მთავარი,მთიანი აჭარა,მოსაზრება

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება

09.10.2012 • 1636
როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება

ხშირად, როცა სტატიაზე ვმუშაობ, ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე ჩემდაუნებურად ვალაგებ ფიქრებში წინადადებებს. ამ დროს ზუსტად ვიცი, საიდან დავიწყებ ამბის მოყოლას, რითი დავასრულებ და რას დავარქმევ… ზოგჯერ ვიცი, როგორ იწყება ამბავი, ვინ არის მხარე და არ ვიცი, ვინ არის მეორე, მოპასუხე მხარე. ამ შემთხვევაში კოლეგებისა და რედაქტორის რეკომენდაციებს ვითვალისწინებ…

ორი დღის წინ, ეკატერინა ნინიძე-კორუბკინასა და მისი დის, ლუბა კორუბკინას სახლში განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებოდი. იქედან დაბრუნებულს კი პირველად არ მომინდა ამბის ფურცელზე გადატანა, არ ვიცოდი, რა დამეწერა, რა ან ვინ იყო ამ ამბავში უფრო მთავარი, ვისით დამეწყო – ადამიანებით, რომლებსაც საკუთრება კანონის სახელით წაართვეს; ადამიანებით, რომლებმაც კანონი აღასრულეს თუ იმ მუშებით, რომლებსაც ბათუმის მერია ფულს უხდიდა სახლის დაცლაში და ადგილზე ამბის გარკვევის შემდეგ უარი თქვეს ამ დაკვეთაზე, მიატოვეს იქაურობა და წავიდნენ.

ამ ამბავში პირველად დამავიწყდა, რასაც ჩემი რედაქტორები ყოველდღე მახსენებენ (ისე მგონია, რომ ამის შეხსენება სულაც არ მჭირდება), რომ ნებისმიერ ამბავში მხოლოდ ჟურნალისტი ვარ და არ უნდა ვიქცე მხარედ, რომ ჩემი აზრი და ემოცია მეორეხარისხოვანი, უფრო სწორად „არცერთხარისხოვანია“. ეკატერინა კორუბკინა-ნინიძისა და მისი დისთვის სახლის ჩამორთმევაზე ადრეც ვწერდი, მათ მამაპაპისეული სახლი და მიწის ნაკვეთი ექსპროპრიაციის კანონით, ანუ სახელმწიფოსთვის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის, ჩამოართვეს.

„მამა დამეხმარე, მამა, დედა დამეხმარე, დამეხმარე მამა, მამააა დამეხმარე, ეს არის თავისუფალი საქართველო? მოვიდეს ვარშალომიძე, მოვიდეს… დაურეკეთ ვარშალომიძეს, მომკალით, აჰა მესროლეთ, მე აქ მინდა სიკვდილი“, – მოთქვამდა სახლის კიბეზე გადმომდგარი 70 წელს გადაცილებული ალა კორუბკინა, იქვე იყო პოლიცია, ეზოში ისხდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, იქვე იყო მათი უფროსი დავით დავითაძე, იყვენენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მეზობლები…

ყველა ერთად ვუყურებდით ამ ამბავს, ვუყურებდით, როგორ გამოჰქონდათ სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორ ისროლა ერთ-ერთმა მუშამ მოხუცის წნევის აპარატი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან… ვუყურებდით, ვიღებდით კამერებით, ვიწერდით დიქტოფონებით… მეტი არაფერი შეგვეძლო… გასულ კვირას ნაციონალური არხები აგვისტოს ომის კადრებს ატრიალებდნენ, ხელისუფლებისგან ყველაზე უფრო ხშირად სიტყვა – ოკუპაცია და დაღუპულთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები ისმოდა. ტელეეკრანებიდან მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს დევნილთა უფლებებიც შეახსენეს…

ერთ-ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც ობიექტივზე ომის საზარელი ფაქტების აღბეჭდვა შეძლო, ყვებოდა, რომ ქალი, რომელიც ცეცხლში იწვოდა, მას დახმარებას სთხოვდა, ის კი ვერაფრით დაეხმარა, რადგან არ შეეძლო.

„ამ დროს ჭკუა გეკეტება და არაფერზე ფიქრობ გარდა ერთისა – ფირზე აღბეჭდო ეს ყველაფერი“ – კორუბკინების ეზოში, ასე მგონია, მეც, არაადეკვატური გავხდი, დაჟინებით ვაკვირდებოდი იქვე მსხდომ მერიის თანამშრომლებს, რომლებიც ხან დაწინაურების კურსებზე და ხან სხვა ყოფით თემებზე მშვიდად საუბრობდნენ. მინდოდა, მათი სახეები დამემახსოვრებინა, თითოეული მათგანის ფოტოზე აღბეჭდვა დავიწყე და მქონდა მოლოდინი, რომ ამის უფლებას არ მომცემდნენ, მაგრამ არა – ერთ-ერთმა გამაფრთხილა, როცა გადაღებას დააპირებ, გვითხარი და მოვემზადებითო, სხვებს კი გაეღიმათ.

„რა ქნან? ესენი მხოლოდ დავალებას ასრულებენ, სახელმწიფოა ყველაფრის თავი და თავი, კანონსაც ისე ირგებენ, როგორც უნდათ“, – მითხრა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. საკუთარ თავთან კითხვა გამიჩნდა, შევასრულებ ჩემი უფროსის ნებისმიერ დავალებას ნებისმიერ შემთხვევაში? – არა, არ შევასრულებ.

იმ საღამოს სახლი დაანგრიეს, მოხუცი ალა ნათესავებს არსად გაჰყვა და ღამე ეზოში გაათია. კიდევ ერთი ფაქტი მახსენდება – როცა სახლიდან ნივთები გამოჰქონდათ, მას არაფრისკენ გაუხედავს, ერთადერთი, რასაც თვალი გააყოლა და რისი დაბრუნებაც შემდეგ ითხოვა, ეს საკუთარი საბანი, ბალიში და თეთრეული იყო, სხვა დანარჩენი მუშებმა სატვირთო მანქანაზე აიტანეს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა „შესანახად“ წაიღეს.

მოგვიანებით კორუბკინების მხარდასაჭერად მათივე უბნის მაჟორიტარი ნუკრი დოლიძე მოვიდა. ჩვენ გვითხრა, რომ „ოჯახის გვერდითაა, რომ ქვეყანა ვითარდება და ზოგჯერ ეს მსხვერპლსაც ითხოვს“.

2010 წელი. კორუბკინების სახლის განგრევისას. სტატია „ბათუმელების” არქივიდან

გადაბეჭდვის წესი