მთიანი აჭარა

კითხვები საზოგადოებრივ ჯანდაცვას

28.12.2012 • 1715
კითხვები საზოგადოებრივ ჯანდაცვას

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე აღნიშნავს,რომ სკოლებში ჩატარებული კვლევისას, რაც დაავადების ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს, ყველაზე მასშტაბურად (70 პროცენტით) სქოლიოზი დაფიქსირდა. ამ მონაცემებთან დაკავშირებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გარკვეული ეჭვები გამოთქვეს. დისკუსიაში მონაწილე ერთ-ერთი მედიკოსის განცხადებით, შესაძლებელია ეს იყოს ჰიპერდიაგნოსტიკა და არა სქოლიოზი, „რადგან ეს დაავადება თითქმის არ ექვემდებარება ბოლომდე განკურნებას“.

 

დაავადების პროცენტულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა ენდოკრინოლოგმა სალომე ღლონტმაც: „ეს შენიშვნა, რაც ჰიპერდიაგნოსტიკასთან დაკავშირებით გაკეთდა, არის ძალიან რაციონალური. ჩვენ გვაინტერესებს, ამ დიაგნოსტიკის შემდეგ თუ შეაფასეს ეს კვლევები ექსპერტებმა? ასევე საინტერესოა დასკვნები კვანძოვან ჩიყვთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. მოხდა კი დიაგნოსტიკის შემდეგ იმის გადამოწმება, როგორ გაგრძელდა მკურნალობა ან ჰიპოთირეოზის მკურნალობა როგორ წარიმართა?“

 

მარო ჩხაიძის განმარტებით, ეს არ არის უნივერსალური პროგრამა და სამომავლოდ პროგრამაში გათვალისწინებული იქნება არა მარტო გამოკვლევა, არამედ ენდოკრინოლოგთან ვიზიტიც. „374 ვიზიტი განხორციელდა პროგრამის ფარგლებში. აქ სხვადასხვა პროფილის მიხედვით ჩატარდა კვლევები, ამიტომ სამომავლოდ პროგრამის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს“.

 

შემდეგი კითხვა ორთოპედიის კუთხით დაისვა, იმაზე, თუ რამდენად ხორციელდება სასკოლო ინვენტარის შემოწმება. უნდა დაინტერესდეს თუ არა სახელმწიფო და უნდა დაიწყოს თუ არა დისკუსია სასკოლო ჩანთების წონასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ამ საკითხით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ჯერ არ დაინტერესებულა. „კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ როგორც ვიცით, არსებობს ნორმები, თუ როგორი უნდა იყოს მერხი, კლასის განათება, რამდენს უნდა იწონიდეს მოსწავლის ჩანთა და ა.შ“.

 

ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა, გიორგი კალანდაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ვეტერინარების ჩართვის საკითხი დააყენა. „როგორც ვიცით, ბევრი შემთხვევაა ცხოველებისგან გადამდები დაავადებების, მაგალითად, თურქული, ბრუცელოზი, თურქულის შემთხვევები საერთოდ დაიმალა და არ ითქვა, მაშინ როცა ხელვაჩაურში პირუტყვის 85 პროცენტი იყო დაავადებული. რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო?“

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ჯილეხის ორი შემთხვევა დააფიქსირეს, ერთი შეეხებოდა ბაზარში ნაყიდი ხორცის დამუშავებისგან დაავადებას, მეორე კი _ საკვების მიღებას. იყო ბრუცელოზის შემთხვევებიც, პირველი აუდუღებელი რძის დალევის შემდეგ დაფიქსირდა, მეორე კი _ შებოლილი თევზის მიღების შემდეგ. „ბრუცელოზის უფრო მასშტაბური გამოვლინება იყო 2010 წელს, ჩვენი ფუნქცია ამ შემთხვევაში ადამიანებზე ზედამხედველობით გამოიხატებოდა“ _ განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ყველაზე წარმატებული იმუნიზაციის პროგრამა იყო.

გადაბეჭდვის წესი