მთიანი აჭარა

მოსწავლეები კინოს იღებენ

28.12.2012 • 1786
მოსწავლეები კინოს იღებენ

„მეც ადამიანი ვარ“ – ეს არის პირველი ფილმი, რომელმაც სასკოლო ფილმების კონკურსზე პრიზი აიღო ნომინაციაში – საუკეთესო დებიუტი ფილმი. `დიპლომი მოგვცეს და კინოთეატრ „აპოლოს“ ბილეთებზე 50-პროცენტიანი ფასდაკლება მივიღეთ“ – ამბობს მარიამ კვაჭაძე. ის და ჯაბა წილოსანი ამ ფილმში მთავარ როლებსაც ასრულებენ.

 

 

ფილმი უსახლკარო, უპოვარი ადამიანის ყოფას ასახავს, რომელსაც ყოველდღიური არსებობისთვის ბრძოლა უწევს, ბოლოს კი იღუპება: „ჩვენ ერთი ადამიანის ისტორიით პრობლემა განვაზოგადეთ. ამ ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი მეგობარი გოგონა იყო, რომელიც მას თანაუგრძნობდა და სულიერ მარტოობას უმსუბუქებდა. თუმცა, გოგონას შეყვარებულს არ მოეწონება მისი საქციელი, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება. უპოვარი ადამიანი ისევ მარტო რჩება, რაც საბოლოოდ მას ანადგურებს. ჩვენ ამ ფილმით უფრო მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოებას დავაკისრეთ, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სხვისი თანაგრძნობის უნარი“, _ ამბობს მეთორმეტეკლასელი სოფო პაქსაძე.

 

 

„შევეცადეთ გვეჩვენებინა საზოგადოების გულგრილობის პრობლემა სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ. ხშირად საზოგადოება ამ ადამიანებს არ განიხილავს როგორც სრულფასოვან წევრებს. ჩვენი გმირის დაღუპვის მიზეზი გაჭირვებასთან ერთად ადამიანური სითბოს ნაკლებობა იყო“ – ამბობს ჯაბა წილოსანი.

 

 

მარიამ კვაჭაძე: „სახელმწიფო ყველა ადამიანზე ვერ იზრუნებს, უფრო საზოგადოების პრობლემაა, როცა ადამიანები მარტო და გარიყულად რჩებიან“.

 

 

შორენა ბერიძე: „ეს ფილმები იქმნება როგორც სამოქალაქო, ასევე სასკოლო კლუბებში. სასკოლო კლუბის ფარგლებში ფილმი სოციალურ ქსელებსა და მასზე დამოკიდებულებაზე გავაკეთეთ. ვფიქრობ აქტუალური თემაა, რადგან Fაცებოოკ-ი და სხვა ტიპის სოციალური ქსელები არამარტო ჩვენი თაობის პრობლემაა. არის თუ არა სოციალური ქსელი ნარკოტიკი, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ზოგისთვის შეიძლება კი, ზოგისთვის – არა“.

 

 

„ფილმში სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები გამოვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებს წიგნი ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა, თემა მაინც საკამათოდ დარჩა“, _ გვეუბნება მეგი ბერიძე.

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ არის თემები, რომლებსაც სიფრთხილით ეკიდებიან: „გვინდოდა ფილმის გაკეთება ე.წ „შავ სამყაროზე“. არის სტერეოტიპი, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული, რომ ისინი სასტიკი და დაუნდობლები არიან. მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავიფიქრეთ, რადგან არ გვინდოდა ვინმეს ეს „შავი სამყაროს“ პოპულარიზაციად აღექვა. ერთი სიტყვით, ფოკუსზე ვერ შევჯერდით“, _ გვიხსნის ჯაბა.

 

 

სოფოს პაქსაძისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საზოგადოება უფრო მეტად უნდა საუბრობდეს, ნარკომანია და ძალადობაა. „ძალიან მაწუხებს გახშირებული მკვლელობები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ახალგაზრდების მიერ არის ჩადენილი“.

 

 

ანრი ვარშანიძისა და ილო თოფჩიძის ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების პრობლემებს ეხება. „ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან არ არის ამ პირების უფლებები დაცული, რადგან მათ არ აქვთ სრულფასოვანი გადაადგილების საშუალება არც სკოლებში, არც ქალაქში, არ არსებობს ადაპტირებული ლიფტები მაღლივ კორპუსებში. ადამიანის უფლებების წინ წამოწევა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობენ ისინი.

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ ფილმების გადაღება ან სხვა ტიპის სასკოლო აქტივობები, მათ სკოლის პოპულარიზაციის გარდა წარმატებაში ეხმარება. „როცა რაიმე სერიოზული საკითხები განიხილება ან ეწყობა კონფერენციები, აქცენტი მაინც აქტიურ მოსწავლეებზე კეთდება“.

გადაბეჭდვის წესი