მთიანი აჭარა

ბათუმელი ჩოგბურთელი „როლან-გაროსის“ მოგებაზე ოცნებობს

26.09.2012 • 3415
ბათუმელი ჩოგბურთელი „როლან-გაროსის“ მოგებაზე ოცნებობს

მარი ბოლქვაძე: ვარჯიში ექვსი წლის წინ ბათუმში გიორგი დიქტოპულოსთან დავიწყე. შემდეგ კი სამი წლით თბილისში გადავედი, სადაც ვიქტორ ბაქშისთან ვემზადებოდი. მოგვიანებით ისევ ბათუმში დავბრუნდი და ვარჯიშიც აქ გავაგრძელე. ზამთარში კი ორი-სამი თვით ინგლისში მივემგზავრები, სადაც ოთო ბუჩჰოლდიტთან გავდივარ წვრთნებს.

როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონი ხარ

 

 

– დიახ, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ვარ 14 წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა შორის. პირველად შარშან გავიმარჯვე, წელს კი – მეორედ.

ბათუმი ლეიდის ოუფენ შენი პირველი საერთაშორისო ტურნირია?

 

 

– ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში ევროტურნირებზე ხშირად ვმონაწილეობ და 14 წლის ასაკის ჩოგბურთელთა შორის რეიტინგში 54-ე ადგილზე ვარ, დიდებში კი წელს პირველად ვცადე ბედი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წრეში დამარცხდი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლეილა მესხს და აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმერ ასათიანს შენთვის საქებარი სიტყვები არ დაუშურიათ

 

 

– მადლობას ვეტყვი ორივეს. რაც შეეხება ჩემ მარცხს, პაშკოვა 23 წლისაა, ასაკითაც და ფიზიკურადაც ჩემზე დიდია. მართალია, გამარჯვების შანსი მქონდა, მაგრამ აქ უკვე გამოცდილებამ ითამაშა დიდი როლი და შეხვედრა 4:6 / 5:7 დავთმე. თუმცა გული ნამდვილად არ მწყდება. კარგი გამოცდილება მივიღე. რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, მე და ბარბარე ერისთავმა პირველი წრე გავიარეთ, მაგრამ მეორეში უკრაინელ წყვილთან დავმარცხდით.

მარი, როგორც სპორტსმენს, საკუთარი თავის დადებით და უარყოფით მხარეებად რა მიგაჩნია?

 

 

– დადებითი? – ალბათ სტაბილურობა და ტექნიკა. უარყოფითზე კი… ფსიქოლოგიურად ძალიან განვიცდი თითოეულ წაგებულ ბურთს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ამაზეც ვმუშაობ და იმედია, მალე ამ ნაკლს აღმოვფხვრი.

ამჟამად რომელი ტურნირისთვის ემზადები?

 

 

– თელავში მივემგზავრები, სადაც 50-ათასიან ტურნირში (დიდები) მივიღებ მონაწილეობას. ვეცდები, იქ უკეთ ვიასპარეზო.

მისაბაძი სპორტსმენი?

 

 

– მარია შარაპოვა, ძალიან მომწონს როგორც ქალი და როგორც ჩოგბურთელი.

ოცნება?

– გავხდე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი და მოვიგო „როლან გაროსი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: