რეკლამა

“საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის” – თინათინ ხიდაშელი

31.07.2016 • 1449
“საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის” – თინათინ ხიდაშელი

„პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს ოპერაციებში, არამედ, იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის, სწორედ, ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებთან და ინსტრუქტორებთან ერთად სრულიად საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი ყველა დანაყოფი ამ პროგრამის საშუალებით პრინციპულად ახალი სწავლების რეჟიმზე გადავიყვანოთ, ახალი ტიპის აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით, როგორიც ქართულ ჯარს აქამდე არასდროს ჰქონია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

20 ივლისს აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პენტაგონში შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვა და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყება იყო.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მხარეებმა მომავალი სამი წლის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე იმსჯელეს, რომელსაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განახორციელებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ქართული ჯარისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს არ იქნება მხოლოდ ქვედანაყოფების მომზადება, საუბარია თავდაცვის სისტემაში ყველა მიმართულებით ინსტიტუციურ ცვლილებებზე – პირადი შემადგენლობიდან დაწყებული ლოგისტიკური საკითხებითა და რესურსების მართვით დამთავრებული. ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას, რომ შეიარაღებული ძალები უფრო მაღალ დონეზე მოვამზადოთ, ავამაღლოთ მზადყოფნა და ქვედანაყოფების შესაძლებლობა, აწარმოონ თავდაცვითი ოპერაციები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

ახალი პროგრამის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და ქართულ მხარესთან ერთად აღნიშნული პროგრამის განხორციელების გეგმაზე მუშაობას დაიწყებს. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებების შესრულება მომავალი წლიდან დაიწყება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან გაფორმებული ახალი მემორანდუმის განხორციელების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად განსხვავებული ციკლი, რომელსაც ამერიკელებთან ვიწყებთ, რაც შეიძლება სწრაფად, დეტალურად გაიწეროს, რათა 2017 წლის დასაწყისიდან მისი განხორციელება შესაძლებელი გახდეს. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ უფრო ფართო თემებზე ვისაუბრეთ. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებები. სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი, მისი მანდატი გაცილებით უფრო ფართოა. საუბარია ტერორიზმის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ სტატუსზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ვარშავის სამიტის მონაპოვარით და ქართულ-ამერიკული თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი მემორანდუმით შეიარაღებულები ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დისკუსიების შემდეგ მოვახერხებთ, შემოდგომაზე უკვე გეგმები საბოლოოდ გაიწეროს და 1-ლი იანვრიდან ახალი პროექტების განხორციელება დავიწყოთ“.

ფგბფგბფშიგნით

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი