მთიანი აჭარა

მკვლელობა აჭარის სოფელში – სახელების გარეშე

30.05.2012 • • 1609
მკვლელობა აჭარის სოფელში – სახელების გარეშე

მკვლელობის ადგილი

ავტორი:ნინო ყიფშიძე
2011 წლის 3 დეკემბერს, ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. მოქალაქე X-მა მეორე დღესვე დანაშაული აღიარა. იგი ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა მოკლულ 46 წლის Y-თან. მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ქალი, რომლის არასასურველ ორსულობას მხარეები დანაშაულის ჩადენის მიზეზად ასახელებენ და რომელიც დაზარალებულისა და მკვლელის ოჯახის წევრია (ამიერიდან მოხსენიებული როგორც ქალი X).

სოფელში მსგავსი სისასტიკის მკვლელობას ვერ იხსენებენ. თემის გამგებელი ამბობს, რომ კრიმინალის შემთხვევებისა და სისხლის სამართლებრივი დანაშაულის რიცხვი მთელ თემში დაბალია. თემი სამი სოფლისგან შედგება. აქედან სოფელი, სადაც მკვლელობა მოხდა, კომლთა რაოდენობით ყველაზე დიდია (1164 კომლი). სულ თემში 6350 ადამიანი ცხოვრობს.

ადგილი, სადაც დამნაშავისა და დაზარალებულის ოჯახები სახლობენ, ცენტრიდან დაშორებულია. იქ მოსახვედრად ცენტრიდან ფეხით მინიმუმ ნახევარი საათის სავალი გზაა, ძირითადად აღმართი.

ბათუმის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ქალი X ჯერ საბუღალტრო კურსებს ეუფლებოდა, შემდეგ კი – თურქულ ენას. ამ მიზეზით მას კვირაში სამჯერ ბათუმში ჩამოსვლა უწევდა, სადაც ხშირად ნათესავების, კერძოდ კი მოკლულის დის ოჯახში ჩერდებოდა. მოკლულის და იხსენებს, რომ წვიმიანი ამინდის დროს ქალი X ქალაქში მთელი კვირის განმავლობაშიც ჩერდებოდა.

პირველ დეკემბერს ქალმა X-მა ბავშვი გააჩინა. მოკლულის დის ინფორმაციით, მშობიარობა ქალი X-ის ოჯახში, სახლის პირობებში დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ორსულს სისხლდენა აუტყდა, ის ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი X-ის ოჯახის წევრი, ბიძა ამბობს, რომ ორსულს მშობიარობამდე ორჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ერთხელ თაგვის საწამლავი დალია, მეორედ კი – წნევის დამწევი მედიკამენტები. ბიძის თქმით, მშობიარობის პროცესი სწორედ ამ ორმა ფაქტმა დააჩქარა, რის შედეგადაც ბავშვი დღენაკლული დაიბადა.

ბრალდებულის ოჯახში ათი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის არიან ქალი X, მისი მამა – ბრალდებული, დედა, ძმა, ქალი X-ის ბიძა, ძმა, ბაბუა და ა.შ. სახლი ორსართულიანია. მისაღებ ოთახში შეშის ღუმელი დგას და დღისით ყველა მის გარშემო თბება. დიდი ოჯახია.

ქალი X-ის ბიძა მკვლელობის მიზეზად ქალ X-სა და მოკლულს შორის სქესობრივ კავშირს და ამ კავშირის შედეგს – ბავშვის გაჩენას ასახელებს. გაზეთ „ბათუმელებს“ ქალი X სახლში არ დახვდა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ის ნათესავებთან იმყოფება, ხოლო სამყოფელ ადგილს არ ასახელებენ. ამიტომ „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა ინფორმაცია პირველწყაროსგან მიეღო. ბიძამისი ამბობს, რომ მოკლულმა დანაშაული ჩაიდინა – ქალი ფიზიკურად შეურაცხყო, იძალადა მასზე: „უღირსმა სულმა ძალადობა გამოიყენა და ჩემმა ძმამ აგებინა პასუხი. ჩემს ძმას დაწერილი კანონის წინაშე არ ვამართლებ, მაგრამ ადამიანური მორალის წინაშე ის გამართლებულია. მომცემოდა საშუალება, მეც იმავეს გავაკეთებდი“.

მოკლულმა მართლაც რომ იძალადა თავის ბიძაშვილ ქალზე და რომ ბავშვის მამაც იგია, ოჯახის წევრების თქმით, მხოლოდ ქალი X-ის ნაამბობია. სამშობიარო სახლში ქალი X-ის მოსავლელად მყოფი მისი ორი ნათესავი ქალი აცხადებს, რომ მკვლელობამდე მოკლული ქობულეთში იმყოფებოდა და ცდილობდა ქალები დაეთანხმებინა, რომ საქმე არ გაეხმაურებინათ. სანაცვლოდ კი მათ ბავშვის მოვლა-პატრონობას ჰპირდებოდა. აქ საქმე ისევ მონაყოლთან გვაქვს, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება ქალი X-ის ბიძის თქმით, არ არსებობს.

„ჩემთვის ერთი სიკვდილი იყო, რაც ჩემს ძმისშვილს დაემართა, მეორე კი ის, თუ ვინ იყო ამაში დამნაშავე. ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე სინდისი და ნამუსი იყო – შეუფასებელი ქონება. იმ შემთხვევაში, თუკი კაცი სხვა იქნებოდა და არა ბიძაშვილი, სხვანაირად მოვიქცეოდით. პატრონი გახდებოდა მისი ან ვაიძულებდი გამხდარიყო“, – ამბობს ბიძა.

ოჯახის წევრები არ არიან დაინტერესებული გენეტიკური ანალიზის გაკეთებასა და, შესაბამისად, იმის დადგენაში, იყო თუ არა ნამდვილად მოკლული პიროვნება ქალი X-ის შვილის მამა. ისინი ამაში დარწმუნებულები არიან.
ყველა რესპონდენტი, ვისაც გაზეთი „ბათუმელები“ ესაუბრა, თემის გამგებლის ჩათვლით, დანაშაულებრივ საქმეზე საუბრისას მოკლულის ბრალეულობის საკითხს ეხება. ოღონდ „ბრალეულობაზე“ საუბარი არა იმის დადგენის მცდელობაა, იძალადა თუ არა მამაკაცმა ქალზე, არამედ იმის გარკვევა, იყო თუ არა მოკლული ბავშვის მამა. სხვა სიტყვებით, მორალური განხილვის საგანი არა ძალადობრივი აქტი, არამედ მამობის და სქესობრივი კავშირის საკითხია, განურჩევლად იმისა, წარმოადგენდა თუ არა ეს კავშირი სისასტიკის აქტს.

ასევე, როდესაც ქალი X-ის მხრიდან ბავშვის მამად მოკლული პიროვნების დასახელების ფაქტს იხსენებენ, რესპონდენტები ხშირად ხმარობენ სიტყვას „დააბრალა“. ამ დროს მსჯელობა მორალური კატეგორიებიდან და იმ პატრიარქალური მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალს თუ მამაკაცს წარმოაჩენს, როგორც ძალადობის ობიექტს. მოძალადის როლში კი ამ დროს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი, არამედ თავად სოფელი, თემი, ნათესავებისა და მეზობლების ჯგუფია. ისინი იმ კოლექტიურ მექანიზმს წარმოადგენენ, რომელიც ადამიანის ბედს და მისი ცხოვრების წესს განსაზღვრავს, რომელიც წყვეტს, თუ ვინ უნდა ითამაშოს მსხვერპლის როლი, ვინ უნდა გაირიყოს საზოგადოებიდან, ვისგან არის ძალადობის აქტი გამართლებული, ვისგან არა და რა შემთხვევაში.

ქალი X იძულებულია, ორსულობის აქტი დამალოს, ხოლო შემდეგ ბავშვის მამობა ვინმეს „დააბრალოს“, თავი იმართლოს ოჯახისა და ნათესავების წინაშე, უარი თქვას დედობაზე, ატაროს მსხვერპლის სტიგმა და აიტანოს გაკიცხვა თანასოფლელებისგან, რომლებიც მის საქციელს მოიხსენიებენ როგორ უღირს ქმედებას. ქალი X არის ადამიანი, რომელიც იმ მორალური მექანიზმების ფარგლებში მოქმედებს, რომელსაც მას გარემომცველი ტრადიციული და კონსერვატორული საზოგადოება ახვევს თავს, რომლის ნაწილიც და რომლის მიერ დადგენილი კანონების აღმასრულებელიც თავად არის.

ამასობაში ახალშობილი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის. მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ქალი X-ის ბიძა აცხადებს, რომ ოჯახს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, დაიტოვებს თუ ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარებს ახალშობილს. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ახალშობილის მკურნალობის პროცესი დასრულდება.
18 დღის ჩვილი, ჯერჯერობით, სიცოცხლეს ებრძვის, რომელსაც უფროსებმა დაბადებიდანვე სკეპტიკურად შეხედეს და რომელთაც ვერ გაურკვევიათ, არის თუ არა ის მათი ყურადღების, მოვლისა და პატრონობის ღირსი.

ქალი X-ის ბიძა აცხადებს, რომ ბავშვის დატოვება-არდატოვების საქმეში მონაწილეობას დედაც მიიღებს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ქალს თავისუფლად მოქმედების საშუალება მანამდე ჰქონია, როდესაც ის იძულებული იყო, ემოქმედა არა საკუთარი სურვილის, არამედ ოჯახის პრინციპებიდან გამომდინარე, ძნელია იმის დაჯერება, იქნება თუ არა მომავალში მისი აზრი მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებისთვის.

ამასობაში ქალი X-ის მამას, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. პირველი მოსმენა სასამართლოში 2012 წლის 27 იანვარს გაიმართება.

p.s. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ახალშობილი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი