კვირის ამბები

რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას

13.12.2012 • 3305
რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას

თბილისში, სპორტის სასახლის წინ, ევანგელისტი მქადაგებლის დევით ჰეთევეის საჯარო ქადაგებისას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დარბაზის შესასვლელ კარებთან იდგნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, არ დასწრებოდნენ  უცხოელი მისიონერის ქადაგებას. ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს „ეროვნული სარწმუნოების“ დამცველებად მიიჩნევდნენ, ხალხს მოწოდებებთან ერთად წერილობით გზავნილსაც აცნობდნენ. „…ის, რაც ამ დღეებში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, არის აშკარა მაგალითი პროზელიტიზმის, ანუ მცდელობა ადამიანების ფართო მასების თავის რწმენაზე გადაბირების“ –  ეწერა მათ მიერ გავრცელებულ ტექსტებში, რომელსაც ისინი პატრიარქის გაფრთხილებას უწოდებდნენ. „განა რას გიხდიან, სულს რომ ყიდით“ – ამბობდა ერთ-ერთი მამაკაცი. „იესო უფალია, როგორც თქვენ გწამთ, ისე გვწამს ჩვენც“ – იყო პასუხი.

„პროზელიტიზმი“ ბერძნული სიტყვაა და სხვების საკუთარ რწმენაზე მოქცევისკენ სწრაფვას ნიშნავს. საერთაშორისო სამართალი კრძალავს ადამიანის რწმენაში უხეშ ჩარევას და იძულებას, რაც დანაშაულად მიიჩნევა. თუმცა დღეს ქრისტიანული ეკლესიები ამბობენ, რომ პროზელიტიზმის პრობლემა არ დგას, რადგან ადამიანები არჩევანს საკუთარი სინდისის კარნახით აკეთებენ. მართლმადიდებლური ეკლესია კი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში პროზელიტიზმის ანუ რელიგიური გადაბირების პრობლემა დგას. „ის, რომ მე სახლში ვარ, ვისვენებ და შენ მიკაკუნებ იმისთვის, რომ ღმერთზე მელაპარაკო, ეს არის პროზელიტიზმი“ -ამბობს მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი გიორგი მამალაძე, ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი. მისი აზრით, პროზელიტიზმია არსებული რელიგიის ინტერპრეტაციით სწავლებაც. გადაბირებაა, როდესაც ადამიანებს აძლევ მატერიალურს ანგარებით. მე, როგორც მოძღვარს, მაქვს ფაქტები, როდესაც ადამიანებს უთქვამთ, რომ ერთი კილო ბრინჯისა და ხორცის გამო შეიცვალეს რწმენა. იგივე ისლამური სასწავლებლები, რომლებიც ეწევიან მატერიალურ დაინტერესებას ადამიანების და გაჭირვებული ოჯახებიდან მიჰყავთ ბავშვები სასულიერო სასწავლებლებში სასწავლებლად.“

 Symbols of the Three Monotheistic Religions - Image by Sebastien Dusarmaux/Godong/Corbis

Symbols of the Three Monotheistic Religions – Image by Sebastien Dusarmaux/Godong/Corbis

დეკანოზის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია არც საჯარო ქადაგებებს მიმართავს: „ამას ჩვენ ამბიონიდან ვაკეთებთ. მაგრამ თუ გვაქვს ისეთი ქვეყნები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ტომებად ცხოვრობენ, მაგალითად, აფრიკაში, ვიყენებთ პრინციპს – „წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი“. თუმცა კათოლიკე მისიონერების მიერ ჩატარებული საჯარო ნათლობები ინდოეთსა და აფრიკაში არის პროზელიტიზმი, რადგან ისინი ადამიანებს გაუცნობიერებლად ნათლავენ“.

„ჩვენ უნდა გვეშინოდეს არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის და არა ზოგადად რწმენის გავრცელების და ღმერთის სიტყვის ქადაგების“  – ამბობს „ქართველ მუსულმანთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. მისი აზრით, ყველა რელიგიის პრინციპი პროზელიტიზმია:

