მთიანი აჭარა

ჭოროხის რობინზონები

30.05.2012 • • 2096
ჭოროხის რობინზონები

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

მდინარის მოულოდნელად ადიდების გამო ჭოროხის შუაგულში ღამის გათევა ოთხ ადამიანს მოუწია. მაშინ, როცა, ისინი ე.წ „კუნძულზე“ გადავიდნენ, მდინარის კალაპოტზე წყალი არ იყო. მათივე მონაყოლით, მოგვიანებით მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ ე.წ. კუნძულზე გადასასვლელი ბუნებრივი ხიდიც დაანგრია. ნაპირზე ისინი მაშველებმა მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათზე გამოიყვანეს.

მდინარეების – აჭარისწყლისა და ჭოროხის შესართავიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ჭოროხის კალაპოტის შუაგულში, დაგროვილმა ნატანმა პატარა კუნძული შექმნა. თურქეთ-საქართველოს საზღვართან დერინერის კაშხლების ამუშავების შემდეგ, დამშრალმა კალაპოტმა ამ კუნძულზე გადასვლის საშუალება არამარტო ადამიანებს მისცა, არამედ პერიოდულად კუნძულიდან ნატანის ამოღების მიზნით იქ მძიმე ტექნიკაც შეაქვთ. დერინერის კაშხლებიდან წყლის გამოშვების შემთხვევაში კი, წყალი ორად იყოფა და კუნძული მდინარის შუაგულში ექცევა. ადგილობრივების მონათხრობით, „წლებია, რაც ეს კუნძული არსებობს. მდინარის ადიდების შემთხვევაში, პერიოდულად, მისი მცირე ნაწილი წყალს მიაქვს, თუმცა კუნძული თავის სახეს მაინც ინარჩუნებს“.
„წყალი რომ წამოვიდა მივხვდი, გზაზე გადასვლას ვეღარ შევძლებდი, მაგრამ არ შემშინებია. ჭოროხი ბევრჯერ ადიდებულა, თუმცა კუნძული მთლიანად არასოდეს წაუღია. ამიტომაც ვაკვირდებოდი და თუ წყლის დონე მოიმატებდა, იმ შემთხვევაში ვაპირებდი დარეკვას. რისკი იყო, მაგრამ რომ დამერეკა, ატყდებოდა წივილ-კივილი და ერთი ამბავი. ისე მთელი ღამე ვცავდი წყლის დონეს, თვალი არ მომიხუჭავს, იქ როგორ დავიძინებდი, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო…“ – ყვება თამაზ მოფინაძე, რომელიც „კუნძულზე“ სათევზაო ბადეების ჩასაკიდად გადავიდა. – „როცა წყალი კლებულობს, კუნძულის იქითა მხარეს, პატარა გუბეები რჩება და ამ ადგილებზე ბადეების განთავსება მინდოდა, გადასვლიდან დაახლოებით ორ საათში დერინერის კაშხლიდან წყალი გამოუშვეს. სულ რამდენიმე წამში წყლის ნაკადი იმდენად გაძლიერდა, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდა“.
კუნძულზე დარჩენილმა თამაზ მოფინაძემ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მარტო არ იყო. ბეჟან ლეონიძემ კი, რომელმაც კუნძულზე თამაზ მოფინაძეს კომპანიონობა გაუწია, გვითხრა, რომ დარაჯია, მაგრამ რას დარაჯობდა კუნძულზე, ამის დაკონკრეტება არ ისურვა.
„არ ვიცი, რას დარაჯობს იქ, მაგრამ როცა დავინახე, დავუძახე და ვანიშნე, ჩემს მხარეს გადმოსულიყო. სადაც მე ვიყავი, იქ პატარა „ბუტკა“ აღმოვაჩინე და შეგვეძლო თავი შეგვეფარებინა“.
მდინარე ჭოროხთან ახლო მდებარე სოფლებში მცხოვრებთა ინფორმაციით, იმ ღამეს კუნძულზე ღამე კიდევ ორმა ადამიანმა გაათია. ნიაზ კახაბერიძის მონათხრობით, ისინი „კუნძულზე“ ნატანს იღებდნენ. შუადღის შემდეგ კი შესვენება გადაწყვიტეს და მანქანაში დაეძინათ, როცა გაეღვიძათ, მდინარე უკვე ადიდებული იყო“.
კუნძულზე კიდევ ორი ადამიანის დარჩენის შესახებ ინფორმაცია სოფელ აჭარისწყლის თემის რწმუნებულმა რეზო ბერიძემაც დაადასტურა: „ჭოროხზე ნატანს რომ იღებენ, მათგან ორს დაეძინა მანქანაში და როცა გაეღვიძათ, წყალი უკვე ადიდებული იყო. მთელი ღამე იქ გაათიეს, დილით კი, როცა წყალი უფრო გაძლიერდა და საშიშროება შეიქმნა, მაშველები გამოვიძახეთ და გადაარჩინეს“.
მდინარიდან ოთხი ადამიანის გამოყვანის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს აჭარის სამაშველო სამსახურშიც. ამ ორი ადამიანის ვინაობა არც აჭარისწყლის რწმუნებულმა დააკონკრეტა და არც სამაშველო სამსახურში გაამხილეს.
მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთის საზღვართან დერინერის კაშხლები მუშაობს, წყალუხვი მდინარე პერიოდულად მთლიანად იკეტება, „კალაპოტზე ზოგჯერ რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღითაც, წვეთ წყალს ვერ ნახავთ. არც ის ვიცით, როდის წამოვა მდინარე, კალაპოტზე ხან საქონელი გადადის, ხან ბავშვები თამაშობენ. ეს სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის“, _ ამბობენ ჭოროხისპირა სოფლებში.
ამ საშიშროების შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელსაც წერდა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ პრობლემის მოგვარება მარტივად, სპეციალური განათების სისტემის დამონტაჟებით შეიძლებოდა. გარემოს დაცვის სამმართველოში კი გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და პრობლემა უახლოეს თვეებში მოგვარდება.
ამ მიმართულებით ჯერ არაფერი გაკეთებულა.
გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის ოლეგ ბოლქვაძის ინფორმაციით, პრობლემის მოგვარების მიზნით ჭოროხზე სპეციალური სირენა უნდა დამონტაჟდეს, რომელიც მოსახლეობას დერინერის კაშხლიდან წლის გამოშვებაზე მიანიშნებს: „ამის თაობაზე თურქეთის მხარესთან შეხვედრა გასულ კვირას გვქონდა და შემდეგ კვირაშიც ვგეგმავთ მოლაპარაკებების გაგრძელებას, ეს საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება.“

გადაბეჭდვის წესი