მთავარი,სიახლეები

ორსართულიან მატარებლებს „საქართველოს რკინიგზა“ 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს

16.05.2016 • 1764
ორსართულიან მატარებლებს „საქართველოს რკინიგზა“ 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს

„საქართველოს რკინიგზა“ ოთხ ორსართულიან ელექტრომეტარებელს გამარტივებული შესყიდვის წესით, კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ უკვე მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება „Stadler Bussnang AG“-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით, 45 188 920 აშშ დოლარის ფარგლებში.

შესყიდვის დაფინანსების წყაროდ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ,  საჭიროების განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სესხიც შემდეგი ძირითადი პირობების გათვალისწინებით: სესხის ოდენობა – საქონლის ღირებულების არაუმეტეს 85%;  სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  – არაუმეტეს 6%; სესხის ვადა –  არანაკლებ 10 წელი და  ამასთან, სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია სს „საქართველოს რკინიგზისათვის“,  ამგვარი საჭიროების შემთხვევაში  [მათ შორის, შესყიდულ საქონელზე გირავნობის უფლების გამოყენებით].

იმის შესახებ, რომ 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარიული მატარებლები მოემსახურება – საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის 22 აპრილს განაცხადა.

როგორც მაშინ „ბათუმელებთან“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, მატარებელი სავარაუდოდ ივლისიდან იმოძრავებს და მგზავრების გაზრდილ ნაკადს მოემსახურება. მისივე თქმით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.

გადაბეჭდვის წესი