევს საუბნო-საარჩევნო კომისიაში სამუშაოდ.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამკვირვებლებმა სხდომაზე კანონდამრღვევი საარჩევნო მოხელეების მიმართ საოლქო კომისიის მიერ გამოჩენილი ლოიალური დამოკიდებულება გააპროტესტეს. მათ აღნიშნეს, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ამ ადამიანების  კომისიებში ისევ მოხვედრას კატეგორიულად შეეწინააღმდეგებიან. „თუმცა კანონიერი ბერკეტი, ეს არ დავუშვათ,  არ გვექნება“, – აზუსტებს ირინა ურუშაძე  „ბათუმელებთან“ . 

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსი, პირს  კომისიაში  ხელმეორედ მუშაობას დისციპლინარული სასჯელის გატარების შემთხვევაში არ უკრძალავს. აკრძალვა მხოლოდ დაჯარიმებულ ან უფლებამოსილება შეწყვეტილ პირზე  ვრცელდება.

ტენდენცია, რომ კანონდამრღვევ საარჩევნო მოხელეებს ოლქი კომისიებში სამუშაოდ ისევ იწვევს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა. ბათუმის #79 ოლქში საუბნო-საარჩევნო კომისების დასაკომპლექტებლად კონკურსის წესით შერჩეულთა შორის მოხვდნენ პირები, რომლებიც ცესკომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო დაითხოვა, ოლქის შედეგები კი მთლიანად გააბათილა.

 

 

საოლქო კომისიიის სხდომაზე #49 საარჩევნო უბანში ამირან ფირცხალავას წინააღმდეგ ოთხი საჩივარი განიხილეს. „საიას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „მოდუს ვივენდის“ დამკვირვებლები ამ უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, საუბნო საარჩევნო კომისიის  მთელი შემადგენლობის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, კომისიის თავმჯდომარისთვის კი დამატებით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდნენ. 

 

 

კომისიის მთელი შემადგენლობის დაჯარიმების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოლქის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე და არა კომისია. ამასთან დაკავშირებით კი, მოგვიანებით ცალკე ზეპირი მოსმენა დაიგეგმებოდა. კენჭისყრაზე მხოლოდ ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლისა და თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დააყენეს. ორივე შემთხვევაში ცხრით სამის წინააღმდეგ საკითხი უარყოფითად გადაწყდა: კომისია კანონდამრღვევი საარჩევნო მოხელის მიმართ ამჯერადაც გაფრთხილებით  შემოიფარგლა.

 

 

საოლქო კომისია ბათუმის 104 უბნიდან შესულ საჩივრებს ხუთი საათის განმავლობაში იხილავდა. ამ დროის განმავლობაში საარჩევნიო უბნის კომისიის მთელი შემადგენლობის, კომიის თავმჯდომარის, მდივნისა და რეგისტრატორის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე იმსჯელეს.

კიდევ ერთი ტენდენცია, რაც არჩევნების დღეს ბათუმში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მიერ დაწერილი საჩივრებით გამოიკვეთა, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისთვის ხმის უფლების შეზღუდვა და უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა იყო.

 

 

ხმის უფლების შეზღუდვის განსაკუთრებული სიმრავლის გამო, საჩივრები დაწერეს და #17 უბნის შედგეგების ბათილობას ითხოვდნენ არასმთავრობო ორგანიზაციები -„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“,  „სამართლიანი არჩევნები“ და საია. ამ უბანზე 17:16 საათზე მისულ ამომრჩეველს, მიხეილ გაბაიძეს ხმის უფლება შეეზღუდა. საარჩევნო უბანში ამავე სახელით და გვარით 12 საათამდე  გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა მიხეილ გაბაიძის ნაცვლად უკვე მიცემული ჰქონდა.  იგივე მიზეზით #17-ე უბანზე ხმის უფლება კიდევ ათ მოქლაქეს შეეზღუდა:  თეიმურაზ ტუღუშს, ირაკლი კეჭაყმაძეს, ზვიად მალაყმაძეს, არტურ მარკოსიანს, გარსევან ჯორბენაძეს, ზაზა სარიშვილს და მამუკა თურმანიძეს სამაგიდო სიაში მათი სახელის და გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.

 

 

ამ დარღვევის გამო „სამართლიანმა არჩებნების“ წარმომადგენელმა ოლქში საჩივრების განხილვისას უბნის შედგების გაბათილების კენჭისყაზე დაყენება მოითხოვა.  საკითხზე მსჯელობისას „საიას“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ შედგების გაბათილებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ მითითებული ფაქტები უბნის შედგებზე მოხდენდა გავლენას . საბოლოოდ საკითხი კენჭისყრაზე მაინც დადგა, თუმცა 12 ხმით ორის წინააღმდეგ ბათილობის მოთხოვნას კომისია არ დაეთანხმა.

 

 

ბათუმის #29 უბანზე დამკვირვებლებმა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტზე ექვსი საჩივარი დაწერეს. დამკვირვებლები ამ უბანზე გადასატანი ყუთის დაგვიანებით გატანასა და რეგისტრატორის ხელმოწერის გარეშე  საარჩევნო ბიულეტენებზე ყუის ჩამოხევის ფაქტსაც აპროტესტებდნენ. „გაუგებარია დარღვევის არსი და არ არსებობს კონკრეტული მოთხოვნა“, – ამ მიზეზით ბათუმის საოლქო კომისიამ უბანზე დაფიქსირებული საჩივრები განუხილველად დატოვა.  იგივე მოტივით განუხილველად კიდევ ათამდე საჩივარი დატოვეს.

 

 

სხდომაზე განხილული საჩივრების მიხედვით, ბათუმის თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უფლება, იმის გამო, რომ  სამაგიდო  სიაში მათი სახელისა და გავრის გასწვრი ხელი მოწერილი დახვდათ, მინიმუმ შვიდ ადამიანს შეეზღუდა. ზოგ უბანზე კი ეს რიცხვი ათსაც გასცდა. ბათუმის 104 საარჩევნო ამ მიმართულებით უბანის მონაცემების დაჯამების მიხედვით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლება მინიმუმ უბანზე მისულ 800 მოქალაქეს შეეზღუდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“  ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მადონა ბერიძის თქმით, ოლქის კომისიამ დამკვირვებელ ორგანიზაციებს საჩივრების განხილვის დრო და თარიღი არ შეატყობინა: „ვიღაცამ შემთხვევით გაიგო და ამბავი მოგვიტანა, შემდეგ კი ერთმანეთს გავაგებინეთ“. იგივეს ადასტურებენ სხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებიც.

ოლქის კომისიამ ეს საკითხი გაუგებრობით ახსნა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საჩივრების განხილვის პროცესი,  წინა საარჩევნო პროცესებთან შედარებით, საერთო ჯამში, დადებითად შეაფასეს.

„წინა არჩევნებთან შედარებით, ჩვენ ოლქთან მკვეთრი დაპირისპირება არ გვქონია. არც ჩვენი დამკვირვებელი უცემია რომელიმე საარჩევნო მოხელეს  . ვფიქრობ, ეს ისევ და ისევ ამომრჩევლის ზეაქტიურობამ განაპირობა“, – აღნიშნა საიას იურისტმა ნინო ტავლალაშვილმა  „ბათუმელებთან“.

იგივე პოზიცია აქვთ სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებსაც.

არჩევნების შემდეგ დავები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არ გაგრძელებულა.


 

 

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.



გადაბეჭდვის წესი