„მთავარია, ადამიანის რელიგიური გრძნობები არ იქნეს ვინმეს მხრიდან ბოროტად გამოყენებული, მაგალითად, პოლიტიკური მიზნით. თუკი ასეთი რამ არსებობს, ეს არის პრობლემა, თუმცა არა მგონია რომელიმე ქვეყანა საქართველოში რელიგიური ექსპანსიით დაინტერესდეს“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, ექსპანსიის ყველაზე ეფექტური ფორმა თანამედროვე მსოფლიოში არა რელიგიური, არამედ ეკონომიკური თემაა: „დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თურქეთს შესაძლებელი ჰქონდეს ექსპანსიური ინტერესები აჭარაში, ეს დანამდვილებით არავინ იცის. მაშინ იგივე შეგვიძლია ვთქვათ რუსეთზე. თურქული ექსპანსიის დროს აჭარაში 20 მეჩეთი აიგო, საბჭოთა პერიოდში კი – 200, იმიტომ, რომ რელიგიური ნიშანი პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოეყენებინათ. მთავარია, ჩვენ თვითონ არ გავაუცხოოთ სხვა აღმსარებლობის ადამიანები“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, დღეს პროზელიტიზმი, თანაც იძულებითი, დომინანტი ეკლესიის მხრიდან უფრო შესამჩნევია, ვიდრე – სხვა აღმსარებლობის მორწმუნეების: „როცა იძულებულს გხდიან, რომ გახდე მართლმადიდებელი, ეს არ არის პროზელიტიზმი? აუცილებელი არ არის თავში ჩაგარტყან, დისკრიმინირებული მდგომარეობაც იგივეა“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლებების დაცვა: „თვითონ შეგვიწყოს ხელი და ბიუჯეტიდან დაგვეხმაროს პრობლემების მოგვარებაში, მაშინ აღარ იქნება საუბარი უცხოურ შემოწირულობებზე. სულ აპელირებენ იმაზე, რომ თურქეთს აჭარიდან 12 000 სკოლადამთავრებული მიჰყავს და აფინანსებსო. ამდენი მოსწავლე საერთოდ თუ სწავლობს აჭარაში. თურქეთში მარტო მუსულმანები არ მიდიან. წელს 17 000 სტუდენტისთვის გამოაცხადა თურქეთმა სტიპენდიები და საქართველოდან 250 სტუდენტი წავიდა. მათ შორის თბილისიდან და გორიდან. იმიტომ, რომ თბილისში გაცილებით ძვირია ცხოვრებაც და სწავლაც. თეოლოგიის ფაკულტეტზე აქედან 20 სტუდენტი თუ იქნება, ყველა რელიგიურ განათლებას კი არ იღებს, ასეთი სტიპენდიები ყველა უნივერსიტეტს აქვს თურქეთში უცხოელებისთვის. აჭარელი რომ სწავლობს თურქეთში, პრობლემაა და თბილისელი რომ სწავლობს  – არა? თუკი ვინმეს აქვს შიში, რომ მრევლს დაკარგავს, ესე იგი, მას არ ჰყავს მყარი მრევლი. ვინც შეიცვალა რწმენა და მართლმადიდებლობა მიიღო, იცით რა არის მათი არგუმენტები? არა ის, რომ ქრისტიანობაში იპოვა ჭეშმარიტება, ქართველი ვარ და ამიტომ უნდა ვიყო ქრისტიანიო, მეუბნებიან“.

რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას? პროტესტანტული ეკლესიის პასტორის, ვარლამ რამიშვილის აზრით, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: „პირველი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის ფორმალური მდგომარეობა პირველ რელიგიაში. მეორე ის, რომ ადამიანი შეიძლება იცვლიდეს რელიგიას ამბიციებისა და პირადი ინტერესების გამო. როდესაც ქრისტემ ხუთი ათასი კაცი დააპურა, უთხრა მათ, თქვენ იმიტომ მომდევთ, რომ დაგაპურეთო. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს იძულება. შეიძლება დღეს აღარ კლავენ ადამიანებს მაგრამ, ისეთ მდგომარეობაში ვარდება, იძულებულია, მიატოვოს თავისი რწმენა. ის შეიძლება აღმოჩნდეს მენტალური დევნის ქვეშ. ჰაინე იყო ებრაელი, მაგრამ ლუთერანი გახდა, რომ გერმანიაში რაიმესთვის მიეღწია, რადგან ძალიან შევიწროვებულნი იყვნენ მაშინ ებრაელები. და რწმენის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს პერსონალური, გულწრფელად მიიღოს რაღაც ახალი, უფრო სულიერი, რადგან ძველ რწმენაში იმედგაცრუება ნახა“.

თამაზ ხაჯიშვილი, ქრისტიანული ეკლესია „მადლიერის“ პასტორი: „რწმენა ადამიანის სუბიექტური მდგომარეობა და არჩევანია. ადამიანს საბოლოოდ მაინც იმ კითხვაზე სურს პასუხის მიღება, რა იქნება სიცოცხლის შემდეგ. თუკი ვერ აძლევს ეკლესია ამაზე პასუხს, უნდა წავიდეს. “

თამაზ ხაჯიშვილი ეკლესიების მხრიდან ადამიანების მატერიალურ დაინტერესებას გამორიცხავს: „მეეჭვება, რომ მატერიალურის გამო ვინმე მიდიოდეს ეკლესიაში. მატერიალურს ვერც მისცემს ეკლესია, რადგან ამის რესურსი არც არსებობს. საჯარო ქადაგების უფლებას კი იესო გვაძლევს და მისი პირველი დავალებაც ეკლესიის მიმართ ეს იყო: „წადით და მოიმოწამეთ მთელი ქვეყნიერება“.

პროზელიტიზმთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზია იეჰოვას მოწმეების მისამართით ისმის, რადგან საჯარო ქადაგებების ყველაზე გამოხატულ ფორმას, კარდაკარ ქადაგებას მისდევენ. თუმცა ისინიც, როგორც სხვა კონფესიების წარმომადგენლები, მიიჩნევენ, რომ აზრის, რელიგიური შეხედულებებისა და ინფორმაციის გავრცელებაში თავისუფალნი არიან: „საჯარო ქადაგება ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა. ჩვენი ამოსავალი წერტილიც სახარების სიხარულის გადაცემაა ადამიანებისთვის“. მატერიალურ დაინტერესებას კი გამორიცხავენ: „მარადიული ცხოვრების გარდა რა უნდა შესთავაზოს ეკლესიამ ამაზე უკეთესი ადამიანებს. ისინი, ვინც ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ ჩვენ დოლარებს ვურიგებთ თურმე მორწმუნეებს და ამით ვაინტერესებთ, ყოველთვის ილაპარაკებენ, მაგრამ ადამიანი თვითონ ირჩევს, საით წავიდეს“ – ამბობს მანუჩარ ციმინტია.

„მორწმუნეების გადაბირებას არასდროს მიმართავს კათოლიკური ეკლესია. ჩვენ გვირჩევნია, მორწმუნე დარჩეს იმ ეკლესიის ერთგული, სადაც ის მოინათლა, მაგრამ ადამიანის სინდისი თავისუფალია და არჩევანს ვერ ავუკრძალავთ“ –  ამბობს გაბრიელ ბრაგანტინი, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი ბათუმში.

კათოლიკური ეკლესია ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებს. აქვს საავადმყოფოები, მოხუცთა და უსახლკაროთა თავშესაფრები და საქველმოქმედო აქციები: „1992-1994 წლებში, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, ეკლესიამ ათასობით ადამიანს აღმოუჩინა დახმარება, მაგრამ ეს იმიტომ არ კეთდება, რომ ვინმე გადავიბიროთ, არამედ იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობს“.

გაბრიელ ბრაგანტინის აზრით, დღეს მართლმადიდებლური ეკლესია უფრო მიმართავს პროზელიტიზმს, ვიდრე სხვა ეკლესიები: „თუ ხარ ნამდვილი ქართველი, უნდა იყო მართლმადიდებელი – ეს შეიძლება ჩაითვალოს მენტალურ ძალადობად. დღეს უფრო ბევრს საუბრობენ ნაციონალიზმზე, ვიდრე ადამიანის უფლებებსა და სინდისის არჩევანზე“.

საუბრობენ ქართულ ტრადიციაზე, მაგრამ რა არის საქართველოს ნამდვილი ტრადიცია? „ერთი ერი და ერთი რელიგია, თუ ის, რომ რელიგიებს შორის უნდა იყოს თანამოზიარეობა და ურთიერთგაგება?!”  –  კითხულობს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, პროზელიტიზმი პრობლემა არ არის. „ეს არის სარწმუნოების გავრცელების აქტიური ფორმა, რაც ყველა რელიგიისთვის დამახასიათებელია. რელიგია და კონფესია არ არსებობს გავრცელების გარეშე. პროზელიტები ადრეულ საუკუნეებში ახალმოქცეულ ქრისტიანებს ეწოდებოდათ. თეოლოგიური თვალსაზრისით, პროზელიტიზმი ეკლესიებს შორის შეთანხმების საკითხია და როგორც ვიცი, ამ შეთანხმებას საქართველოში კათოლიკური, პროტესტანტული თუ სომხური ეკლესიები არ არღვევენ. თუმცა მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს, გადმოიბიროს არამართლმადიდებლები, როგორც მატერიალური, ასევე მენტალური თვალსაზრისით“. მინდიაშვილის შეფასებით, ამის მაგალითია პატრიარქის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ის, ვინც არ არის მართლმადიდებელი, არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მოღალატეა საკუთარი ქვეყნის: „ეს არის მენტალური ძალადობა და ანტიქრისტიანული მოვლენა. თუმცა ესეც  ადამიანის პირადი სფეროა, ან წამოეგება ამ რიტორიკას, ან გააკეთებს არჩევანს საკუთარი სურვილის მიხედვით“.

რაც შეეხება მატერიალურ დაინტერესებას, ბექა მინდიაშვილის აზრით, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ქველმოქმედება: „სკოლების ან საავადმყოფოების გახსნა არ შეიძლება ჩაითვალოს მოსყიდვად, რადგან ეს არის ეკლესიის ჩვეულებრივი საქმიანობა. პირიქით, ნებისმიერი სოციალური აქტივობა მისასალმებელია და ევროპული გამოცდილება მთლიანად ამაზეა აგებული, სადაც სოციალური სფერო ძალიან მჭიდროდ არის გადახლართული ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანებასთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: