მთიანი აჭარა

ბობოყვათი საბჭოთა წარსულის ჩრდილში

30.05.2012 • • 3621
ბობოყვათი საბჭოთა წარსულის ჩრდილში

ავტორი:ირმა ზოიძე

ბობოყვათის სხვადასხვა თაობა ამ სოფლით ერთნაირად ამაყობს. უფროსები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა ეს კუთხე ერთ-ერთი მოწინავე იყო რაიონში. ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ ამ ადგილს სახელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუთქვა.
“გადადექიო რომ უთხრა შევარდნაძეს, იმის მერე განცხადება ბობოყვათის რეზიდენციიდან გააკეთა და მთელმა მსოფლიომ გაიგო ბობოყვათის შესახებ”, _ ამბობს მერაბ დავითაძე.

ყველაფერი, რაც ბობოყვათს და, საერთოდ, ქობულეთელებს უკავშირდება, პირდაპირ გადის იმ მცენარეზე, რომელმაც ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ცხოვრების წესი და ხასიათი ჩამოაყალიბა. “მანდარინობაზე ატვეჩაი ვარო”, მხოლოდ ქობულეთელს შეეძლო ეთქვა და ამ პირობის შესრულების შიში არც მას ჰქონდა, ვინც პასუხისმგებლობას იღებდა და არც იმას, ვისაც ამას ეუბნებოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში.

წყობასთან ერთად ბობოყვათლების გეგმები “მანდარინობასთან” დაკავშირებით შეიცვალა. დღეს ბობოყვათლები, ისე როგორც დანარჩენი ქობულეთი, ელოდება სეზონს, მაინც კრეფს მანდარინს და მის რეალიზაციასაც ახერხებს, თუმცა რთულად. იქ, სადაც მანამდე 30 ტონა იკრიფებოდა, გლეხი ახლა მხოლოდ 10 ტონას თუ კრეფს.

ნუნუ გოგოლიშვილი: “უწინ მანდარინის ბაღში გავლა ჭირდა, ტოტები დახუნძლული იყო ნაყოფით, ახლა ქვედა ტოტები მოაჭრა ხეს გლეხმა. დაბალზე რაც მოდის, პატარაა და არ საღდება. ტყუილად შრომობ, დროს და ენერგიას ხარჯავ. ამით, რა თქმა უნდა, მოსავალიც შემცირდა”.

გლეხები ნაყოფის დაკრეფას არ ჩქარობენ. “კლიენტს” არა მარტო კარგი ზომის, არამედ კარგად შეფერადებული ციტრუსი სჭირდება. კრეფის სეზონი ბობოყვათელების ვარაუდით, დაახლოებით 20 დღეში დაიწყება. რაც შეეხება მის რეალიზაციას, თუ სულ რაღაც 20 წლის წინ ბობოყვათელების დიდ ნაწილს თავად გაჰქონდა რუსეთში მანდარინი, ბოლო პერიოდში მოლოდინის რეჟიმში არიან.

დავით კირჩხელი ერთ-ერთია იმ ბობოყვათელთაგან, რომელიც საკუთარი მანდარინის რეალიზაციაზე თავად ზრუნავდა, ამისთვის სატვირთო მანქანაც კი შეიძინა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ტრანსპორტს სხვა დანიშნულებით იყენებს: “აღარ ღირს მანდარინის გატანა. 30 ტონას ველოდები, მაგრამ წაღება რომ მოვინდომო, ისე ძვირი დამიჯდება, მირჩევნია აქვე გავყიდო. საბაჟო გადასახადებია დიდი. თან ტვირთის წონაც შეზღუდულია, ცოტა მეტი რომ წაიღო თუ არ დაგიჭირეს, აუცილებლად დაგაჯარიმებენ. ჯობს სახლში იყო და ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთო, მოგებაზე აღარ არის ლაპარაკი”.

დავითის დედა, დოდო მიქელაძეც ასე ფიქრობს: “შავი პური ჭამო და მშვიდად იყო ჯობს”. დავითი იმ პერიოდს იხსენებს, როცა რისკის ფასად, მაგრამ ახერხებდა რუსეთის ბაზარზე გასვლას: “სამხრეთ ოსეთში 90-იანი წლების დასაწყისში საშიში იყო წასვლა, მაგრამ ადგილობრივ კაცს ფულს მისცემდი და ოსეთს გაგატარებდა. იქ აზერბაიჯანელებს ვაძლევდი მანდარინს და უკან ვბრუნდებოდი”.

ბობოყვათელების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსული ბაზრის გარეშე მანდარინს ფასი არ ექნება. დაბრუნდება თუ არა ეს ბაზარი არავინ იცის, ამის მიუხედავად მანდარინის სხვა კულტურით ჩანაცვლებას მაინც არავინ აპირებს.
ნუნუ გოგოლიშვილი: “შეგიძლია ასეთი სათაურიც კი გაუკეთო სტატიას, ქობულეთლებს ისევ მანდარინის იმედი აქვთ. `აბა სხვაი რა? თხილი შეიძლება მოიყვანო მარა, დიდი ადგილი უნდა. ისევ მანდარინი ჯობს”, _ ეთანხმება ბიცოლას ტარიელ გოგოლიშვილიც.

წარსული მდუმარედ და ულაპარაკოდ

ქობულეთელებს “ძველი დიდების” შესახებ საუბარი არ უყვართ. შთაბეჭდილება გექმნება, რომ გაბუტულები არიან. სულიკო კირჩხელი მხოლოდ მას შემდეგ მოდის საუბრის ხასიათზე, რაც ქობულეთლებზე არსებული სტერეოტიპები გავუხსენე.
_ ქობულეთლებზე ხუმრობენ “სახლი თრამეტი-ცხრამეტზე პაწაიაო”…
_ არა, გურულს უთქვამს, ქობულეთლებს სახლები აქვთ ამ მსხლიდან იმ ვაშლამდეო, მეტრებშიც აღარ ანგარიშობდნენ.
გახალისებულმა მოხუცმა წარსულიც გაიხსენა: “ყველას მისი ბაღი ჰქონდა. აქაურები კოლმეურნეობაშიც მუშაობდნენ. საარსებოდ ეს თანხაც საკმარისი იყო, რომელსაც ჯამაგირის სახით იღებდნენ. საკარმიდამოდან გაყიდული ციტრუსის ფული, ძირითადად, ფუფუნების საგნებში იხარჯებოდა. სახლს აშენებდნენ, მანქანას ყიდულობდნენ, დასასვენებლად დადიოდნენ, ნაწილს ბანკში ინახავდნენ, მაგრამ ამ ფულს რა ბედიც ეწია ყველამ კარგად იცით”.

ბობოყვათში მართლაც ბევრი კოხტა სახლია, რამდენიმე მათგანი სოციალისტური წყობის სახლის პირობაზე დიდია. ასეთ სახლებს თავზე “კრემლის ვარსკვლავი” ამშვენებდა. ვარსკვლავი ამშვენებს დავით კირჩხელის სახლსაც. მისი დამზადება მცირე თანხა არ ჯდებოდა, მაგრამ ადამიანები მზად იყვნენ ფული გადაეხადათ ვარსკვლავში, რადგან ეს კეთილდღეობის ერთგვარი დემონსტრირება იყო.
სახლების გარდა ძველი ცხოვრების ნიშანი აქ საბჭოთა მანქანებია _ გაზ-24-ები, გაზ-31-ები, ჟიგულები და შედარებით ახალი ნივები.
კოლმეურნეობა, ფაბრიკები და კულტურის სახლი ბობოყვათში
უფროსი თაობა იმ პერიოდს იხსენებს, როცა სამუშაო კაცდღე ქობულეთის ყველა სოფელში 2 მანეთი, მათ სოფელში კი 3 მანეთი ღირდა. ბობოყვათელები იმითაც ამაყობენ, რომ მათთან 18 სოციალისტური შრომის გმირი ცხოვრობდა.
თოფან მახარაძე: “სოციალისტური შრომის გმირობას ასე ადვილად კი არ მოგანიჭებდნენ, ერთ ადამიანს სეზონზე მინიმუმ 15 ტონა ჩაი უნდა მოეკრიფა ეს სახელი რომ მინიჭებოდა. მოსკოვში აძლევდნენ ჯილდოს, ჩვენ კი არ ვანიჭებდით”. სოფლის ცენტრში, ყოფილ კულტურის სახლში, რომელიც საბჭოთა კავშირის 50 წლისთავთან დაკავშირებით აშენდა, მუზეუმიც გაიხსნა, სადაც დამსახურებული ბობოყვათელების პორტრეტები იყო გამოფენილი. წყობის ცვლასთან ერთად შრომის გმირების ფოტოები ისევ ოჯახებმა დაიბრუნეს. კულტურის სახლი დიდი შენობაა, მარტო იმის თქმა, რომ აქ 300 ადამიანზე გათვალისწინებული კინოდარბაზი იყო, მის მასშტაბებზე წარმოდგენას ქმნის.
სოფლის ცენტრში დღესაც იკრიბებიან ადამიანები, თუმცა მაშინ თურმე კინოდარბაზში ტევა არ იყო. ადგილები არ იყო სოფლის საავადმყოფოშიც, სადაც 25 კაცზე სტაციონარი მუშაობდა. ბობოყვათელები ექიმების პროფესიონალიზმითაც კმაყოფილები იყვნენ.
თოფან მახარაძე: “დიდებული ექიმები იყვნენ. აქ რომ დიაგნოზს დაგისვამდნენ, იმავეს გეტყოდნენ მოსკოვშიც. ერთი ბერძენი ექიმი გვყავდა, კარგი კაცი, გვარად მურადოვი. ქვეყანა რომ აირია, საბერძნეთში წავიდა”.

ჩაიზე მეტად ქობულეთში ციტრუსი ფასობდა. ბობოყვათელების ვარაუდით, ციტრუსი აჭარაში მასობრივად გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა, თუმცა ტარიელ გოგოლიშვილის ოჯახში ახლაც ხარობს ხე, რომელიც გადმოცემით მისმა დიდმა ბაბუამ 100 წლის წინ დარგო. ამ ოჯახს დაახლოებით 30 ტონიანი ბაღი აქვს. მანდარინის ბაღის საშუალო ასაკი 30-40 წელია. ამ პერიოდში მანდარინის ხე ყველაზე უფრო მსხმოიარე ხდება.

იყო დრო, როცა ეგრეთ წოდებული “ენესიც” კი (მცირე ზომის ნაყოფი) გაუსაღებელი არ რჩებოდა. ციტრუსის ფაბრიკა მუშაობდა ბობოყვათშიც. აქვე იყო ციტრუსის შემფუთავი ქარხანა. წყობის შეცვლის შემდეგ, სახელმწიფო ქონება უპატრონოდ დარჩა და გაპარტახდა, რამდენიმე წელია ციტრუსკომბინატის ადგილას პრეზიდენტმა სააკაშვილის ოფიციალურად ორჯერ “ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკა” გახსნა.
იქ ადგილობრივი ქალები დასაქმდნენ. როგორც აქაურები ამბობენ, სამუშაო ძალიან მძიმეა, ანაზღაურება კი მცირე, თუმცა ბოლო დროს ჯამაგირი გაორმაგებულა და ახლა უკვე 200 ლარსაც იღებენ.
ბობოყვათელები ცდილობენ კულტურის სახლის სახურავი მაინც გაარემონტონ. სოფლის დახმარების პროგრამით სახურავის ნაწილი შეცვალეს, ის ნაწილი, სადაც სოფლის რწმუნებული და მის სამი თანამშრომელი ზის. უფროსი სპეციალისტი ავთანდილ გოგიტიძე ამბობს, რომ მალე მთლიანად გადახურავენ შენობას და სასახლის ფუნქციონირების აღდგენის პერსპექტივაც გაჩნდება.

გადაბეჭდვის წესი