მთიანი აჭარა

ბათუმი და თბილისი – ყველაზე ძვირი ქალაქები საქართველოში

23.08.2012 • 2680
ბათუმი და თბილისი – ყველაზე ძვირი ქალაქები საქართველოში

 

„ბათუმელებმა“ სუპერმარკეტებისა და ბაზრის ფასები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში გამოიკვლია. თითოეულ ქალაქში შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ ორი მარკეტი (იმის გათვალისწინებით, რომ სუპერმარკეტებში არ არის იდენტური ფასები), რომელიც არ წარმოადგენს ცნობილ ბრენდს. აღმოჩნდა, რომ სუპერმარკეტებში სურსათი ყველაზე ძვირი ბათუმშია, მაშინ როცა ბაზარში ბათუმშიც დაახლოებით იგივე ფასებია, რაც საქართველოს სხვა ქალაქებში. 
თითო კილოგრამი ათი დასახელების ფართო მოხმარების პროდუქტის: ძროხის ხორცის, იმერული ყველის, პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, კარტოფილის, საზამთროს, ნესვის, ატმისა და ხმელი ლობიოს შეძენა ბათუმის სუპერმარკეტებში დაახლოებით 36 ლარი დაგიჯდებათ, მაშინ როცა, ზუგდიდში, ქუთაისში ან თელავში 30 ლარიც გეყოფათ. ხოლო, თუ თბილისის მაღაზიას მიაკითხავთ, საფულეში 32 ლარი მაინც უნდა გედოთ. ყველაზე დიდი სხვაობა ბაზრისა და სუპერმარკეტის ფასს შორის ბათუმშია და 10 ლარს შეადგენს. დანარჩენ ოთხ ქალაქში კი დაახლოებით 3 ლარი დაგეზოგებათ, თუ მარკეტის მაგივრად ბაზარში გადაწყვეტთ სურსათის შეძენას.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასახელებულ პროდუქტზე ფასები სეზონის მიხედვით იცვლება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, Gეორგიან Bუსინესს Iნსიგჰტ-ის ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე ბათუმის მარკეტებში არსებულ სიძვირეს ტურისტული სეზონით ხსნის.

„ტურისტული სეზონის დროს პროდუქტი ყოველთვის ძვირია. ზოგადად, აჭარაში ფასები უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, იმიტომ, რომ ხალხის დიდი ნაკადი განაპირობებს მაღალ მოთხოვნას და, შესაბამისად, მაღალ ფასებს. თან წელს უამინდობაა და გარკვეულწილად ესეც განაპირობებს ხილსა და ბოსტნეულზე შედარებით მაღალ ფასს“ – აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

 

 

ბათუმის შემდეგ მარკეტებში ფასები ყველაზე მაღალი თბილისშია, რაც ლექვინაძის აზრით, ნორმალურია, რადგან ამ ორ ქალაქში უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე დანარჩენ სამში. მისი თქმით, თბილისი და ბათუმი შემოსავლის დონითაც ლიდერები არიან საქართველოში.
„მაგალითად, ერთ ადამიანზე საშუალო შემოსავალი თბილისში ყველაზე მაღალია საქართველოში. თბილისის მერე მოდის აჭარის რეგიონი და კონკრეტულად ბათუმი, რადგან სიდიდით მეორე ქალაქია, ეკონომიკით, თავისი აქტივობით და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი, რაც განაპირობებს მაღალ მოთხოვნას და მაღალი მოთხოვნა განაპირობებს მაღალ ფასს,“ – ამბობს ლექვინაძე. 

 

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მაღალი ფასები სურსათზე ბათუმში არახელსაყრელია ადგილობრივი დაბალშემოსავლიანი მცხოვრებლებისთვის და ასევე ტურისტებისთვისაც: „მათ უფრო ძვირი უჯდებათ დასვენება.“

 

მისი თქმით სურსათზე ფასს საქართველოში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გარე ფაქტორებიც: „ანუ ჩვენ დამოკიდებულები ვართ, რა იქნება უცხოეთის ბაზრებზე. მაგალითად, ნავთობის ფასები მოქმედებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაზე. გარე ფაქტორების გარდა, სურსათის ფასზე მოქმედებს სხვა მოვლენები, მაგალითად, რამდენად მაღალი იქნება ინფლაცია და ა.შ.“

 

 
ირაკლი ლექვინაძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა სურსათი კიდევ უფრო გაძვირდეს: „არჩევნებამდე მიმოქცევაში ბევრი ფული შედის, რომელიც საქონლით არ არის უზრუნველყოფილი და ეს ფასებზე ყოველთვის აისახება“, – აცხადებს ლექვინაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: