მთიანი აჭარა

”მივხვდი, რომ დიდ ფარსში ვცხოვრობ”

07.08.2012 • 1745
”მივხვდი, რომ დიდ ფარსში ვცხოვრობ”

 

ცენტრალურმა არხებმა ზუსტად იცოდნენ, როდის ჩადიოდა ბეშუმში პრეზიდენტი – ისინი თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. ჩვენ როგორც კი ჩავედით, ძალადობა ეგრევე დაიწყო… დაცვამ გასაქანი არ მოგვცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო პრეზიდენტის პირადი დაცვა. მესმის, პირად დაცვას პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით, რაღაცა აკრძალვები აქვს, შეიძლება ვერ მოზომოს და ხელი გაგკრას, მაგრამ ჩვენ გადაღებას გვიკრძალავდნენ, გვავიწროებდნენ გაუგებარი ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ არიან ”თანამშრომლები”. 

 

კადრი ვერ გადავიღე, პრეზიდენტის ვერც ერთი სინქრონი ვერ ჩავწერე – დაცვამ პრაქტიკულად გადაგვთელა. დამეკარგა მიკროფონის ლოგო, ოპერატორს ვერ ვპოულობდი. თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში ეს ძალადობად არ ჩამითვლია. მერე სიტუაცია დამშვიდდა.

 

ყველაზე უფრო მაშინ დაიძაბა სიტუაცია, როდესაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები წამოვიდნენ, ხოლო საკონცერტო მოედანთან შეკრებილ ადამიანებს გამოეყო ”მე მიყვარს საქართველოს” მაისურიანი 200-მდე ადამიანი, სულ მამაკაცები. მათ შორის ერთი იყო ქალი, რომელმაც მე დამარტყა. სამწუხაროდ, ამ ადამიანის სახე ვერ დავაფიქსირე…
შევამჩნიე, რომ ვიღაცა მე-9 არხის ჟურნალისტს უპირებდა დარტყმას. გადავწყვიტე, მივასწრებ და კამერის წინ ეს ადამიანი გაჩერდება-მეთქი. ვკითხე, რატომ ძალადობდა. მობრუნდა ეს კაცი და ჯერ ოპერატორს დაუპირა კამერის წართმევა, მერე მე მხარში მთელი ძალით ჩამარტყა. მერე ქალმა დამარტყა მართლა უმიზეზოდ, გაუგებარი იყო მოტივი. მას ავედევნე, ვინ ხარ-მეთქი და მეორედ ჩამარტყა.

 

მე იმ შემთხვევებს არ ვყვები, როცა სხვას ეჭიდავებოდნენ და მე მხვდებოდა ხელი. მართლა მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იყო ეს დარტყმები. მართალი გითხრათ, ლოგიკას, თუ რატომ აკეთებდნენ ამას, ან რას ითხოვდნენ ჩვენგან, ვერ მივხვდი.

 

ერთ შემთხვევაში ძალიან შემეშინდა – სრულიად მშვიდ სიტუაციაში, როცა ”ქართული ოცნების” ხალხმა ტერიტორია დატოვა, დავრჩით ჩვენ, ჟურნალისტები და ქართული ოცნების 15 აქტივისტი. ჩვენც წამოსასვლელად ვემზადებოდით. ამ დროს დაახლოებით 20-30 კაცი ჩამოვიდა მანქანის ირგვლივ და ხელის კვრით გვიყვიროდნენ გაეთრიეთო. ერთი მამაკაცი, რომელიც მთვრალი იყო, მე მიყვიროდა, ჯერ გამოფხიზლდი და მერე მელაპარაკეო. მერე ნათია როყვას მოუქნია ხელი. ამ მომენტში უკვე მივხვდი, რომ ჩვენ გვერჩოდნენ და იძულებული გავხდი, დამეწყო ყვირილი, – პოლიციას ვეძახდი.
პოლიცია გვიყურებდა, ეს კაცები როგორ გვდევნიდნენ. მე კი ვეძახდი, რომ დაგვხმარებოდნენ. აი, მაგ დროს მეგონა, რომ გადაგვთელავდნენ, რადგან მამაკაცები იყვნენ აბსოლუტურად უკონტროლო, ერთი კი ძალიან მთვრალი იყო. დაახლოებით მე-9 დაძახებაზე პოლიცია როგორც იქნა დაიძრა. ჩემს ოპერატორს ვთხოვე, კამერა ჩაერთო და დაგვეფიქსირებინა, სამი-ოთხი წუთის განმავლობაში როგორ ვთხოვდით პოლიციას დახმარებას, ამ ადამიანების მოშორებას, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდნენ…

 

პოლიცია როცა მოვიდა, ისინი არ გაუჩერებია, მე მეუბნებოდნენ, რომ დავმშვიდებულიყავი. მე რატომ ვიყავი დასამშვიდებელი, ვერ ვხვდები… ისინი პოლიციის თანდასწრებითაც გვკრავდნენ ხელს და გვეძახდნენ, აქედან გაეთრიეთო. მოვთხოვე პოლიციას, წრე გაეკეთებინათ ჩვენ დასაცავად. როცა რამდენჯერმე გავიმეორე ერთი და იგივე მოთხოვნა, პოლიციამ მაშინ ჩაკიდა ხელები ერთმანეთს და წრე შემოგვარტყეს. წარმოიდგინეთ ორი ოპერატორი და სამი ჟურნალისტი ეხვეწება პოლიციას, რომ დაიცვან, მერე კი ისინი წრეს გვარტყამენ, რომ არ გვცემონ, ანუ პოლიცია მოქალაქეებს არაფერს ეუბნება.

 

პოლიციელებმა იციან იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ჩვენ გვცემა, თუმცა არ დაინტერესებულან გაერკვიათ, რატომ გვერჩოდნენ ისინი. არა და მგონია, რომ ამ შემთხვევაში ავტომატურად უნდა დაწყებულიყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე. იქვე მოვითხოვეთ ჩვენება ჩამოერთვათ ჩვენთვის, არც ეს გააკეთეს.

 

არ ვიცი, რატომ მერჩოდნენ. მგონი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცანი, მაგალითად, ხელვაჩაურის მიწის კომისიის აღიარების თავმჯდომარეს ვკითხე, რა სტატუსით ესწრებოდა აქციას. ვიცანი კუდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც სხვა დროს პრეზიდენტთან ერთად მყავს ნანახი და ვკითხე, თქვენ ხომ არ ხართ მოქალაქე, რომელიც ბეშუმში ისვენებს, მაშინ რატომ ამბობთ, რომ მოქალაქეები დევნიან ”ოცნების” აქტივისტებს-მეთქი. პოლიციელებს დავსდევდი და ვეკითხებოდი, როცა ადამიანებს სცემდნენ, რატომ არ აშველებდნენ. ალბათ ამ ყველაფრის გამო გაღიზიანდნენ.

 

ამ ამბების შემდეგ ერთადერთი განცდა გამიჩნდა – ეს დასაწყისია იმ მარაზმის, რაც ბათუმში 2004 წელს ხდებოდა. მაქვს შიში, რომ შეიძლება ფიზიკურად გაგისწორდნენ. პრაქტიკულად შეუძლებელია იმუშაო ისე, რომ ზუსტად და ობიექტურად ასახო მოვლენები. დავითრგუნე არა იმიტომ, რომ ვიღაცები ჩხუბობდნენ ან ჩვენ გვერჩოდნენ. მივხვდი, რომ დიდ ფარსში ვცხოვრობთ, რადგან მართლა არ არსებობს მექანიზმი, რაც გიცავს. მივხვდი იმას, რომ ვიღაცებმა შეიძლება ისე ბრმად გადაგთელონ, წამითაც არ დაფიქრდნენ, შენც ჩვეულებრივი ადამიანი რომ ხარ, გაქვს ემოციები, შიში… საერთოდ არ სცემენ პატივს ჟურნალისტს, როგორც ადამიანს, რომელიც ნეიტრალურია.

 

მივხვდი, რომ საქართველოში ყველაფერი პოლარიზებულია და ყველაფერს ვხედავთ შავ-თეთრ ფერებში, რაც ძალიან ცუდია. ასეთი კონტრასტები როცა არის ქვეყანაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ შეტაკება შეიძლება ნებისმიერ წუთს მოხდეს.

გადაბეჭდვის წესი