მთიანი აჭარა

აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები

28.12.2012 • 2172
აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის  პრიორიტეტები

განათლების სამინისტროს პრიორიტეტებში კვლავ რჩება სკოლების რეაბილიტაცია. იგეგმება ერთი ახალი სკოლის მშენებლობა ქობულეთში, რისთვისაც ბიუჯეტში სამი მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო აგრძელებს სასკოლო წიგნების დაფინანსების პროგრამას, თუმცა უარს ამბობს მოსწავლის ფორმების დაფინანსებაზე. განათლების მინისტრის, გია თავამაიშვილის აზრით, სასკოლო ფორმამ არ გაამართლა, „რადგან მან თავისი ფუნქცია დაკარგა და უბრალოდ, ტანსაცმლად გადაიქცა“.

 

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებზე ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარი დაიხარჯება. შენარჩუნდება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაც, ერთი სტუდენტის დაფინანსებისთვის დაახლოებით 2250 ლარია გათვალისწინებული, განათლების სამინისტრო სულ 226 სტუდენტს დაეხმარება.

 

სკოლებში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად კი ბიუჯეტში 96 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო აფინანსებს სკოლის კლუბების ხელშეწყობის პროგრამასაც, რისთვისაც 35 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.

 

უცხოეთში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაზე დაიხარჯება 35 ათასი ლარი, ხოლო კინოწარმოების ხელშეწყობისთვის _ ასი ათასი ლარი: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს პროგრამა ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, რომლებიც დოკუმენტურ თუ სხვა ჟანრის ფილმებზე იმუშავებენ“ _ განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მოთხოვნა იყო სკოლა-პანსიონების დაფინანსების ზრდაზე, თუმცა „წარმოდგენილი პროექტები არ იყო სრულყოფილი, რის გამოც სამინისტრომ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა ეს საკითხი“ _ დასძინა გია თავამაიშვილმა.

 

კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. იგეგმება ხიხანის ციხის ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიყვანა, არქეოლოგებისთვის სახლის მოწყობა და აღმოჩენილი ეკლესიის ნაშთების რეაბილიტაცია. მომავალი წლისათვის დაგეგმილია არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციაც, რისთვისაც ბიუჯეტში ერთი მილიონ 220 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მიზნობრივი პროგრამა გათვალისწინებულია მხატვრებისთვისაც. კონკურსის წესით შეირჩევა ოთხი მხატვარი, რომლებიც კვალიფიკაციას დანიასა და გერმანიაში აიმაღლებენ. პროგრამა საქართველო-დანიის პარტნიორული პროექტის ფარგლებში დაფინანსდება. დანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაგეგმილია მუსიკალური სკოლის მოსწავლეების გამგზავრებაც, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკებების საგანია.

 

განათლების მინისტრმა სპორტის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის იდეაც დააყენა. გია თავამაიშვილი ამბობს, რომ სურვილი აქვს საწყის საფეხურებზე სპორტული სექციები სახელმწიფომ დააფინანსოს, თუმცა ჯერ არ იცის, ეს რამდენად იქნება შესაძლებელი.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებიც გაიცა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ნინო ტავლალაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ახალი სკოლების რეაბილიტაციის ან მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო ნორმები. მინისტრის განმარტებით, შშმ პირთა გადაადგილება საერთაშორისო სტანდარტებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ახალ სკოლაში, რომლის მშენებლობაც ქობულეთშია დაგეგმილი: „სკოლას ექნება ლიფტიც, რომ მოსწავლეებმა, ვინც ეტლებით გადაადგილდება, შეძლონ მეორე და შემდგომ სართულებზე გადაადგილება. სხვა სკოლებში კი მხოლოდ სკოლის პირველ სართულზე იქნება შესაძლებელი ეტლით გადაადგილება. ლიფტები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ვერ შევძლებთ“.

 

ნინო ტავლალაშვილი შეეხო მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში ნაკლებკვალიფიციური პედაგოგების მუშაობასაც. მისი განცხადებით, ისეთ საგნებს როგორიცაა „სამოქალაქო განათლება“, ან „სახელმწიფო“, ძველი მენტალობის პედაგოგები ასწავლიან: „ერთ-ერთი მასწავლებელი საქართველოს კონსტიტუციას 1996 წლის ვერსიით ასწავლიდა მოსწავლეებს, ცვლილებების გარეშე. ვფიქრობ ასეთი პედაგოგები არათუ ვერ აამაღლებენ მოსწავლეთა განათლების დონეს, პირიქით ზიანსაც მიაყენებენ, ამიტომ კადრებზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს“.

 

ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „არტვეი“-მ უსინათლო მოსწავლეებისა და სტუდენტების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მათი წარმომადგენლის განცხადებით, უსინათლო ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის კითხვა, რადგან არ ჰყავთ სპეციალისტი, ვინც ბრაილის შრიფტს ასწავლის მათ. აჭარაში სულ 400-მდე უსინათლოა რეგისტრირებული. ორგანიზაციის განცხადებით, აქედან სულ რამდენიმე მათგანმა იცის კითხვა. განათლების მინისტრის თქმით, პრობლემა არა მარტო კითხვის შესწავლაშია: `როგორც აღმოვაჩინე, უსინათლოებს ვერც უნივერსიტეტი ეხმარება, რადგან სტუდენტი აბარებს გამოცდებს, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი ჩერდება. მას არ აქვს შესაბამისი ლიტერატურა შემდგომი განათლებისთვის, გამოდის, ტყუილად იღებენ სტუდენტებს“.

 

ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდმა“ სმენადაქვეითებული ბავშვების სპორტულ აქტივობებში ჩართვის საკითხი წამოსწია წინ და განათლების სამინისტროს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სთხოვა. ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელის, ლევან გობაძის აზრით კი, სკოლებში დაბალი დონეა ზუსტი მეცნიერებების სწავლის მხრივ, რაზეც სამინისტროს უფრო მკვეთრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. „ოლიმპიადებიდანაც კარგად ჩანს, რომ მოსწავლეების მცირე რაოდენობა ახერხებს მესამე ტურში გადასვლას. მაღალმთიანი რეგიონებიდან კი გასულ წელს არც ერთი მოსწავლე არ გასულა. მომავალი ტექნოლოგიებს ეკუთვნის, ამიტომ მათემატიკის სწავლება, ვფიქრობ, უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს სკოლებში“.

გადაბეჭდვის წესი