ტრენინგი ტოლერანტობაზე მოსწავლეებისთვის ქედაში

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტოლერანტობს თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

ბათუმის მასწავლებელთა სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერმა,  თამარ ჯანელიძემ, ქედელ მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვლებობაზე ესაუბრა. ტრენინგი დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

„სწავლებას,  ინფორმირებულობასა და მოსწავლეების ჩართულობას ტრენინგკურსებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ რა არის კარგი, რა არის ზოგადად ტოლერანტობა, როგორები უნდა ვიყოთ. მე არ ვამბობ, რომ ჩვენს წარსულს, კულტურას პატივი არ უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავებული კულტურის, ეთნიკური ღირებულებებისა თუ რელიგიური უმცირესობების პატივისცემა.  ზოგადად, ჩვენი სამოქალაქო განათლება დაბალია, სამოქალაქო განათლებაში პედაგოგები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ, ტოლერანტობა შეიძლება ვასწავლოთ ბაღის ასაკიდან, ჯერ კიდევ თამაშ-თამაშით. ტრენინგები კი საბაზო საფეხურიდან არაფორმალურ გარემოში შესაძლებელია ჩატარდეს,  საზოგადოება სტერეოტიპებისგან ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გათავისუფლდეს,“ – თქვა თამარ ჯანელიძემ.

ლევან თებიძე, პირველი მაისის საჯარო სკოლის მე – 12 კლასის მოსწავლე:

„საინტერესო ტრენინგი იყო, ვისაუბრეთ განსხვავებულობაზე, ჩემთვის, როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლისთვის,  ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე საჯარო საუბრები, მსგავსი ტრენინგები სკოლაშიც ხშირად ტარდება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი