მთიანი აჭარა

წითელი პარასკევი ქრისტიანულ-მუსლიმურ ოჯახში

30.05.2012 • 3623
წითელი პარასკევი ქრისტიანულ-მუსლიმურ ოჯახში

წითელი პარასკევია და ოჯახის დიასახლისი, მადლენა ნაკაშიძე სააღდგომო მზადებაშია. მადლენას სტუმრად დედა შვილიშვილთან ერთად ეწვია და სამზადისში ეხმარება. ღუმელიც იმისთვის ანთია, რომ რამდენიმე კერძი ერთდროულად მომზადდეს. ქვაბში კვერცხს ხარშავს, იქვე სატოლმე მხალი და ხორციც დუღს, სახლში სასიამოვნო სუნი ტრიალებს.

როგორც დიასახლისი ამბობს, სააღდგომო მზადება ხუთშაბათს დაიწყო: „ყველა საჭირო პროდუქტი, კვერცხი, ენდრო, მოვიმარაგე. დღეს კვერცხებს ენდროთი ვღებავ, პირველ ჯერზე 30 ცალამდე შევღებავ, შემდეგ კიდევ 20-მდე, ბავშვებს კვერცხი უყვართ, შეღებილი უფრო მოსწონთ და 50 ცალს ვღებავ, ზოგჯერ მეტსაც. კერძების მზადებას დღეს დავასრულებ, ქართულ კერძებს ვაკეთებ: საცივს, ტოლმას, ხაჭაპურს ვაცხობ… სააღდგომო მთავარ ატრიბუტს, პასკას, ხვალ გამოვაცხობ. ღვინოც დაწურულია, ცოლიკაური მარანში ინახება.

ყველა დღესასწაულს სიხარულით ვხვდებით მთელი ოჯახი, მაგრამ ქრისტიანული დღესასწაულებიდან განსაკუთრებულად საშობაოდ და აღდგომისთვის ვემზადები“, – ამბობს მადლენა.

მადლენას დედამ ოჯახს საჩუქრად პასკა უკვე მოართვა, მაგიდაც გაიშალა და პასკაზე მეპატიჟებიან.

„აღდგომას ნათესავები, მეზობლები მილოცავენ, ზოგი მსტუმრობს, ზოგიც ტელეფონით მილოცავს, მეც ვულოცავ. მეზობლად ქრისტიანულ-მუსლიმანური ოჯახია, იქ გადავდივარ, ისინიც გადმოდიან, ერთმანეთთან პასკა მიგვაქვს. გარდა ამისა, პასკა ეკლესიაში და ნათესავებთან მიმაქვს.”

„გარდა ქრისტიანული დღესასწაულებისა, მუსლიმურ დღესასწაულების დროსაც მზადებაში ვართ. მევლუდს ყოველ წელს ვაკითხინებთ. როგორც მე მიხარია ქრისტიანული დღესასწაული, ისე უხარია მუსლიმს მუსლიმანური დღესასწაული. რამდენიმე წელი გავიდა რაც მოვინათლე, სოფელში სამლოცველო არ არის, სალოცავად ბათუმში, ღვთისმშობლის ტაძარში დავდივარ, ამ ტაძარში დავიწერეთ ჯვარი. მახსოვს, ერთხელ მე და დედამთილი ერთად წავედით და ეკლესიაშიც შევედი სალოცავად, დედამთილიც შემოვიდა ჩემთან ერთად. როცა გამოვედით ეკლესიიდან, მკითხა, ნეტა ცოდვა ხომ არ ჩავიდინეო“, -იხსენებს მადლენა და ტოლმისთვის მოხარშულ კომბოსტოს ფურცლებს აცლის.

მადლენას ქმარი მალხაზ ვერძაძე 35 წლისა იყო, როდესაც მოინათლა. „დედა მუსლიმია, ჩემი და და მისი ქმარიც მუსლიმურ სარწმუნოებას ემსახურებიან. ძმამ ქრისტიანი ცოლი მოიყვანა და ისიც მოინათლა. მე ქრისტიანული რელიგიისადმი რწმენა პატარაობიდანვე გამაჩნდა. ახლოს სამლოცველო არ არის, ეკლესია ქედაში, ცენტრთანაა ახლოს და სოფელ აჭარისწყალზე, ამიტომაც ხშირად ქედაში დავდივარ. რაც შეეხება სამზადისს, ცოლი ამზადებს, მე კი ვეხმარები როგორც შემიძლია, ისე. პასკა განსაკუთრებით მიყვარს“, – ამბობს მალხაზი.

მადლენას თქმით, დედამთილი ყველა სადღესასწაულო სამზადისში ეხმარება, თუმცა დღეს სახლში არ იმყოფება, სტუმრადაა წასული. მამამთილიც მუსლიმი იყო, წლების წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის სულისთვის ოჯახი ჰალვასაც ამზადებს. მადლენას თქმით, მისი ოჯახის წევრებს განსხვავებული აღმსარებლობა არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.

საუბარში მადლენას დედა, ნანული ნაკაშიძე გვერთვება, რომელიც ამბობს, რომ მუსლიმია. „ორი ბიჭი მყავს, მალხაზი და მინდია, მინდია მონათლულია, მალხაზი კი – არა. ორივე რძალი მონათლულია, მალხაზი რამაზანს იჭერს (მუსლიმური მარხვა), მისი ცოლი ქრისტიანულად ემსახურება და ქრისტიანულად მარხულობს. ოჯახში ორივე რელიგიის დღესასწაულისთვის ერთნაირად ვემზადებით, პასკაც კეთდება, კვერცხიც იღებება, ჰალვასაც ვწვავთ. 33 წელია, რაც ყველა ბაირამზე შესაწირს ვკლავთ, მევლუდს ვაკითხინებთ, მაგრამ ოჯახში განსხვავებული აღმსარებლობა პრობლემას არავის უქმნის. მთავარია, გწამდეს, ირწმუნო და ემსახურო, როგორც შეგიძლია. მე თვითონ მუსლიმანი ვარ, მარხვით იმის გამო ვერ ვმარხულობ, რომ ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, მაგრამ ისე ვემსახურები, როგორც შემიძლია“,- ამბობს ქალბატონი ნანული და თავისი რძლის მომზადებულ პასკას მთავაზობს.

ნანული ნაკაშიძის ოჯახი სოფელ მეჯინისწყალზე ცხოვრობს.

მადლენას და მალხაზის სამი შვილი ჰყავთ, ორი გოგო და ერთი ბიჭი, ყველაზე პატარა -ერეკლე სამი წლისაა, უფროსი – ელისაბედი კი მალე 6 წლის გახდება. „ელისაბედი და სესილი პატარაობაში მოვნათლე, როცა მესამე შვილი- ერეკლე შემეძინა, მსურდა პატრიარქის ნათლული ყოფილიყო. მაგრამ საყოველთაო ნათლობაში ერეკლე რომ მომენათლა, ცხოვრებისეულმა პირობებმა ხელი არ შემიწყო“, -ამბობს მადლენა.

მისაღებ ოთახში, კუთხეში ხატები და სალოცავი წიგნებია განთავსებული, „აი ეს ხატი დანიელ ლონგმა მაჩუქა“,- მიხსნის მადლენა. დანიელ ლონგი ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგია, რომელიც მახუნცეთის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის და ვერძაძეებთან ცხოვრობს. იგი მალხაზის ოჯახში რამდენიმე კვირის წინ დაბინავდა. „თვითონ კათოლიკეა, ძალიან აინტერესებდა ჩვენი რიტუალები და მზადება, ახლა თურქეთშია წასული, ვუთხარი, შეგინახავ პასკას-მეთქი”, – ამბობს მადლენა.

ოთახში კედლებზე, ფანჯარაზე, კარზე, ყველა ნივთზე ბარათია მიკრული, სადაც ინგლისურად და ქართულად წერია მათი მნიშვნელობა.

როგორც მადლენა ამბობს, მუსლიმი მეზობლები აღდგომაზე სტუმრად დადიან, მაგრამ მათთვის აღდგომა მხოლოდ პასკასთან ასოცირდება და არა – დღესასწაულთან.

ზუნდაგაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმია. ქრისტიანულად, ძირითადად, ახალგაზრდები ინათლებიან. ეკლესია ახლო სოფლებში არ არის. მეზობელ სოფელში ჯამეა, სადაც ახლო სოფლებიდან უხუცესები სალოცავად ყოველ პარასკევს, „ჯუმა დღეს“, იკრიბებიან და ლოცულობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: