მთიანი აჭარა

სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციურ სამართალში

03.09.2012 • 2036
სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციურ სამართალში

ბათუმი ოლიმპიადის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს, რომელსაც აღნიშნულ სახელმწიფოებში წინ უსწრებდა შიდასაუნივერსიტეტო და შიდარესპუბლიკური შესარჩევი ტურები. ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სახელმწიფო წარმოდგენილია რამდენიმე სტუდენტით. საკონკურსო სტატიათა პრეზენტაციის შედეგების საფუძველზე, ჟიური გამოავლენს ყოველი სახელმწიფოდან ერთ გამარჯვებულს.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ დემატრაშვილის განცხადებით, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების რიცხვი იზრდება, თუ შარშან ხუთი სახელმწიფო იყო წარმოდგენილი, წელს შვიდია და მომავალ წელს კი იმედოვნებენ, რომ ოლიმპიადაში 15-მდე სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ გეოგრაფიით არის მნიშვნელოვანი, არამედ  იმითაც, რომ წარმოდგენილი ნაშრომების თემატიკა ძალზე აქტუალურია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი სარგებლობა როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მაღალია. ველოდებით, რომ იქნება ახალი იდეები, ინოვაციური მიდგომა იქნება განხილული“, – აღნიშნა დემეტრაშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი ოლიმპიადის კოორდინატორია საქართველოს მხრიდან. მისი შეფასებით, საქართველოს საკმაოდ სერიოზული დელეგაცია ჰყავს.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოხდეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარება,  კონსტიტუციური პრაქტიკის გაზიარება, რაც, რა თქმა უნდა, სამომავლოდ იმისი წინაპირობაა, რომ თითოეულმა ქვეყანამ სხვა ქვეყნების მაგალითზე, უფრო და უფრო დახვეწოს კონსტიტუცია თუ კანონმდებლობა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი დავითურის თემაა ,,მთავრობის სოლიდარული პასუხისმგებლობა: შედარებითი ანალიზი და 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“. დავითურის თქმით, ეს ოლიმპიადა მას დიდ გამოცდილებას აძლევს.

არზუ ჰასანოვა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და წელს უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ოლიმპიადაში.

„მე ძალიან მომეწონა ეს ოლიმპიადა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს. ჩემი პრეზენტაციის თემაა „სამართლიანი სასამართლოს უფლება“. ვფიქრობ, რომ ეს ოლიმპიადა ბევრისმომტანი იქნება“, -აღნიშნა ჰასანოვამ.

ოლიმპიადაში მონაწილეთათვის სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები დააწესეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ.

II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის მონაწილეები 5-7 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სტუდენტურ საზაფხულო სკოლაში, სადაც ლექციებს წაიკითხავენ პროფესორ-მასწავლებლები, ოლიმპიადაში მონაწილე სახელმწიფოთა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: