მთიანი აჭარა

მოხუცი უფუნქციოდ არ უნდა დარჩეს

14.08.2012 • 2906
მოხუცი უფუნქციოდ არ უნდა დარჩეს
  • ქალბატონო ტატიანა, რაზეა დამოკიდებული ჯანმრთელი დაბერება? 

ჯანმრთელი დაბერება დამოკიდებულია როგორც გენეტიკაზე, ასევე პირობებზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. რაც უფრო კარგ პირობებში იცხოვრებს ხანდაზმული ადამიანი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს. გენეტიკას აქვს მნიშვნელობა – ეს უდავოა, ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამ თემაზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ჯანმრთელი დაბერება ნიშნავს, რომ მოხუცი ადამიანი არის აქტიური, შეუძლია იმავე ფუნქციის შერულება, რასაც ასრულებდა თავისი სიცოცხლის მანძილზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უნდა უხაროდეს სიცოცხლე. მოხუც ადამიანს ხშირად რამდენიმე პათოლოგია ერთდროულად აღენიშნება, ჯანმრთელი დაბერების შემთხვევაში ადამიანს არ უნდა აწუხებდეს დაავადება ან ექვემდებარებოდეს მკურნალობას. რა თქმა უნდა ამის თქმა ადვილია, მაგრამ შესრულება – ძნელი. საერთოდ, მიაღწიო სიბერეს – უკვე ეს არის ძნელი და როდესაც ჩვენ ვითხოვთ, ეს სიბერე იყოს ჯანმრთელი, ორმაგად და სამმაგად ძნელია.

  • რა პირობები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იყოს დღეგრძელი?

პირველ რიგში, ეს არის ოჯახური პირობები და ემოციური სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება _ არ არის აუცილებელი მწვადის, ხინკლისა და სხვა გემრიელი, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო საკვების მიღება. მთავარია, ადამიანმა მიიღოს საკვები, რომელიც ნაკლებად შეიცავს ქოლესტერინს, გლუკოზას… საკვები ძირითადად უნდა იყოს გაჯერებული ნახშირწყლებით. შაქარი და მარილი უნდა იყოს შემცირებული, მე არ ვამბობ აკრძალული. იგივე გლუკოზა საჭიროა თავის ტვინის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლისთვის, ხოლო მარილი იმისთვის, რომ მინერალურ ნივთიერებათა ცვლაში მიიღოს სწორი მონაწილეობა.

რძის პროდუქტებიდან ყველაზე სასარგებლოდ ითვლება მაწონი. იაპონელები იყვნენ დაინტერესებული ამ პროდუქტით დაახლოებით 80-იან წლებში, მიიჩნეოდა, რომ ეს პროდუქტი დღეგრძელობას უწყობს ხელს. საერთოდ საქართველო და განსაკუთრებით აჭარა, ყოველთვის იყო დღეგრძელობის კერა, ასევე აფხაზეთი და კახეთის რეგიონები.

ცხიმიანი საკვების უარყოფით გავლენაზე აღნიშნეთ, თუმცა მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს, ხშირად იყენებენ ცხიმიან საკვებს, კარაქს, ცხიმიან ხორცს და ასე შემდეგ…

ე.ი. ამ შემთხვევაში მუშაობს გენეტიკური ფაქტორი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ხელს უწყობს იმავე ცხიმების გადამუშავებას. გენეტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წამყვანი და მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა.

  •  თქვენ ახსენეთ ემოციური სტატუსი, რადენად მნიშვნელოვანია მოხუცი ადამიანისთვის იგრძნოს თავი საჭიროდ? ხშირად სწორედ მოხუცებისადმი სიყვარულის გამო ოჯახის წევრებს არ უნდათ დატვირთონ მოხუცი, უნდათ ის აარიდონ საქმეს. ასეთი დამოკიდებულება სწორია?

აუცილებელია მოხუცმა თავი იგრძნოს საჭიროდ. მოხუცებული ადამიანი იმას კი არ ფიქრობს, რომ მას არ აწუხებენ, ის ფიქრობს, რომ აღარ არის საჭირო და არ უნდათ, რომ მან რამე გააკეთოს. ყველაზე მძიმე ეს არის. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც პენსიაში დროზე ადრე გაუშვეს. ის თავს უფუნქციოდ გრძნობს, ძალიან ხშირად ემართება დეპრესია, ინფარქტი… და ეს ყველაფერი ემართება მოხუცსაც, რომელიც დარჩა უფუნქციოდ. შეიძლება მოხუცს უბრალოდ აზრი ჰკითხო და ამით მაინც აგრძნობინო თავი საჭიროდ. საქართველო ამით ფასობდა ყოველთვის, ოთხი თაობა ცხოვრობდა ერთ ოჯახში, დიდი მომხრე ვარ, რომ ეს ტრადიცია არ მოიშალოს ჩვენთან.

რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამართული ჯანდაცვის სისტემა? იაპონიაში, ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვის ზრდას სწორედ ამას უკავშირებენ…

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პრევენცია, დროულად გამოვლენილი დაავადების შემთხვევაში მკურნალობა არის უფრო ადვილი _ ეს ფაქტია. დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში ისე ხდება, რომ ძირითადად დახმარება ეწევა ურგენტულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, ანუ როდესაც გამწვავებულია დაავადება,

და რაც მთავარია – მოხუცებულობა არ არის დაავადება, ეს არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. დღეს, მაგალითად, გავსინჯე 88 წლის ადამიანი, რომ შეხედავთ, გეგონებათ 58 წლისაა. იმიტომ, რომ უვლის თავს. პირველად სტაციონარში შემოვიდა რამდენიმე დაავდებით, ორწლიანი მკურნალობის შედეგად და ოჯახის ხელშეწყობით, მივიღეთ შესანიშნავი შედეგი, ამ ასაკშიც შეიძლება ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა და მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

  • ზოგადად, ქალაქში უფრო დღეგრძელი ხალხი ცხოვრობს თუ სოფელში?

სამწუხაროდ არ ტარდება კვლევები, რომელიც ამის ზუსტად თქმის საშუალებას მოგვცემს. ერთი მხრივ სოფელში ის არის კარგი, რომ ნატურალური პროდუქტია და სუფთა ჰაერი, რაც ქალაქში არ გვაქვს, თუმცა ქალაქსაც აქვს თავისი პლუსები. როდესაც მოწყობილ კომუნალურ ბინაში ცხოვრობს მოხუცი, სადაც თბილი წყალი, ზამთარში გათბობაა – ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს მოხუცი, ქალაქსა თუ სოფელში, საქართველოსა თუ ახალ ზელანდიაში, მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, უნდა გრძნობდეს მათ სიყვარულსა და ყურადღებას.

  •  სად ცხოვრობს ყველაზე დღეგრძელი ხალხი?

საქართველოში – აჭარაში, მსოფლიოში – კორეასა და იაპონიაში.

  •  რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ქალები მამაკაცებზე ხანგრძლივად ცხოვრობენ?

ეს ასეა. ზოგადად მიიჩნევა, რომ მამაკაცები მავნე ჩვევების, ტრავმატიზმის გამო, ქალებზე გაცილებით ადრე იღუპებიან.  რაც შეეხება მიმდინარე წლის მოხუცების წლად გამოცხადებას, ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მიმაჩნია, რომ არა მარტო ეს წელი, ყველა წელი უნდა ეძღვნებოდეს ასაკოვან ადამიანს, რადგან უნდა გვახსოვდეს, დაბერება ელის ყველას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: