სოფელი მიტოვებული სახლებითა და დათხოვნილი ჯარისკაცებით

სოფელი-მიტოვებული-სახლებ

ავტორი
: ირმა ზოიძე

[slideshow]სოფელი ჩანჩხალო შუახევის მუნიციპალიტეტშია. არ ვიცი, ვინ და როდის დაარქვა ამ რაიონს შუახევი, მაგრამ ფაქტია, რომ ზედგამოჭრილი სახელია. შეიძლება ის ჩემსავით გზააბნეული და მართლა შუა ხევს შორის დარჩენილი  ადამიანის მოგონილიც კი იყოს. სოფლის შესახებ ამბის დაწყება რამდენად ღირს საკუთარი თავგადასავლებით არ ვიცი, თუმცა ჩანჩხალოელები, ალბათ, ელიან კიდეც – მოყოლას სწორედ იმით დავიწყებ, თუ როგორ მოვხვდი სოფელში.

სოფელში შესვლა

სოფელში ტყიდან შევედი. პირველები, ვისაც ავუხსენი, რა დამემართა და რატომ შევედი სოფელში ტყიდან, მთელი საუბრის განმავლობაში სიცილისგან თავს ვერ იკავებდნენ. ნამდვილად ვერ აღვწერ ტყეში ორსაათიანი სიარულის შემდეგ, როგორ გამეხარდა ცოცხალი ადამიანის დანახვა. ტყიდან გამოსულმა ადამიანებამდე ჯერ პოლიეთინგადაფარებული ხის კონსტრუქცია დავინახე, რომელშიც თამბაქოს ფოთლებს ახმობდნენ. მერე თოკზე გაფენილი სარეცხი, ხის ნალია, სახლი და მთელი მონდომებით დავიყვირე: „არის აქ ვინმე?!“.

ყანიდან ადამიანები ჯერ ცნობისმოყვარედ მიცქერდნენ, მეორე შეძახილზე კი ჩემკენ ერთი ქალი გამოემართა. ვუთხარი, რომ მისი დანახვა ძალიან გამიხარდა, რადგან დიდი ხანია ტყეში დავდიოდი და გზას ვერ ვპოულობდი. ჩემ სასაცილო მდგომარეობას მეც კარგად ვგრძნობდი და მის მხიარულებას, რომელსაც მერე მისი მეუღლეც შეუერთდა, არ გავუღიზიანებივარ, პირიქით. მოვუყევი, როგორ გადავწყვიტე ბილიკით ავსულიყავი სოფლამდე, როგორ ავცდი სოფელს. რა დიდხანს და გამწარებით ვცდილობდი გაუვალი და ეკლიანი ადგილებიდან თავის გაღწევას. შემდეგ ვთხოვე, მათაც მოეყოლათ რამე საკუთარი ცხოვრებისა და სოფლის შესახებ.

კომანდო

2008 წლის აგვისტოს ომში წინა ხაზზე სოფელ ჩანჩხალოდან 27 კომანდოელი იბრძოდა. ერთ-ერთი მათგანი რობერტ დუმბაძეა. ის ჩემი პირველი მასპინძლის თემურ დუმბაძისა და მერი ნიჟარაძის შვილია. იგი მალე ავღანეთში მიდის, კონტრაქტი უკვე მეორედ გააგრძელა. მართალია, მას შემდეგ, რაც კომანდოში მივიდა, ანაზღაურება ორჯერ შემცირდა, მაგრამ სხვა არჩევანი ჯერ არ არის, ამიტომაც მზადაა, სანამ კონტრაქტის გაფორმება შესაძლებელია, მანამ იმუშაოს.

დასაქმების ამ ხერხს სოფლიდან ბევრმა მიმართა, ზოგიერთმა რობერტზე უფრო ადრეც, მაგრამ დღეს ისინი უმუშევრები არიან. ორწლიანი კონტრაქტის შემდეგ კომანდოში დასაქმების შესაძლებლობას უკვე სახელმწიფო ზღუდავს. როგორც სოფელში ამბობენ, ოთხწლიანი კონტრაქტის ორჯერ გაფორმების შემდეგ მათთან თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობას აღარ აგრძელებს. არავის აინტერესებს მათი გამოცდილება და დამსახურება, რომლებიც ამ ბიჭებს სხვადასხვა ბრძოლაში, მათ შორის ავღანეთში, ერაყსა თუ თავიანთ სამშობლოში მიუღიათ.

რობერტის მშობლები ჯერ შვილის დასაქმების პრობლემას არ შეუწუხებია, სხვა ჯარისკაცების მშობლები კი გულისტკივილით ყვებიან თავიანთი შვილების დამსახურების შესახებ. `თუ პატრონი არ გყავს, არავის სჭირდები. 20 ათასი კომანდოელი ჰყავდათ, კარგ ხელფასს უხდიდნენ. 800 დოლარი ჰქონდა ჩემს შვილს ხელფასი, მერე 800 ლარს აძლევდნენ. ეტყობა, გადაწყვიტეს, რომ ამდენი თანხა ჯარისკაცებს აღარ უნდა გადაუხადონ. ვერც ის გააკეთეს, ამდენი დამსახურების შემდეგ კიდევ გაუნახევრონ ხელფასი და ამიტომაც სულ დაითხოვეს. რეკლამებს აკეთებენ ტელევიზიით. ახლა უკვე გამოუცდელებს _ სპორტსმენებს და კარგი ფიზიკური მონაცემების ბიჭებს ეძახიან, რა თქმა უნდა, ნაკლები ხელფასებით~, _ ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცის მამა, რომელიც საუბარს იმ პირობით თანხმდება, რომ მის სახელს არ ვიტყვით. ჩანჩხალოდან ბიჭების ნაწილიც საკონტრაქტო საჯარო სამსახურში სწორედ ასეთი რეკლამის მოსმენის შემდეგ მოხვდა.

მეწყერი

სოფელ ჩანჩხალოს სკოლაში 25 წლის წინ 300 მოსწავლე სწავლობდა, დღეს კი 90-იც არ არის. მასობრივი მიგრაცია სოფლიდან 20 წლის წინ დაიწყო, როცა აქაურობას მეწყერმა ძალიან შეუტია. მაშინ ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობას კრედიტი შესთავაზა _ 20 ათასი მანეთი 50-წლიანი ვადით, თანხის გადახდა 5 წლის შემდეგ უნდა დაეწყოთ. გეოლოგების დასკვნით, ჩანჩხალოს პირველი უბანი საცხოვრებლად საშიში იყო და მოსახლეობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცლოდა იმ ადგილს. მაშინ ბევრმა გარისკა და თანხა აიღო. ისტორიის მასწავლებლის ნადია დუმბაძის თქმით, ამ ვალის გადახდას ბევრი ვერ შეძლებდა, სისტემა რომ არ შეცვლილიყო: `გაგვიმართლა, კუპონი შემოვიდა და მთავრობამ მოგვცა საშუალება, ვალი კუპონებით გადაგვეხადა. 20 ათასი კუპონი გადავიხადეთ ბანკში. 20 ათასი მანეთით კი ქალაქში ოროთახიან ბინას იყიდდი~.

კრედიტი სოფელში დაახლოებით 20-მა ოჯახმა აიღო. კომპენსაცია კი მთავრობამ ორ თუ სამ ოჯახზე გასცა. იმის მიუხედავად, რომ კომპენსაცია მათ არ მიუღიათ, კრედიტორებს პროტესტი აღარ გამოუთქვამთ, რადგან თანხა, რომელიც ხელისუფლებამ ვალად მისცა, საბოლოოდ ჩამოაწერეს. სწორედ ამ პერიოდში დაიცალა სოფლის დიდი ნაწილი.

მეწყერსაშიშ ზონაში კვლავ ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც კრედიტის აღება მაშინ ვერ გარისკეს და ვერც კომპენსაცია მიიღეს ხელისუფლებისგან. თემურ დუმბაძე და მერი ნიჟარაძე (ჩემი პირველი მასპინძლები) სახლს, რომელსაც მოძრავი მიწა პერიოდულად არყევს, შეძლებისდაგვარად ასწორებენ. თემურ დუმბაძე: `სახლის პირველი სართულის ნაწილი ქვის იყო და ხით შევცვალე, ქვა დაიბზარა და დიდი რისკი იყო, თავზე დაგვეშლებოდა ყველაფერი. მერი ნიჟარაძე: `წვიმის დროს, ღამე როცა გვძინავს, სახლს ტკაცუნი გააქვს. არ ვიცი, როდის ჩამოგვენგრევა სახლი თავზე, მაგრამ ამ ყოფას უკვე შევეჩვიეთ~.

ისინი სოფელში პერსპექტივას ვერ ხედავენ, მაგრამ აქედან წასვლაც ძალიან უძნელდებათ. მიწა ყოველ წელს ნელ-ნელა მიიწევს დაღმა. ოჯახისთავი ამბობს, რომ სულ რაღაც 15 წელიწადში აქ სოფელი აღარ იქნება და ამიტომ რაიმეს კაპიტალურად კეთებას აზრი არ აქვს. ამ პერსპექტივის მიუხედავად, ოჯახი მუხლჩაუხრელად შრომობს. სხვა მეურნეობასთან ერთად თემურ დუმბაძეს  თამბაქო მოჰყავს, წლის განმავლობაში 150 კილოგრამი, აშრობს, აჭრევინებს და პერიოდულად, როცა თანხა დასჭირდებათ, ოზურგეთის ბაზარზე თავად ყიდის. ამბობს, რომ გურიაში ჯერ კიდევ მოთხოვნადია თუთუნი.

სოფლის ღირსშესანიშნაობა

ჩანჩხალოელები ამაყობენ ექვსსაუკუნოვანი ორი უთხოვარის ხით, რომელთაგან ერთი ჯერაც იძლევა ნაყოფს. ადგილობრივების თქმით, ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, დიმიტრი ბაქრაძეს თავის ნარკვევში მათი სოფელიც აქვს ნახსენები და ეს ორი უთხოვარიც, რომელსაც ადგილობრივები რატომღაც `მადას~ ეძახიან.

ჩანჩხალოელები სტუმრების გაკვირვებას ბუნებრივი მაცივრითაც ცდილობენ, რომელიც სოფლის თავში, კლდეშია. გამოქვაბულში მუდმივად ერთი ტემპერატურაა, იქ ყოველთვის ძალიან ცივა. ადემ დარჩიძე: `ბავშვობაში ავდიოდით ხოლმე და შუა ზაფხულში ყინულებს ვიღებდით იქედან~.

ფიზიკის მასწავლებელმა გურამ დუმბაძემ კი, რომელსაც კლდესთან ახლოს აქვს სახლი, მისი პრაქტიკული გამოყენებაც გადაწყვიტა. ღრმულს რკინის კარი შეაბა და საკუჭნაო გააკეთა. ის ამაყად გვიღებს `საკუჭნაოს~ კარს, რომელიც ზამთრისთვის დაკონსერვებული კომპოტებით, საწებლებითა და სხვა ქილებით არის სავსე. გამოქვაბულში ტემპერატურა მინუს 7 გრადუსია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სოფლის თავში ციხის ნანგრევია, სადაც ახლა ჯვარია აღმართული.

დასაქმება და კაცი მთავრობიდან

გურამ დუმბაძე მომავალი თაობის მდგომარეობით წუხს: `ამ სოფლიდან 67 ბიჭი იყო წასული თურქეთში სამუშაოდ. ნუთუ არ შეიძლება ეს ახალგაზრდები აქ აკეთებდნენ საქმეს? ამას წინათ ერთ ნაცნობ ჩინოვნიკს მივაკითხე ბათუმში და ამ პრობლემაზე შევჩივლე, მითხრა, კიდევ კარგი, თურქეთი მაინც არის და ხალხი საქმდებაო. თქვენი შვილი რატომ არ დადის თურქეთში, ჩემს შვილზე მეტი ღონე აქვს-მეთქი _ ვუთხარი. განრისხებულმა შემომხედა და `ხომ არ გავიწყდება, ვის კაბინეტში ხარო~.

მასწავლებელი წუხს იმაზეც, რომ სკოლის უნიკალურ და მდიდარ ბიბლიოთეკას მომხმარებელი არ ჰყავს. მას არ მოსწონს დიასახლისების უმრავლესობა სერიალით რომ ერთობა.

მასპინძელი

სოფელში ასვლამდე საკმაოდ დიდი დრო დავკარგე. ბათუმში დაბრუნებას იმავე დღეს ვფიქრობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ არათუ სოფლიდან, ცენტრალური მაგისტრალიდანაც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. ადგილობრივები მასპინძლობას მთავაზობენ, არჩევანი ძალიან დიდი იყო. ჩემს პირველ მასპინძელს, თემურ დუმბაძეს, შევპირდი კიდეც, თუ დარჩენას გადავწყვეტ თქვენთან დავრჩები-მეთქი. სოფელში ბევრი სიარულის შემდეგ კი ჩემი საბოლოო მასპინძელი ჯემალ დიასამიძეა.

ჯემალი შუახევის რაიონის საკრებულოს დეპუტატია. საკუთარ სოფელს ოჯახთან ერთად დაახლოებით 10 წელია დაუბრუნდა. პროფესიით მათემატიკოსი მანამდე ბათუმის უნივერსიტეტსა და გონიოს კოოპერაციულ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა. სოფელში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა წინაპრების მიერ დატოვებული სახლი ახლით შეეცვალა და გვერდით, გემოვნებიანი მანსარდი ააშენა. ახალმოსახლეობა შარშან იზეიმა, ის აქ მეუღლესთან, მაგული ქათამაძესთან, ორ შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. ძველი სახლი უკვე სამუზეუმო ექსპონატია და მუზეუმის თანამშრომლები მის წაღებასაც კი აპირებდნენ, მეპატრონეებს სახლი შიგნიდან რომ არ გაეღებათ.

მირზა

მირზა 12 წლისაა, ჩემი მასპინძლის შვილია. სოფელი უყვარს. მართალია, მამის დავალებით, მაგრამ მთლად ძალდატანებითაც არა, იგი მეგზურობას მიწევს. სოფლის შუკებში სიარულის დროს ის მიხსნის, რომელი სახლია დაკეტილი, მიყვება ვის რა შემოსავალი აქვს: `ამ სახლში თუთუნი მოჰყავთ და ყიდიან. წელს თუთუნი კილო 20 ლარი ღირდა, წინა წლებში კი 4 ლარად ყიდდნენ… ჩვენმა მეზობელმა კამეჩი გაყიდა 1200 ლარად, მისმა შვილმა კომპიუტერი იყიდა… ეს კაცი კაკალს ყიდის. კარგად იყიდება… ამ მოსახლემ კი წელს ორი მოსავალი აიღო პირველად კარტოფილის, ახალი კარტოფილი კილო 2 ლარი ღირდა, ახლა სიმინდს აიღებს და გაყიდის…~

მირზამ იცის, სოფელში რამდენი კომპიუტერია. ამბობს, რომ 15 კომპიუტერიდან სამი მე-12-კლასელებმა თურქეთში მუშაობით შეიძინეს. მან სოფლის მოსახლეობის არა მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობები იცის. სოფლის სიამაყე, ექვსსაუკუნოვანი ხეებიც პირველად მან მაჩვენა. მომიყვა, სოფელი რატომ არის მეწყერსაშიში ზონა, თურმე სოფლის ქვემოთ მდინარეები გადის, ამის შესახებ გეოლოგებს უთქვამთ და მან უფროსებისგან გაიგო. მირზა სკოლას რომ დაამთავრებს, უნდა იურისტი გამოვიდეს. პროფესიის მიღების შემდეგ ისევ სოფელში დაბრუნებას და მამის მსგავსად რაიონში მუშაობას გეგმავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

netgazeti.ge