მთიანი აჭარა

კიბო, რომელიც წაბლს ანადგურებს

14.08.2012 • 4434
კიბო, რომელიც წაბლს ანადგურებს

ბატონო არჩილ, უკვე დადგენილია თუ არა რა იწვევს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის მასობრივ ხმობას?

 

 

თავდაპირველად გავრცელებული იყო წაბლის მენაღმე ჩრჩილი ”კამერარია ორხიდელა”(cameraria ohridella) – ეს დაავადება 2006 წელს შევნიშნეთ. შემდეგ შევისწავლეთ და გავარკვიეთ, რომ ეს არის ინოვაზიური მავნებელი ანუ ახალი შემოჭრილია, რომელიც ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან გავრცელდა. ეს არის წაბლის მენაღმე ჩრჩილი, მწერი, რომელიც, ფოთლებზე შრეებს შორის ნაღმებს აკეთებს, იკვებება პარენქიმით ან სხვა ნივთიერებით, რის შემდეგაც ფოთოლი ჯერ ყვითლდება და შემდეგ ხმება. კამერარია ორხიდელა სხვათა შორის, ძალიან ლამაზი პეპელაა.

 

კონკრეტულად რა ადგილები შეისწავლეთ და სად ფიქსირდება მენაღმე ჩრჩილი? აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო 2010 წლის ანგარიშში წაბლის ხმობის მიზეზად სულ სხვა დაავადებას ასახელებდა…

 

 საერთოდ წაბლი ხმება საქართველოში ყველგან, სადაც კი არის გავრცელებული. 2010-2011 წლებში ვიყავი აჭარაში სპეციალურად წაბლის ტყეების შესასწავლად, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე დავათვალიერეთ დაავადებული წაბლნარები და იქაც ეს მავნებელი იყო გავრცელებული, თუმცა იმ პერიოდში მათი გავრცელების არეალი ფართო არ იყო. მინდა გითხრათ, რომ ნაღმები იყო ფოთლებზე, მაგრამ იმ სიმპტომებით, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, აღმოჩნდა სხვა მავნებელი – მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი.

 

 რაც შეეხება წაბლის კიბოს?

 

 დიახ, ეს არის დაავადება, რომელიც წაბლს ანადგურებს და არამარტო საქართველოში. წაბლის კიბო ანუ ”ტრიფონექტრია პარაზიდიკა”, რომელიც შვეიცარიული პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. დაავადება წაბლს ხორვატიის, მაკედონიისა და შვეიცარიის ტყეებშიც ანადგურებს. ამ ქვეყნების მეცნიერები უკვე სამი წელია შვეიცარიის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მის გამოვლენასა და შესწავლაზე ვმუშაობთ. ექვსი მეცნიერისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც კვლევას საქართველოს ტყეებში აწარმოებენ, მე ვხელმძღვანელობ. დღევანდელი მონაცემებით, ხმობა უკვე 50 პროცენტს აღწევს. ისე კი, საქართველოში წაბლის ტყეების 116 ათასი ჰექტარი ფიქსირდებოდა.

 

 2006 წლიდან დღემდე არ გამოიძებნა რაიმე საშუალება ამ დაავადების შესასუსტებლად?

 

პროექტი სამი წელია ამოქმედდა. ამ პერიოდში ჩვენ მოვიპოვეთ ჰიპოვირულენტური სოკო, რომელიც წაბლის კიბოს თრგუნავს ან აღარ აძლევს განვითარების საშუალებას, მას კი ზიანი არ მოაქვს. ჩვენი მიზანია, ხელოვნურად გავამრავლოთ, განვთესოთ ის ბუნებაში და სოკოს სპორების სახით გავავრცელოთ საქართველოს წაბლნარებში. ეს იქნება ბიოლოგიური ბრძოლა წაბლის დაავადების წინააღმდეგ. შემდეგ ეს სოკო, რომელიც წაბლის კიბოს უნდა შეებრძოლოს, სხვა მავნე მწერების ქარისა და ფრინველების საშუალებით მთელს წაბლნარში გავრცელდება.

 

 რა ვადებშია ეს შესაძლებელი ?

 

პირველ რიგში, გამხმარი ხეები უნდა მოიჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებას ვერც ჰიპოვენტური სოკოთი და ვერც ვერაფრით შეაჩერებ. იმიტომ, რომ ხდება სოკოს რეზერვაცია ანუ მისი უკან დაბრუნება და ხელახლა გავრცელება. გამხმარი წაბლის ტყიდან ამოღება უკვე კანონით არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის მონაწილეობით, მათი დასკვნის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. გარემოს დაცვის სამინისტრო კი ამის შემდეგ, ამ დასკვნის საფუძველზე გასცემს ნებართვას. გამხმარი ხე რომ უნდა მოიჭრას – ეს აქსიომაა, ხეს, რომელიც ახალად დაავადებულია ვთქვათ, ერთი ტოტი აქვს დაავადებული, შეიძლება უშველო. 2013 წლის დასაწყისში მთავრდება ჩვენი პროექტი, ამის შემდეგ კი ჩვენ გავაკეთებთ საბოლოო ანგარიშს, რა უნდა გაკეთდეს. შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტროს წარვუდგენთ.

 

 

წაბლის მასიური ხმობა ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს პირადად მისწერეს და მეტი ყურადღების გამოჩენა სთხოვეს. ეს წერილი 2010 წლის 1 ივნისით თარიღდება. ამავე წელს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის დაავადების შესახებ ინფორმაცია აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მუშაობის ანგარიშშიც მოხვდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: